ცხოვრება ტკბილი... - მამა, ხვალისთვის სკოლაში თემა მაქვს დასაწერი.
- მერე დაწერე.
- შენზე უნდა დავწერო.
- ჩემზე რატომ?
- რავი, ეგრე მითხრეს, მშობლებზე რამე დაწერეთო. ვინ არიან და როგორებიო...
- მერე დედაზე დაწერე.
- მე შენზე მინდა.
- ვაჰჰჰ... აქაც არ უნდა მომასვენოთ, რა. მიდი, ჰა, მითხარი, რა გინდა.
- მომიყევი შენზე. ოღონდ, სად მუშაობ და ეგეთები არა. აი, ის მომიყევი, სულ, სულ თავიდან...
- დაბადებიდან?
- ჰო, დაიწყე...
- მოკლედ, მე რომ დავიბადე, უკვე გვიანი ღამე იყო. დედაჩემს დიდხანს უწვალია. მისი კივილი, თურმე, მთელ კამოს ქუჩას ესმოდა. ბიძაჩემისგან ვიცი ეს ამბავი. როცა შეთვრება და ჩემ სადღეგრძელოს ამბობს, ყოველთვის ამ ისტორიას იხსენებს. ჰო და კიდევ იმას, რომ 2 ბოთლი შამპანური ძლივს იშოვნა. მაშინ მაგდენი მაღაზია კი არ იყო?! და არც შამპანური იშოვებოდა აგრე ადვილად. თანაც ყველაფერი ადრე იკეტებოდა. კომუნიზმი იყო, რა... ახლა არ მკითხო, ეგ რა არისო? ამაზე სხვა დროს გიამბობ. ჰოდა, სად გავჩერდი? ა, ჰო, ნუ, მოკლედ, დავიბადე... რა თქმა უნდა, სახლში დიდი სუფრა გაშალეს. იმ დღეს არა, ალბათ, ერთ თვეში. ან ორში. შეიძლება, სამშიც. ფოტოები მაქვს ნანახი. მე სულ პატარა ვარ, "პილიონკებში" გახვეული. ბებო და ბაბუ კიდევ ძალიან ახალგაზრდები არიან. შენი ბებო და ბაბუ, თორემ ჩემები, მაშინაც ისეთები იყვნენ, როგორებიც სამუდამოდ დამამახსოვრდნენ... კარგი ხალხი იყო... რა მითხარი? ა, ჰო, იმ ფოტოზე სუფრაა გაშლილი. მთელი კამპანია სახეზეა. ამათი სამეგობრო, "მუზეინიკები". მაგარი გადარეული და გიჟმაჟი სასტავი. უკრავენ, მღერიან, ვიღაცა ხელში მათამაშებს ბურთივით... ერთ ფოტოში ამდენი როგორ ჩანს? მერე ვინ თქვა, რომ ერთია? შავ-თეთრი ფოტოების მთელი სერიაა, მაშ... ძეობის აღნიშვნისას ერთ ფოტოს, აბა, ვინ დასჯერდებოდა?! სხვა, მრავალი ფოტოც არსებობს. ერთზე კიდევ, ეტყობა, ქეიფი უკვე მაგარი გახურებულია და "მუზეინიკებსაც" მაგარი აწყვეტილი აქვთ. დედაჩემი მაგიდაზეა ამძვრალი, პირში ცერა და საჩვენებელი თითი უდევს და უსტვენს. რატომ უსტვენს? აბა, მე რა ვიცი, ალბათ, მელოდიას აჰყვა. აჯაზებს, რა... მამაჩემი კიდეც იქვე თავისთვის ზის, სრულიად ფხიზელი და გიტარას აჩხაკუნებს. სავარაუდოდ, "ბითლების" რამე "ვეშს" უკრავს. შეიძლება, "ჰეი ჯუდსაც", ან სხვა რამეს. ეგრევე ჩანს, იკითხება, რომ დედა მაგიდაზე სულ სხვა მელოდიამ აიყვანა. იმათ, სხვა დანარჩენთაც, მაგარი კმაყოფილი სახეები აქვთ. იგუდებიან სიცილისგან. ალბათ, "ტრულაილას ფული რად უნდა"-ს მღერიან, ხორხოცებენ. ადრე, აი, ეგეთი ქეიფები იცოდნენ. ეგეთი ტკბილი ცხოვრებაც ჰქონდათ. ჩემი მშობლებიც, აი, ეგეთი განსხვავებულები და მაინც ერთად არიან, დარჩნენ, შერჩნენ... აგერ უკვე 40 წელიცაა... ვატყობ, კიდევ უყვართ ერთმანეთი.
- მამა, შენ ბაღში არ დადიოდი?
- ბაღში არ დავდიოდი? დავდიოდი, აბა, რას ვშვრებოდი. აი, იქა, მუშთაიდთან ახლოს იყო ჩემი ბაღი. ერთხელ მამას კიდეც დავავიწყდი. უფ, როგორ მწარედ მახსოვს ეგ ამბავი?! დედას ეგონა, რომ მამას უნდა გამოვეყვანე და იმას კიდევ პირიქით. მაშინ ეგრე კი არ იყო ეს მობილურები და ტელეფონები?! საღამოს, უკვე შებინდებისას სახლში რომ დაბრუნდნენ, მაშინღა აღმოაჩინეს, ბაღში დამტოვეს. მახსოვს, იმდენი ვიჯღავლე, გავსკდი... მასწავლებელს რომ არ დაენახა, ტუალეტში გავდიოდი და იქ ვტიროდი. თან შემოსასვლელი კარიც იქ იყო. იმ დიდ შუშას ვეკვროდი სახით, ვტიროდი და გარეთ ვიცქირებოდი, ველოდი. ჰო, რა იყო, კარს დიდი შუშა რომ ჰქონდეს, გასაკვირია? თან ჩემი ცრემლისა და წვინტლისგან ძალიანაც დალაქავებული? გეცინება ხომ? ახლა მეც მეცინება. მაშინ კი არ მეცინებოდა. არა, კაცო, მარტო ცუდი როდი მახსოვს?! მახსოვს, ბებიაჩემი მარო, მარიამი, მარუსა რომ მაკითხავდა ბაღში. შავი ტყავის, დიდი, მრგვალსახელურიანი ჩანთა ჰქონდა. აი, იმ ჩანთის სუნი ახლაც კი მახსოვს... შიგ ყოველთვის წვენის გასაზომი აპარატი ედო და კიდევ საგზალი. ეგეთი აპარატი შენ ნანახი არ გექნება. შავი იყო და იშლებოდა. მეც ვიცოდი მაგის მოხმარება და ვუზომავდი კიდეც. მართალია, დიდი აზრი არ ჰქონდა, რადგან იმხელა წნევას ატარებდა, სულაც არ ეზომებოდა, მაგრამ მე მაინც მომწონდა ეს პროცესი. "გრუშას" დააკაჩავებდი, ფონენდოსკოპს ყურებში გაირჭობდი, წამოვიდოდა გულისცემა, ბაგაბუგი... მერე გახედავდი და მორბის წვრილ შუშაში ვერცხლისწყალი. სადაც გულისცემა ბოლოს დაარტყამდა, გულის წნევაც ეგ იყო. რა თქვი? კი, გაგაზომინებ, როცა გაიზრდები. უკვე დიდი ხარ? კარგი, მაშინ, როცა მე მექნება წნევა, მაშინ გავიზომოთ. ჰოდა, მომაკითხავდა ხოლმე ჩემი მარო ბებო საბავშვო ბაღში და მივყავდი მუშთაიდში. ერთს ჩამიკრავდა გულში