გივის ,,ბაბლი“ ერთმოქმედებიანი მონოპიესა
სცენაზე დგას საწოლი, სამეული, დაბალი "ჟურნალის" მაგიდა და ორფრთიანი კარადა. საწოლში წითელი ატლასის ღამის პერანგში გამოწყობილი გასაბერი ქალი წევს. სავარძელში, საწოლისკენ ზურგშექცევით, ორმოც წელს მიტანებული გივი ზის და გაზეთს კითხულობს.
- რაო, რას მეუბნებოდი? არ გაწვიმდებაო? არ გაწვიმდება კი არადა, კოკისპირულადაც წვიმს, ჩემო ბატონო... დიახ, როგორც ინგლისელები იტყვიან, It rains cats and dogs.
გივი გაზეთს გვერდზე დებს, ჭიქაში ვისკის ისხამს, ყინულს იყრის და სვამს. სიამოვნებისგან კვნესის და მთელი ტანით გასაბერი ქალისკენ ბრუნდება.
- გოგო, სულ დამავიწყდა მეთქვა, მაღაზიაში რომ ვიყავი ჩასული, ჩვენი მეზობელი ლამარა ხომ იცი? ჰო, მეცხრე სართულზე რომ ცხოვრობს, ეგ შემხვდა და ახალი ამბავი მახარა, ლიფტი ვერ გაკეთდებაო. ძრავა დაეწვა და აღდგენას აღარ ექვემდებარებაო, მაშ?! და რადგან კორპუსი ჯერ ჩაბარებული არ არის, მერია ვერ დაგვეხმარება და მთელი ხარჯიც ჩვენ უნდა გავწიოთო. გესმის შენ? ოჯახზე 100 დოლარი უნდა დავდოთო. და არ გაინტერესებს, მე რა ვუპასუხე? სულ გადაირია საწყალი... აი, ამას დავდებ-მეთქი...
გივი გასაბერ ქალს სამი თითის კომბინაციას აჩვენებს და ხარხარებს.
- აი, ამას დავდებ-მეთქი, გესმის... მე, ჩემო ბატონო, მეოთხე სართულზე ვცხოვრობ და სულაც არ მჭირდება ეგ თქვენი ლიფტი და ფეხითაც მშვენივრად ავცუნცულდ-ჩამოვცუნცულდები ამ ჩემს ბინაში-მეთქი. უნდა გენახა, თვალები როგორ დაუმრგვალდა. საწყალს ლამის სულ გადმოსცვივდა ის გადმოკარკლულები.
გივი კიდევ ერთსაც მოსვამს და გაზეთს უბრუნდება.
- რა? აუ, მოდი, მაგაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ, რა. ახლა ნაღდად არ ვარ საუბრის განწყობაზე. თან ხომ ხედავ, გაზეთს ვკითხულობ. რაო? რატომ მიჭირავს თხა და გიგოსავით? ძალიანაც სწორად მიჭირავს და ძალიანაც საინტერესო სტატიას ვკითხულობ ახლო აღმოსავლეთში არსებულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაზე.
გივი ისევ მთელი ტანით საწოლისკენ ბრუნდება და ხელებს ნერვიულად იქნევს.
- კარგი, თუ შენსას არ იშლი, მოდი, მაშინ ვისაუბროთ ამ ჩვენი ურთიერთობის გაოფიციალურებაზე... მიდი, მითხარი, რა გაწუხებს და რა გტანჯავს? დიახ, სწორედაც რომ გტანჯავს, აბა, მთელი დილაა კვნესი და... ჰო, წუწუნებ და კვნესი...
გივი სავარძელს იცვლის და საწოლის მოპირდაპირედ რომელიც დგას, იმაზე ჯდება.
- აი, მომკალი და არ მესმის, რატომ ჩაიციკლე ასე ძლიერ ამ ჩემი მშობლების გაცნობაზე. ჩვენთვის ხომ მთავარი ერთად ყოფნაა? რა, არა? ისე კი, გაგაცნობ, აბა, რას ვიზამ? უბრალოდ, ვიფიქრე, ჯერ ჩვენ გავრკვეულიყავით საბოლოოდ, რას ვაპირებთ და როგორ და მერე ჩემს მშობლებსაც შევხვედროდით. კი, რა თქმა უნდა, ბიძაშვილებსაც და მთელ ნათესაობასაც გაგაცნობ. რაო? და რა გეწყინა, ვერ ვხვდები? არა, გენაცვალე, ეს შენ გაიგე ყველაფერი არასწორად... მე არ მითქვამს, რომ არ მიყვარხარ და რამეში გარკვევა მჭირდება. ეს, უბრალოდ, სიტყვას მოვაყოლე, რომ რაღაცებში უნდა გავერკვეთ-მეთქი, თორემ, რა თქმა უნდა, გეთანხმები, ჩვენ გასარკვევი არაფერი გვაქვს.
გივი ოდნავ წამოიწევა და გასაბერ ქალს ზემოდან დახედავს.
- კარგი ახლა, რა დაგემართა? რა ბავშვივით იქცევი და ყველაფერზე იბუტები. რას მეკიდები თითოეულ სიტყვაზე და გასაქანს არ მაძლევ? ხომ იცი, ხანდახან მეც წამომცდება ხოლმე რამე სისულელე და...
გივი დგება, ჭიქას იღებს, სვამს და საწოლს გვერდულად გახედავს.
- და შენ, რა, მართლა გეწყინა? მართლა გამებუტე? გადაირიე, გოგო? მსგავსი არაფერი მიგულისხმია, რომ ჩვენ ურთიერთობაში კიდევ რამე გვაქვს გასარკვევი. აბა, მაშინ შენ მითხარი, რაში უნდა მეპარებოდეს ეჭვი? გეკითხები? კარგი რა, ხომ იცი, რომ ყველაზე და ყველაფერზე მეტად სწორედ შენ მიყვარხარ და... აი, ვგიჟდები და ვირევი შენზე... აი, ახლაც რომ გიყურებ, ლამისაა მღელვარებისგან გული საგულედან ამომივარდეს. გეხვეწები, ამდენს ნუღარ მალაპარაკებ, რა.
გივი სწრაფი ნაბიჯით საწოლს უახლოვდება და გასაბერი ქალის გვერდით წვება, ეხუტება, სახეს უკოცნის და ეფერება.
- ვსიო, მორჩი ახლა ეგეთებს და შემირიგდი... მიდი, ჩამეხუტე და მომეფერე. მაკოცე... ბევრი მაკოცე... აი, თუ გინდა, დღესვე დავურეკავ დედაჩემს და ვეტყვი, რომ შაბათს ვესტუმრებით. რა, არ გჯერა? მართლა? დამაცა...
გივი დგება, მაგიდიდან მობილურს იღებს და რეკავს.
- აი, ახლა ნახავ, რასაც ვიზამ... ჰო, დედა, როგორ ხარ? მეც არა მიშავს, რა. ვარ ძველებურად... რომელ ექიმთან? კი, ვიყავი მაგ ექიმთან და იქით კვირაშიც წავალ. გადასარევად ვგრძნობ თავს. ოოო... კარგი ახლა, ნუ იცი ხოლმე ეგრე ჩაციება და ადამიანის შეწუხება, თორემ, იცოდე, გავთიშავ... კარგი... ახლა რაზე გირეკავ და შაბათს უნდა გესტუმროთ. მე და ტასოს გვინდა თქვენთან გამოსვლა. ტასო