"შუშანიკი" - მოქმედი პირნიშუშანიკი - წამებული.
ვარსქენი - მწვალებელი.
იაკობი - მეგობარი.
მაღალი იერარქი - ისე რა მეგობარი.
ჯოჯიკი - ვარსქენის ძმა.
ჯოჯიკის ცოლი - ვარსქენის რძალი.
ჯემალი - მძღოლი.
დაცვა - დაცვა.
სცენა პირველისცენა გაყოფილია ორ ოთახად. ოთახები ნათდება მათში მიმდინარე მოქმედების მიხედვით. პირველ, განათებულ ოთახში ვერსქენი ზის მანქანაში მძღოლთან ერთად და საუბრობს. ოთახში ორი სკამი დგას ერთმანეთის გვერდით და ხდება მანქანის ტარების იმიტაცია. მეორე ჩაბნელებულ ოთახში შუშანიკი მაგიდასთან ზის და მუშაობს.
ვარსქენი: ჯემალ, ეხლა ერთი ბანკში შემატარე და მერე ეგრევე სართიჭალაში გავგაზოთ.
ჯემალი: და სართიჭალაში რა გვინდა უფროსო, რამე პურის ჭამაა?
ვარსქენი: პარტიის შეკრებაა.
ჯემალი: აბა, პარტია?
ვარსქენი: მმართველი პარტია.
ჯემალი: ვააა, პარტიული უნდა გახდე უფროსო?
ვარსქენი: იმედია, გავხდები. მთლად უფროსს უნდა შევხვდე და დაველაპარაკო.
ჯემალი: რაზე?
ვარსქენი: კარალიოკის მოსავალზე... დებილი ხარ, რა, ამხელა კაცი. თუმცა ცოტა უფრო ჭკვიანი რომ იყო, აქ არ იქნებოდი, ასე რომ კომპლიმენტად მიიღე ეს.
ჯემალი: როგორც იტყვი, უფროსო.
ვარსქენი: მოკლედ, პარტიაში უნდა შევიდე. გადაწყვეტილი ამბავია. მერე მინისტრიც უნდა გავხდე.
ჯემალი: და მერე ის ამბავი როგორ იქნება, უფროსო. ეგენი ხომ იმას შვრებიან. აი, იმის გარეშე ხომ არ გამოვა პარტიაში შესვლა. აი, რა ქვია იმას...
ვარსქენი: რას, სარწმუნოების შეცვლაზე იძახი? მერე ეგ რა პრობლემაა? შევიცვლი კი არა და დედას არ ვუტირებ. აქ ხომ ნუ იტყვი და ლოცვისგან სულ მუხლები მაქვს დატყავებული. მინისტრობაზეა ბიჭო ლაპარაკი, საზამთროს გამყიდველობაზე კი არა, პირჯვარი რომ ვიწერო ყოველი მყიდველის წინაშე და თან ყველა კბილით ვუცინო.
ჯემალი: და მერე ხალხი რას იტყვის?
ვარსქენი: ერთი ხალხის დედაც, რა...
ჯემალი: და მერე ის ამბავი როგორ იქნება, უფროსო, ჩვენი ქალბატონისა... ქალბატონი შუშანიკი ხომ ძალიან ის გახლავთ. მორწმუნე... ეგ მაგ ამბავს არ შეეგუება...
ვარსქენი: ჰო, ეგ მართლაც რომ პრობლემაა. შუშანიკი ნაღდად გადაირევა. არადა, მაგანაც უნდა შეიცვალოს სარწმუნოება. ბავშვებმაც. სიტყვა მაქვს მიცემული და მთელი ოჯახით უნდა გადავბარგდე იქით. სხვანაირად არ გამოვა ეს საქმე. თან, ვაი, რომ ეს არაა ერთადერთი ამბავი, რაზედაც რომ ჩვენი ქალბატონი გადაირევა.
ჯემალი: და მეტი რაღა უნდა იყოს, უფროსო. ქალბატონი ხომ ძალიან...
ვარსქენი: კი, ქალბატონი მართლაც რომ ძალიან მორწმუნეა, თუმცა ამავდროულად არის ქალი და მერწმუნე, მისი წყენა არანაკლებ მძაფრი იქნება, როდესაც შეიტყობს, რომ მეორე ცოლი უნდა შევირთო.
ჯემალი: კაი, კაცო... მაშ, მეორე ცოლს ირთავ, უფროსო?
ვარსქენი: აბა... თან მთლად უფროსის ქალიშვილს. ოღონდ შუშანიკს შენ უნდა უთხრა ეს ამბავი. მე ვერ ვეტყვი, არ შემიძლია. არ მაქვს ახლა მაგის ნერვები...
ჯემალი: ეჰჰჰ... კაი, ვეტყვი უფროსო.
ჯემალი აღებს კარს და გადის მეორე ოთახში. განათებაც იქით ინაცვლებს. ჩანს შუშანიკი, რომელიც მაგიდასთან ზის და ბისერებით რთავს ხატს .