1 – ჰო, დედა. – პლატონი ისე დასწვდა ტელეფონს, რომ ზედ არც დაუხედავს, რადგან ზუსტად იცოდა, რომ ასე დილაადრიან, დედის გარდა, არავინ დაურეკავდა.
– როგორ ხარ, დედა? – თამრიკო, როგორც ყოველთვის, დილიდან შემართული ჩანდა. სავარაუდოდ, სანამ პლატონს ეძინა, მას უკვე ბევრი საქმეც მოემთავრებინა და, დიდი ალბათობით, მისთვის რამდენიმე საცოლეც შეერჩია.
– კარგად, დე, შენ? – პლატონმაც კარგად იცოდა დედის ხასიათი და რადგან შაბათ დილით რეკავდა, ესე იგი საღამოს სადილი იქნებოდა, რომელზეც, ვითომ შემთხვევით, ვინმე ახალგაზრდა გოგოს გააცნობდნენ. მაგალითად, ვინმეს ნათესავს, მეგობარს, თანამშრომელს და ან სულაც მეზობელს მოყოლილ მომხიბვლელ მანდილოსანს.
– გაიღვიძე? – თამრიკო აშკარად არ ჩქარობდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებდა პლატონის ეჭვს, რომ ცოლს თუ დროზე არ მოიყვანდა, ალბათ, მთელ საქართველოს მოუწევდა მისი დედის გაკეთებული ხარჩოსა და ღომის დაგემოვნება.
– კი, შენ? – არც პლატონი ჩქარობდა. აცლიდა მშობელს, რათა კიდევ ერთხელ დამტკბარიყო მისი მოხერხებულობითა და მორიგ ექსპრომტად შეთხზული ამბით. აბა, ყოველ შაბათ დღეს ახალსა და პოტენციურ საცოლესთან შეხვედრას ხომ უნდოდა შეფუთვა? უნდოდა და, რადგან პირდაპირ ვერ ეტყოდა, გადანახულება გვაქვს და მოდიო, ყოველ ჯერზე რამე ახალს იგონებდა.
– მორჩი ეხლა მასხრობას. ადექი და სასაუზმოდ ჩვენთან მოდი. დღეს მაინც ჭამე რამე ჯანსაღი და არა ის ნახევარფაბრიკატი სისაძაგლეები, რასაც ყოველდღიურად მიირთმევ. აი, დღემდე ვერ ვხვდები და ნერვები მეშლება, რა? რას გარბოდი ცალკე? ვინ რას გიშლიდა, შე მამაცხონებულო? რაც გინდოდა, გექნა და როცა გინდა, მოსულიყავი და წასულიყავი. უბრალოდ, ჩვენთან ყოფილიყავი, რა?! კარგად გაჭმევდი, მოგივლიდი, გაგიუთოვებდი და მეყოლებოდი ადამიანივით. შენ კიდევ არ ქენი. დაკარი ფეხი და გადახვედი ცალკე, თითქოს აქ მტარვალები ვყოფილიყავით. – თამრიკოს აშკარად თავდასხმითი სტრატეგია ჰქონდა არჩეული, რადგან იმედოვნებდა, რომ ასე დილის საუზმეზე თუ არა, საღამოს ვახშამზე მაინც შეძლებდა შვილის დაყოლიებას. არადა, პლატონი უკვე თითქმის ათი წელი იყო, რაც ცალკე ცხოვრობდა, მაგრამ მზრუნველი მშობელი დღემდე ვერ ეგუებოდა ამას.
– კარგი და, საღამოს რა ხდება? პირდაპირ მითხარი. აღარ გვინდა ეს მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი. – არც პლატონი იყო დამყოლი ხასიათისა, ყოველთვის ცდილობდა, ბოლომდე დაეცვა თავისი პრინციპები. ამ პრინციპთაგან ერთ-ერთი იყო, რომ ცოლი გარიგებით არ უნდა მოეყვანა. სამწუხაროდ, თამრიკოს ეს არ ესმოდა და ყოველ შაბათს მთელ საახლობლოს სრულიად უანგაროდ აჭმევდა ნაირ-ნაირ შემწვარ-მოხრაკულს. იმედს არ ჰკარგავდა, რომ იქნებ ერთ დღესაც მოსწონებოდა მის ვაჟიშვილს რომელიმე ,,სტუმარი ” და ნავსიც გაეტეხა.
– არაფერი ისეთი. დაწყნარდი. აღარავის გარიგებას აღარ გიპირებ. კისერიც გიმტვრევიათ, თქვენო აღმატებულებავ, და ისემც გიქნიათ, სიბერეში წყლის მომწოდებელიც არავინ გყოლოდეთ. მაგული ციციანოვა აპირებს გამოსვლას და მთხოვა, იქნებ პლატონიც სახლში იყოს, რაღაც საქმე მაქვს მაგასთანო. – მაგული ციციანოვა, ანუ იგივე მაგული ციციშვილი, მისი გარე მამიდა იყო. უფრო სწორედ კი, პლატონის დიდი ბაბუა, ასევე პლატონი, რომლის სახელსაც ის ატარებდა და მაგულის ბაბუა, ბატონი დუტუ, ძმები იყვნენ.
– ოჰ, არ ვიცოდი, მაგული მამიდასაც თუ ჰყავდა ვინმე ჩემი შესაფერი. არა, არა, მაგის არჩევანს მე ვერ ვენდობი. მაგათ ოჯახში ერთმანეთისადმი ისეთი მონური დამოკიდებულება აქვთ, რომელსაც რატომღაც სიყვარულს ეძახიან, რომ მაგის შერჩეული ქალი სამზარეულოდან საერთოდ არ გამოვა და ფეხს ისე მსწრაფლ დამბანს, რომ წინდის გახდასაც ვერ მოვასწრებ. – პლატონი სრულიად გამოფხიზლდა და სააბაზანოში შევიდა. ტელეფონი ხმამაღალი ლაპარაკის რეჟიმზე გადაიყვანა, სარეცხ მანქანაზე შემოდო და თვითონ კი შხაპის ქვეშ შეძვრა. წინასწარ იცოდა, რომ თამრიკო ასე საუბრის გაგრძელებას დიდხანს ვერ შეძლებდა და, სიმართლე ითქვას, მისი მიზანიც ეს იყო.
– რვაზე მოვალო და გელოდებით. ნუ ნერვიულობ, მარტო იქნება. ვის, ვის და, მაგულის ნაღდად არ სცხელა შენი საცოლეებისთვის. – ნერვიულობით კი თამრიკო უფრო ნერვიულობდა, ვიდრე პლატონი, რადგან ბოლოს თითქმის ყვიროდა და გამეტებით ცდილობდა, შხაპის ხმა გადაეფარა.
თამრიკოს ვახშმად ვაზის ფოთოლში გახვეული ტოლმა და აჯიკაში შემწვარი საქონლის ნეკნები ჰქონდა. ბატონ დიმიტრის, პლატონის მამას, სუფრაზე საკუთარი ალადასტურის ჯიშის ყურძნისაგან დაყენებული ღვინო მოეტანა და ჭიქებს ავსებდა. მაგული ციციანოვა კი ვერც ამჯერად გამკლავებოდა თავის პრობლემებს და ისე ენერგიულად ამოძრავებდა სავსე სხეულს, რომ ერთი შეხედვითაც ნათელი იყო, მისი მოუსვენრობის საბაბი კვლავ დუტუ უნდა ყოფილიყო, მისი ვაჟი, რომელსაც, ისევე როგორც პლატონს, თავისი დიდი ბაბუის სახელი ერქვა და, სიმართლე ითქვას, ღირსეულადაც ატარებდა, რადგან მისი წინაპარი