პლატონ ანჩაბაძე ერთგვარი დილემის წინაშე აღმოჩნდა: ის ან ლალეს – თავის საცოლეს, სტამბოლში მისი დედის, ქალბატონი ზეინაბის, თიაქრის ოპერაციაზე დასასწრებად უნდა გაჰყოლოდა, ან კი კვიპროსზე, მეგობრის, ლევანის ქორწილში წასულიყო. რა თქმა უნდა, ოპერაციაზე დასწრება ერთობ ხმამაღალი ნათქვამი იყო: მას იქ, უშუალოდ ოპერაციაზე, არავინ დაასწრებდა და მისი ერთადერთი მოვალეობა მოსაცდელში ბოლთის ცემა და ლალეს მხარდაჭერა იქნებოდა, თუმცა ეს საყვარელი ადამინაისთვის ძალზე მნიშვნელოვანი საქციელი გახლდათ. მეორემხრივ კი, მისი სტუდენტობისდროინდელი მეგობარი, რომელიც უკვე წლებია, არ ენახა, ცოლს ირთავდა და მეჯვარედ გაყოლას სთხოვდა. თავიდან ამ მეჯვარეობის ამბავმა ცოტა კიდეც გააკვირვა, რადგან სტუდენტობის შემდეგ მათ ურთიერთობას მჭიდრო ნამდვილად არ ეთქმოდა. ადრე ლევანთან მართლაც მეგობრობდა და საერთოც ბევრი ჰქონდათ. წლების მანძილზე მთაში ერთად დადიოდნენ და მრავალი მწვერვალიც დაელაშქრათ, თუმცა სწავლის დამთავრების შემდეგ მათი გზები უნებურად გაიყარა. ლევანი საზღვარგარეთ გადაიხვეწა და მომავლის შენება იქ განაგრძო, ხოლო პლატონი საქართველოში დარჩა და ლაზღანდარაობისა თუ უდარდელი ყოფის მორევში თავდავიწყებით გადაეშვა. თავიდან ერთმანეთს ხშირადაც ურეკავდნენ და ერთმანეთის ამბებიც სულ ზედმიწევნით იცოდნენ, მაგრამ წლების დინებასთან ერთად მათი კავშირი ნელ-ნელა გაფერმკრთალდა, და, ბოლოს, მხოლოდ ელექტრონული ფოსტით წელიწადში რამდენჯერმე მიღებულ მისალოც ბარათამდე დავიდა. აქაც, რა თქმა უნდა, ყოველთვის ლევანი აქტიურობდა და პლატონი მის წერილებს არასდროს პასუხობდა, რადგან ისინი მხოლოდ მას კი არა, არამედ კიდევ ძალიან ბევრ ადამიანს ეკუთვნოდა. სიმართლე ითქვას, ანჩაბაძე ამაში, ყველასთან ერთდოულად გაგზავნილ მისალოც ბარათებში, ურიგოს ვერც ვერაფერს ხედავდა, თუმცა ეს მასობრივი სიყალბე და ზოგადი მილოცვები ცოტათი კიდეც აღიზიანებდა. მსგავსი დისტანციური მეგობრობის დიდად აღარ სჯეროდა და მთელ ამ პომპეზურობას, პირადად მოწერილი ორი სიტყვა – ,,იდი ნახუ” ერჩივნა. მოკლედ, მათი მეგობრობა ის აღარ იყო, რაც უწინ და ამას ალბათ ის ფაქტიც განაპირობებდა, რომ ლევანი საზღვარგარეთ გადახვეწის შემდეგ სამშობლოში აღარასოდეს დაბრუნებულა. ყოველივე ამის გათვალისწინებით კი, მისგან მიღებული წერილი და მეჯვარეობის თხოვნა პლატონისთვის მართლაც გასაკვირი ამბავი აღმოჩნდა. მეტიც, მან ახლა დაზუსტებით ისიც კი არ იცოდა, ამჟამად ლევანი სად ცხოვრობდა, რას საქმიანობდა და საერთოდ, რითი სუნთქავდა.
პლატონი ახლაც კომპიუტერის წინ იჯდა და ერთი თვის წინ ლევანისგან მიღებულ წერილს ათვალიერებდა. ეს წერილი გამომგზავნისთვის ფრიად მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული რომ გახლდათ, ამას ისიც ადასტურებდა, რომ პირადად ანჩაბაძისთვის იყო გამოგზავნილი და არა მასთან ერთად მთელი დანარჩენი მსოფლიოსთვის. ,,სალამი, ძმაო პლატონ...” ასე იწყებოდა მოსაწვევი ბარათი, რომელსაც ბევრ გულებთან და ღიმილაკებთან ერთად ნეფე-პატარძლის სურათიც ერთოდა. წყვილი მართლაც ბედნიერი ჩანდა... მათი კმაყოფილი ღიმილიც ფოტოს ჩარჩოებს სცდებოდა... ასაკი ლევანსაც შემატებოდა. მოვლილ, კოხტად დავარცხნილ თმასა და წვერ-ულვაშში ჭაღარა შეჰპარვოდა. თვალის ქვეშ პატარა აბეზარი ტომრები მასაც ჩამოჰკიდებოდა და შუბლიც ნაოჭებს უდიერად დაესერა. მოკლედ, პლატონის არ იყოს, ისიც დროს დანებებოდა და წლებს აღარ ითვლიდა... აი, მისი რჩეული კი მეტად ენერგიულად და ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. აშკარად მასზე რამდენიმე წლით, შეიძლება ათითაც კი, უმცროსი იყო და თავისი ქალური მომხიბვლელობის ზენიტშიც გახლდათ. მოსაწვევიდანვე ირკვეოდა, რომ მას ლაურა ერქვა და გვარად ხარისტიასი იყო. თავად ქორწილი კი, ნოემბრის დასაწყისში, ანუ უკვე ერთ კვირაში კვიპროსში, კერძოდ, აია-ნაპაში იმართებოდა და თან რამდენიმე დღეც გასტანდა. პლატონს ეს ყოველივე, შემოდგომის სითბო, ზღვა, მზე, ქვიშიანი სანაპირო და სადღესასწაულო ატმოსფერო ძალზე ხიბლავდა, თუმცა ლალეს სადარდებელი გასაქანს არ აძლევდა. გულის სწორს შეპარვით ისიც კი ჰკითხა, ოპერაციის ერთი კვირით გადაწევა თუა შესაძლებელიო, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო. ,,პლატონ, ეს ყველაფერი თამაში და გართობა კი არ არის... შენ როგორც გინდა, ისე მოიქეცი და მე კი დედაჩემის გვერდით უნდა ვიყო...” ლალეს ეს სიტყვები ისეთი აუტანელი პათოსით იყო განმსჭვალული, რომ კიდეც დაბურძგლა, თუმცა ვერაფერში გაამტყუნა. ,,რაღა ახლა მოინდომეს ეს დასაწვავი ოპერაცია...” თავისთვის ჩაილაპარაკა და ხმამაღლა კი სულ სხვა რამ თქვა: ,,მართალი ხარ, ძვირფასო, ჩვენ იქ უნდა ვიყოთ, თუმცა... დარწმუნებული ვარ, კვიპროსში ქორწილი ძალიან საინტერესო იქნება...”
თითქმის წელიწადი იყო გასული, რაც უკვე ერთად ცხოვრობდნენ და ფაქტობრივად ცოლ-ქმარივით იყვნენ. დიახ, მხოლოდ ,,ცოლ-ქმარივით”, რადგან ჯერჯერობით არც ჯვარი ჰქონდათ დაწერილი და არც ხელი მოწერილი. რაც მთავარია, ერთი უღლის ქვეშ მოქცევას სულაც არ ჩქარობდნენ და სხვის მოსაზრებებსაც დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ. ეს ამბავი კი, ანუ პლატონის ,,დაოჯახებასავით’’, ყველას იმდენად გაუხარდა, რომ ზედმეტი კითხვების დასმა არავის უცდია. განსაკუთრებით ანჩაბაძის მშობლებმა გაიხარეს, რადგან მათმა ვაჟიშვილმა, როგორც იქნა, პირად ცხოვრებას საშველი დააყენა და დაოჯახება გადაწყვიტა. ამ დიდსა და ნანატრ ბედნიერებაზე ხმამაღლაც კი არ საუბრობდნენ, აქაოდა, თვალი არ ეცესო. მით უმეტეს, რომ ქორწინების თანმდევ რიტუალებსა და პროცედურებს თავიდანვე ერთგვარი წინააღმდეგობები ახლდა. დიახ, აქ დასამალიც არაფერი გახლდათ და ყველამ კარგად იცოდა, რომ ლალე წარმოშობით იყო მესხი, რომლის წინაპრებიც ორმოციან წლებში საქართველოდან თურქეთში გადაასახლეს და მას შემდეგ ისინი სტამბოლში ცხოვრობდნენ. შესაბამისად, ის მუსლიმი გახლდათ, ხოლო პლატონი მართლმადიდებელი. მართალია, რელიგიურობითა და ტრადიციების ერთგულებით დიდად არც ერთი გამოირჩეოდა, თუმცა მრწამსის შეცვლა სერიოზულად არასდროს განუხილავთ. არადა, თავისთავად მოიაზრებოდა, რომ ეს ლალეს უნდა ექნა და მრწამსიც მას უნდა შეეცვალა, რადგან პლატონი გულზე დაკიდებულ პანტელეიმონ მკურნალის ხატს ვერასდროს შეელეოდა... თუმცა არც ლალე იყო ის ქალი, რომელიც მეწყვილის ნებას ასე იოლად დაჰყვებოდა და მისთვის ერთობ უმნიშვნელო საკითხსაც კი, უპრინციპოდ დათმობდა. მოკლედ, მომავალში საფიქრალი და საპაექრო მართლაც ბევრი ექნებოდათ, თუმცა ახლა თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობდნენ და არც არაფრის შეცვლას არ ჩქარობდნენ. მკაცრი ჩარჩოებისა და ვალდებულებების გარეშე, თითქოს შეყვარებულობის პერიოდს იხანგრძლივებდნენ და მგზნებარე სიყვარულიც მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო.
წყვილი ძირითადად საქართველოში ცხოვრობდა, თუმცა ხშირად ისეც მომხდარა, დაუგეგმავად სტამბოლში გაფრენილან და რაღაც პერიოდი იქ დარჩენილან. ლალეს იქ სახლიც ჰქონდა, კარიც და საქმეც. არაფერი ზღუდავდათ, რომ ასეთ თავისუფალ რიტმში ეცხოვრად და ისინიც მუდმივად მოძრაობდნენ. ლალე ქართულს გულმოდგინედ სწავლობდა და მიუხედავად სიმორცხვისა, ისტორიულად მშობლიურ ენაზე უკვე საკმაოდ თამამად საუბრობდა. პლატონიც ნელ-ნელა თურქულს ეუფლებოდა, რაშიც ხელს მარტო ლალე კი არა, არამედ ის გარემოებაც უწყობდა, რომ მან ლალეს ძმების დახმარებით ერთგვარი ბიზნესი წამოიწყო – თურქეთიდან სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალა შემოჰქონდა და საქართველოში მათ რეალიზაციას ახდენდა. ამ საქმეში დიდი მხარდაჭერა და ხელშეწყობა ჰქონდა მამისგან, დიმიტრისგანაც, რომელიც ძველი მშენებელი გახლდათ და ამ სფეროში კარგი კავშირები გააჩნდა. დიმიტრიმ ახალ საქმეში საწყისი კაპიტალიც ჩადო და შვილს დიდ სამშენებლო კომპანიებთან მისასვლელი გზაც გაუკვალა. შედეგად, დროის მცირე მონაკვეთში, ,,შპს. ანჩაბაძეები და კომპანია” ფითხისა და წებო-ცემენტის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი გახდა და დაუღალავი შრომაც დაფასდა. პლატონი ფინანსურად მოძლიერდა და საკუთარი ბიზნესის ,,ფლობამაც’’ მეტი თავდაჯერებულობა შემატა. ახლა ის უკვე თურქი პარტნიორებისთვისაც ვინმე რიგითი მუშტარი კი არა, არამედ პლატონ ,,ბეი’’ იყო. მისი საქმიანობა კი იმით დაიწყო, რომ ლალეს ძმებმა სამშენებლო მასალების მწარმოებელ ქარხნებთან პირდაპირ, შუამავლების გარეშე, დააკავშირეს და ნედლეული საკმაოდ ხელსაყრელ ფასად შეაძენინეს. დიმიტრის კავშირების წყალობით კი ამ საქონლის რეალიზაცია ყველაზე დიდსა და მსხვილ სამშენებლო კომპანიებზე მოხდა. მალე საქმიანობამ სისტემატური სახე მიიღო და ერთგვარ საოჯახო ბიზნესადაც გადაიქცა. იქითა მხარეს კურირებდნენ ლალეს ძმები, რომლებიც მწარმოებელ ქარხნებთან ურთიერთობებს არეგულირებდნენ, ხოლო აქეთ მხარეს კი იყვნენ მამა-შვილი ანჩაბაძეები, რომელთაც პროდუქციის სარფიანად გაყიდვა ევალებოდათ. მოკლედ, პლატონის ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო, სადაც მას გვერდით საყვარელი ადამიანი ჰყავდა და თან ჰქონდა საკუთარი საქმე, რომელიც დიდად არც ზღუდავდა და შემოსავლის მშვენიერ წყაროსაც წარმოადგენდა. ამასობაში, არც ლალე იყო უსაქმოდ. ის თავის მრავალწლიან ბიზნესში – ფერწერული ტილოების ყიდვა-გაყიდვაში – კვლავ აქტიურად იყო ჩართული და ახლა გამოფენა-გაყიდვებს საქართველოშიც აწყობდა. მათი სიყვარულის ისტორიაც ხომ სწორედ ფერწერას უკავშირდებოდა და ერთმანეთიც ხომ სტამბოლში მოწყობილ ერთ-ერთ ასეთ გამოფენაზე გაიცნეს?! მაშინ ანჩაბაძე მთელ ევროპაში ერთ უჩვეულო ტილოს საყიდლად დასდევდა და შედეგად, გამოფენის ორგანიზატორ ლალესთან გზა იმდენჯერ გადაიკვეთა, რომ ბოლოს კიდეც შეუყვარდა...
– ლალე, იცი, ლევანისთვის მეჯვარეობაზე უარის თქმა ძალიან მეუხერხულება და არც კი ვიცი, როგორ მოვიქცე... – პლატონმა ნოუთბუქი დახურა და ტახტზე წამოწოლილ ლალეს ფეხებთან ჩამოუჯდა. ხელი პლედის ქვეშ შეუცურა და შიშველ წვივებზე მიეალერსა.
– ვიცი, რომ ქორწილში წასვლა ძალიან გინდა და გთხოვ, მორჩი ახლა ამ ფარსს... – ლალე უსიამოდ შეიშმუშნა და მუხლები მოკეცა. – ცივი ხელები გაქვს...
– კაცო, საწყენად კი არ მითქვამს, უბრალოდ, ძალიან ძნელია ადამიანს ასეთ თხოვნაზე უარი უთხრა. მეჯვარეობა და ხელისმომკიდეობა შენ სახუმარო ამბავი ხომ არ გგონია?! ეს ჩვენთან, იცი, როგორი სერიოზული საკითხია?! მერე თავისი ბავშვების მონათვლითა და დანათესავებით მთელი ფილოსოფიაა, რა... – პლატონი მის ფერხთით წამოწვა და თავი მენჯზე დაადო. – აი, ახლა წარმოიდგინე, ჩვენ რომ ქორწილი გვექნება და შენ რომ შენს მეჯვარეს დაპატიჟებ და ის რომ უარს გეტყვის, მერე ეს როგორ მოგეწონება?! ისე თქვენთან ნათლიობის ინსტიტუტი თუ არის? ბავშვის ყოველ ნახვაზე ფულის ჩუქება და ეგეთები თუ იციან?! და თან რომ დააყოლებ, სულ რომ ორმოცი წლის იყოს, შენ მიაფსი მამაშენსო...
– მცირე, შემეშვი... შენი მასხრობის ხასიათზე არა ვარ. ზეინაბის ამბავს მართლა ძალიან განვიცდი. აბა, ერთი ჩემს ადგილზე შენი თავი წარმოიდგინე, თამრიკოს რომ ოპერაციას უკეთებდნენ, მეგობრის ქორწილზე იფიქრებდი თუ მის ჯანმრთელობაზე? – პლატონს რაღაცნაირად ესიამოვნა, როდესაც ლალემ მეტსახელი ,,მცირეთი” მიმართა, რადგან გარშემო, მის გარდა, ბავშვობიდან ყველა ამ სახელს ეძახდა და ის კი ,,მცირეთი” მხოლოდ მაშინ მოიხსენიებდა, როდესაც ძალზე სენტიმენტალურ განწყობაზე იყო.
– კარგი რა, შენ რაღა დაგემართა, ვიხუმრე. ბოლოს და ბოლოს, თიაქრის ოპერაციაა, თავის ქალის ხომ არა?! საერთოდაც, არაა ისეთი სანერვიულო, როგორც შენ განიცდი. ნუ გეშინია, ყველაფერი ძალიან კარგად ჩაივლის და მეც შენ გვერდით ვიქნები. ლევანს კი მოვუბოდიშებ, სიტუაციას ავუხსნი და შევპირდები, რომ გაზაფხულზე ვესტუმრებით. ისე, იცი, ეს კვიპროსი რა მაგარი კუნძულია? რაღაცები დავგუგლე და მივხვდი, რომ მაგრად გაგვისწორდება. საზღვაო კურორტია, რა და ეს აია-ნაპა კიდევ თავისი ულამაზესი სანაპიროებითაა განთქმული. თურმე, მაგარი კლუბებიც აქვთ და... – ლალე უეცრად ფეხზე წამოხტა, პლედი მოისროლა და გაღეღილი საღამური შეიკრა.
– როგორც ვხვდები, შენ წასვლა უკვე გადაგიწყვეტია და კიდეც დაგიგეგმავს. დარწმუნებული ვარ, სასტუმროც დაჯავშნილი და, ალბათ, თვითმფრინავის ბილეთებიც ნაყიდი გექნება. არადა, პირველივე დღეს გითხარი, რომ ჩემი წამოსვლა გამორიცხულია-მეთქი და შენ, მიუხედავად ამისა, ოცდაოთხი საათი მაინც ამ თემას დასტრიალებ. არ მესმის შენი... როგორ შეგიძლია ასეთი ეგოისტი იყო?! ტყუილად აქნევ თავს... ზუსტად ვიცი, მოგზაურობამდე როგორც გჩვევია, ახლაც ისე მოიქცეოდი. ალბათ, ახლაც კვიპროსსა და მისი ღირსშესანიშნაობებზე წინასწარ შეაგროვე ინფორმაცია და ყველაფერიც დეტალურად დაგეგმე. აი, მართლა, მადლობა, რა... ძალიან მაგარი თანადგომა გცოდნია... შენ ხარ თვალთმაქცი და... – ლალეს წარბები სულ უფრო ზევით, შუბლისკენ მიიწევდა, რაც თავისთავად ავის მომასწავებელი ამბავი იყო. პლატონს მის სრულ აფეთქებამდე ძალიან ცოტა დრო რჩებოდა და სიტუაციიდან გამოსავალიც სასწრაფოდ უნდა ეპოვნა. არადა, ის მართლაც არ ტყუოდა. აშკარად საკმაოდ კარგად იცნობდა და მისი ვარაუდი, რომ მას უკვე სასტუმროც დაჯავშნილი ჰქონდა და ავიაბილეთებიც ნაყიდი, სრულ სიმართლეს შეეფერებოდა. მეტიც, მას ლევანისთვის წერილობითი დასტურიც კი ჰქონდა გაგზავნილი და პირობა მიცემული, რომ ქორწილში აუცილებლად ჩავიდოდა და მეჯვარის მოვალეობასაც იტვირთავდა. მართლა ერთი წუთითაც კი არ დაფიქრებულა, ყოველივე ამას, რის იმედად აკეთებდა?! ნამდვილად პირველი დღიდანვე იცოდა, რომ ლალე დედას არ მიატოვებდა და მიუხედავად ოპერაციის სირთულისა, მაინც მის გვერდით იქნებოდა. წარმოუდგენელია, მაგრამ ახლაღა მიხვდა, რომ ძალზე ეგოისტურად მოიქცა, თუმცა ამის აღიარება არც უფიქრია.
– ლალე, დამშვიდდი... შენ რაღაც არასწორად გაიგე... და საერთოდ, ნუ ხარ ასეთი ფეთქებადი... მსგავსი არაფერი მიგულისხმია და მითქვამს... უბრალოდ, ხომ იცი, როგორ მიყვარს მოგზაურობა... და თანაც შენთან ერთად... და თან როგორ ვგიჟდები, როცა საღამურიდან მკერდი მოგიჩანს... უბრალოდ ფიქრს მივყევი, რა და სულ ეგაა. რაღაც უაზროდ კი გამომივიდა, მაგრამ... დაივიწყე... მოდი ჩემთან... მაიცა, ისე რა გამომივიდა უაზროდ? არც არაფერი... ნუ დამაფეთებ ხოლმე, რა, ამ შენი წამოფრენებით. ნაღდად შავ ზღვასავით ხარ, რა. თვეში სამი დღე გაქვს თბილი და მზიანი, დანარჩენი პერიოდი კი სულ ღელავ, ბობოქრობ და ხანდახან ხუთბალიან შტორმადაც გადაიქცევი ხოლმე. – ლალემ თავი შორს დაიჭირა და აღარ გაჰკარებია, თუმცა თვალებში ციცინათელები ისევ აუციაგდა. ძალიან უყვარდა, როდესაც მცირე მას ხატოვნად ზღვას ადარებდა. ეს პლატონმაც კარგად უწყოდა და ამ ხერხს ხშირადაც მიმართავდა. ეს შავი ზღვა კი რატომღაც ლალეს სუსტი წერტილი გამოდგა და ამდენ ოკეანესა თუ ზღვას შორის მაინცდამაინც განსაკუთრებით სწორედ ის შეუყვარდა. ეს გარკვეულწილად პლატონის დამსახურებაც იყო, რადგან იქ, კერძოდ კი, კვარიათში, პირველად სწორედ მან წაიყვანა, მაგრამ ქალი თუ შავ ზღვაზე ასე გადაირეოდა, ვერასდროს წარმოიდგენდა. ლალე იქაურობით იმდენად მოიხიბლა, რომ მთელი დღეები წყალში ნებივრობდა და მზეს ეფიცხებოდა. ამ ყველაფრით ტკბობა კი უსაზღვროდ შეეძლო და ჰიპოთეზაც შეიმუშავა, თითქოს ეს მისი სისხლის ყივილი იყო. მართალია, მის ისტორიულ სამშობლოს, მესხეთს, ზღვასთან საერთო არაფერი ჰქონდა, თუმცა ჩამავალი მზის შემხედვარე, თავს რატომღაც წინაპრების შესახებ ათასი დაუჯერებელი ამბის შეთხზვით ირთობდა. მაშინ აღმოჩნდებოდა ხოლმე, რომ მისი წინაპრები სამცხე-ჯავახეთში კი არა, შავი ზღვისპირეთში ცხოვრობდნენ. თურმე, კაცი მუდამ ზღვაში ნავით იყო გასული და ქალი კი მარადჟამს ნაპირზე ელოდა. მერე ის სავსე, თევზით დატვირთულ ნავს ნაპირთან მიაცურებდა და ქალიც სადილის კეთებას იწყებდა. იქვე, ნაპირზევე, თევზს ცეცხლზე წვავდა და იქვე, ნაპირზევე, მლაშე ტუჩებს უკოცნიდა... მოკლედ, შავი ზღვა ლალეს უკიდეგანო ისპირაციის თემას წარმოადგენდა და მცირემაც ეს ამბავი მშვენივრად იცოდა.
– პლატონ, მე შენი მართლა მესმის. ვხვდები, რომ შენ ძალიან გინდა, ასეთ დროს შენი მეგობრის გვერდით იყო და მართლა გეუბნები, საერთოდ არ მეწყინება, თუ შენ უჩემოდ, მარტო წახვალ. – ეს სიტყვები, ალბათ, ამ სიტუაციაში მყოფი ყველა მამაკაცისთვის ახდენილი ოცნების ტოლფასი იქნებოდა, მაგრამ პლატონმა ზუსტად იცოდა, რომ ლალე ახლა სრულიად საპირისპიროს გულისხმობდა. ანუ ის სიტყვასიტყვით ეუბნებოდა, თუ შენ იქ ჩემ გარეშე წახვალ, ამ ამბავს ცხოვრებაში არასდროს გაპატიებო.
– კარგი, როგორც შენ იტყვი. – პლატონმა სუნთქვაც კი შეიკავა, როდესაც ეს სიტყვები წარმოთქვა. მათი ურთიერთობის მანძილზე მსგავს ავანტიურაზე არასდროს წასულა.
– მცირე... და შენ... მართლა უჩემოდ წახვალ? – ლალე ასეთ პასუხს აშკარად არ მოელოდა და ძალიან დაიბნა.
– ჰო, რატომაც არა? შენ თავად არ მითხარი, არ მეწყინებაო?! განა ასეთ უსაშველოს რას ვაკეთებ, რომ გეწყინოს. სხვა გარემოებაში, ხომ იცი, ისედაც ერთად წავიდოდით და ახლა, რადგან ასე მოხდა, გამგზავრება მარტო მომიწევს. – მცირე საკუთარ თავს ვერ ცნობდა. ეს ხისტი და დაუნდობელი წინააღმდეგობა ერთგვარ სიამოვნებასაც კი ჰგვრიდა.
– შენი საქმისა შენ იცი... – ლალემ ზურგი შეაქცია, რათა თვალზე მოდგარი ცრემლი დაემალა და სამზარეულოში გავიდა. პლატონმა თავიდან იფიქრა, ახლა მივვარდები, გულში ჩავიკრავ და თვალებს დავუკოცნიო, მაგრამ, მერე რატომღაც თავი შეიკავა და ტელევიზორი ჩართო.
პლატონი უჩვეულო კმაყოფილებისა და გამარჯვების განცდამ შეიპყრო. ეს აშკარად რაღაც სიახლე იყო. ასეთი ტკივილნარევი სიამოვნება არასდროს განეცადა. არა, მართალია, ლალე მის ცხოვრებაში პირველი სიყვარული არ გახლდათ, მაგრამ ასეთი სერიოზული ურთიერთობა, ალბათ, არც არავისთან ჰქონია და წელიწადიც ერთ ჭერქვეშ არავისთან ეცხოვრა. შესაბამისად, მესაკუთრის ხისტი პოზიციით ტკბობის საშუალებაც არასდროს მისცემია და მსგავსი გრძნობაც არასდროს განეცადა. ზუსტად ხვდებოდა, რომ ახლა, როდესაც ლალეს უჭირდა და გამხნევება სჭირდებოდა, მის გვერდით უნდა ყოფილიყო, მაგრამ, რატომღაც, სწორედ ახლა გადაწყვიტა, საპირისპიროდ მოქცეულიყო. თავადაც ვერ ხვდებოდა, ასე რატომ იქცეოდა და ამით რისი თქმა სურდა? ნუთუ ისევ ვალდებულებებს გაურბოდა? ისევ თავისუფლებას ვერ ელეოდა? ნუთუ გული კვლავ სიახლისა და თავგადასავლებისკენ მიუწევდა? შეიძლება კი და შეიძლება – არც... ფაქტია, ლალე ძალიან უყვარდა, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ქორწილში წასვლა მაინც გადაეწყვიტა და აღარც უკან დახევას აპირებდა. აი, ასე, ადგა, გაჯიქდა და მთელი კვირაც ისე იქცეოდა, თითქოს მისი ეს გადაწყვეტილება ძალზე ბუნებრივი და თავისთავადი რამ ყოფილიყო. ყურადღებას აღარც ქალის ნაწყენ მზერას აქცევდა და აღარც მის სითბოს ისაკლისებდა. არც ლალე აღმოჩნდა უპრინციპო და დამყოლი. ისიც გაჯიქდა და წყენა ისე გააკერპა, მასთან ერთად სარეცელს კი არა, საუზმესაც აღარ იზიარებდა. უწინდელი იდილია ნამდვილ ბრძოლის ველად გადაიქცა. ერთწლიანმა უსიტყვო ურთიერთგაგებამ რღვევა დაიწყო და მისი ნაპრალებიდანაც ათასმა უწმინდურმა სიტყვამ გამოჟონა. დანებებასა და შერიგებას აშკარად არც ერთი არ აპირებდა. მათი არსებაც ცივი ომის პირობებმა მოიცვა და წინააღმდეგობა იქამდე მივიდა, როდესაც პლატონმა ლალე სტამბოლში გასამგზავრებლად აეროპორტამდე მიაცილა, ის ესკალატორზე ისე ავიდა, მისკენ არც კი შეტრიალებულა. კოცნას ვინ ჩიოდა, ხელიც კი არ დაუქნევია... არადა, გაფრენამდე მთელი სამი საათი ჰქონდა და მასთან ერთად ყავის სმას, მაინც მარტოობა ამჯობინა. შესაბამისად, თაიგულით ხელში არც მცირე გაჰკიდებია. თავი დანანებით გააქნია და გასაღებების ასხმის თითზე ტრიალით მანქანისკენ გასწია. სავარაუდოდ, ორივე ფიქრობდა, აი, უჩემობის ფასს მიხვდება და მუხლებში ჩამივარდებაო, თუმცა, ასე ნამდვილად კი იქნებოდა?!
პლატონი აეროპორტიდან სახლში დაბრუნდა. ბინაში შესვლისთანავე უჩვეულო სიცარიელე და სიცივე იგრძნო. ახლაღა მიხვდა, რომ იქაურობა სრულიად ლალეთი იყო გაჯერებული. თითოეული ნივთიც კი, რომელიც იქ ლალეს გამოჩენამდე ბევრად უფრო ადრე იდგა, ახლა რატომღაც მასთან ასოცირდებოდა. თითქოს მთელი სახლი სარკეს დამსგავსებოდა, რომელიც მხოლოდ ლალეს გამოსახულებას ირეკლავდა და თავად პლატონი არსად ჩანდა. მცირეს ბრაზი მოერია. ჯერ სახლზე გაბრაზდა და მერე კი საკუთარ თავზე, რომელშიც ლალესთვის ამხელა ადგილი დაეთმო. ძალიან არ მოეწონა, რომ სხვა ადამიანზე ასეთი დიდი დოზით იყო დამოკიდებული. გადაწყვიტა, ამ სენისთვის ბრძოლა გამოეცხადებინა და ლალეზე ნაკლები ეფიქრა. ნოუთბუქი ჩართო, რათა ლევანს დაკავშირებოდა და ქორწილის შესახებ დეტალები გაერკვია. განათებული ეკრანიდან კი უმალ ლალეს ღიმილი ამოცურდა. ,,ვაა... აქაც შენა ხარ...” დაბნეულმა ჩაილაპარაკა და მონიტორზე გამოსახულ ფოტოს თვალი ჩაუკრა. ზუსტად ამ დროს ტელეფონმა დაიწკარუნა. ეკრანს დახედა და იქაც ლალე იყო. უფრო სწორად, ლალეს გამოგზავნილი შეტყობინება ციმციმებდა, რაზეც მისი მორიგი ფოტო მიანიშნებდა. შეტყობინება გახსნა და ნაჩქარევად გადაიკითხა: ,,ჩვენი ერთად ყოფნა, მე მგონი, დიდი შეცდომა იყო... ნახვამდის...’’ ეს სიტყვები კი არ წაიკითხა, არამედ პირდაპირ ყურში ჩაესმა. მისი სახეც კი წარმოიდგინა, როდესაც ყოველივე ამას ამბობდა. ოდნავ დამცინავი, ქედმაღლური და საშინლად ლამაზი. პლატონს უმალ გონება აემღვრა და ლალესთან დაკავშირება სცადა. გადაურეკა, მაგრამ მიუწვდომელი აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ შეტყობინება სწორედ იმ ბოლო წამს გამოგზავნა, სანამ თვითმფრინავი აფრინდებოდა. ოჰ, ეს ყველაფერი როგორ ჰგავდა ლალეს... ეტყობა, მას უკვე საბრძოლო გეგმა შეემუშავებინა და ახლა მის სისრულეში მოყვანას იწყებდა. სრული დემორალიზებისა და ბოლო სიტყვის მოტოვების დიდოსტატი გახლდათ. პლატონმა სკაიპის აპლიკაცია გახსნა და ლევანს დაურეკა.