ქვა და გოგი - ძვირფასო სტუმრებო, ახლა კი ჩვენ მოვინახულებთ ამ ჩვენი ულამაზესი კუთხის კიდევ ერთ და, ალბათ, ყველაზე გამორჩეულ ღირშესანიშნაობას, ყველასთვის ცნობილსა და საყვარელ, ასე ვთქვათ, მარგალიტს. ჩვენი მეცნიერებისა და, არა მარტო მათი, შთაგონებისა და აღმოჩენების უშრეტ წყაროს - ქვას. - ჩვენმა მასპინძელმა, იქაური სკოლის წითურმა დირექტორმა, ხელები არტისტულად გაშალა და სიამაყით აღსავსე მზერა შემოგვაგება. შემდეგ ერთგვარი რევერანსი გააკეთა და ასევე წითურივე, ჭორფლიანი ხელით მიგვანიშნა, საით უნდა წავსულიყავით.
- რაზე ლაპარაკობს ეს ქალი? - ხელკავი გამოვდე ჩემს მეგობარ ასმათს და, ვითომც შემთხვევით, ჩემკენ მივიზიდე, ისე, რომ მთელი სხეულით შემხებოდა.
- გეყოფა რა, გოგი?! შენ რა, სულ ხუმრობის ხასიათზე უნდა იყო? და რომ იცოდე, არც ეგ გამომრჩენია, რაც ახლა ჰქენი. ძალიან გთხოვ, თავიდან ნუ დამაწყებინებ ყველაფრის ახსნას. გახსოვდეს, რომ ერთ კვირაში ნიშნობა მაქვს და, ადრე ჩვენს შორის თუ რამე იყო, იცოდე, ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. შემიძლია, ქვასთანაც კი დავიფიცო, რომ მე შენს მიმართ აღარანაირი გრძნობა არ მაქვს, გულწრფელი მეგობრობის გარდა. - ასმათმა ხელი მოხერხებულად გამოითავისუფლა და სწრაფი ნაბიჯით გამშორდა.
- არა, მართლა გეკითხები! რა ქვაა ეგეთი, მე რომ აქამდე არაფერი მსმენია და იმ ცეცხლწაკიდებულ დირექტორს კიდევ საქვეყნოდ თავი მოაქვს? ეეე, შენ ისევ წარსულით ცხოვრობ, თუ - რა გჭირს? ხელკავი იყო, სხვა კი არაფერი. მომისმინე... არა? მაშინ... ზღვის ფერი გაქვს თვალები და თავად ჰგავხარ ზღვას... და მოგიკლავ მოღალატევ მაგ ნაფერებ ქმარს... - ბოლო სიტყვები თითქმის ჩავისისინე. ასმათს არაფერი გაუგია, ან, უბრალოდ, არ შეიმჩნია. მის დევნას აზრი არ ჰქონდა. აშკარად არ იყო ჩემი ღლაბუცის ხასიათზე. თან, როგორც შევატყვე,რაღაცები სათავისოდ მართლაც გადაეწყვიტა და მე იმ გადაწყვეტილებებში სულაც არ მითვალისწინებდა. თუმცა, მეორე მხრივ, აბა აქ რაღას მოდიოდა? ხომ იცოდა, რომ აქ ვიქნებოდი? რა, სხვა ჯგუფს ვერ გამოჰყვებოდა?!
კლდეებს შორის მიმავალ ბილიკს გავუყევი. ნაშალ ფერდობს საცალფეხო მისდევდა. დაბლა, შორს, რაღაც მდინარე მიშხუილობდა და შიშის მომგვრელ ხმებს გამოსცემდა. მოპირდაპირე ფერდი ნაკლებად სახიფათოდ გამოიყურებოდა. მიუხედავად დახრილი კუთხისა, თივის ზვინები ჯგუფებად მიმოფანტულიყო მთის კალთაზე. სამძიმარზე მისულ თავშიშველ კაცებს ჰგავდნენ რაღაცით.
- როგორ შეიძლება, რომ ამ ქვაზე, თუ რაღაც აქაურ საოცრებაზე, არაფერი მსმენოდეს? ან ამ ადგილებში ნამყოფი არ ვიყო და, თუ ნამყოფი ვარ, ასეთი სილამაზე, რაც ახლა ჩემს თვალწინაა გადაშლილი, არ მახსოვდეს? - თითქმის ხმამაღლა ვკითხე საკუთარ თავს და, ეტყობა, საკმაოდაც, რადგან უკნიდან გუშინდელი როხროხა, იმავე სკოლის მასწავლებელთამადის ხმა შემომესმა.
- გოგი, ასე ძალიან თუ გიყვარდა ლაპარაკი, ნამდვილად არ მეგონა. აბა, გუშინ რა დაგემართა, შე კაცო, და რამ დაგამუნჯა? ჭიქა ღვინო ვერ დაგალევინე და ერთი ლექსი ვერ გათქმევინე, შე კაი დედმამისშვილო. აბა მარტო იმ ქალის ცქერა და თვალის პაჭუნია საქმე? - მიუხედავად ჩემი გუშინდელი დიდი მცდელობისა, ამ კაცს არ გავშინაურებოდი, მაინც მაჯობა და თავისას მიაღწია. მშვენივრად გამოიყენა ჩემი გაუაზრებელი დიალოგი საკუთარ თავთან, გუშინდელი მარცხის სარევანშოდ.
- არა, ჩემო ბატონო, მე საერთოდაც უტყვი კაცი გახლავართ. უბრალოდ, საკუთარი თავის გამკვირვებია და არა მჯერა იმ ქალბატონის სიტყვების, თითქოსდა ამ თქვენს კუთხეში რამე ეგზომ მნიშვნელოვანი იყოს და მე არც კი მსმენოდეს მასზე? - წავხდი ამ მოულოდნელი შეტევით შეცბუნებული და დავნებდი, თავის მართლება დავიწყე.
- ეჰ, ჩემო გოგი, შენ ხუმრობაც კარგი გცოდნია და ენამოსწრებულიც ჩანხარ, მაგრამ, ერთ რჩევას თუ გაითვალისწინებ ჩემნაირი პატარა კაცისგან კარგი იქნება. გეხვეწები, ჩვენი ერის სიამაყეზე, ქვაზე, ნუ იხუმრებ და თუ გინდა, მოჯამაგირედ დაგიდგები. კი, თქვენ, ქალაქელებსაც გიყვართ აქაურობა და დიდ პატივსაც სცემთ, მაგრამ ჩვენთვის ეს კიდევ სულ სხვაა, სულისმიერი. ეგეთი ხუმრობები ჩვენსას ძალიან გულისდამწყვეტია. - გაღმა მდგარი თავშიშველა ზვინკაცივით ჩაქინდრა თავი და ისე გამეცალა, უკან არ მოუხედავს. ერთი კი გამიხარდა, ამ კაცის მოშორება ასე ადვილი თუ იყო, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, მაგრამ მისმა შეუპოვრობამ და ალალმა წყენამ საერთოდ გადამრია.
- არა, ან ეს ხალხია მარცხენა ფეხზე ამდგარი და რეალობას ერთი ნაბიჯით ჩამორჩენილი, ან მე მჭირს რაღაც უცნაურობა. რა ერის სიამაყექვა? შეიშალნენ თუ რა სჭირთ ამ ოხრებს?! არადა, ხომ ვიცი, რაღაც ქვა იქნება, ზედ ნახშირით დახატული ნადირობის სცენებით, ყველაზე მეტი, მსხვერპლშეწირვის რიტუალი იყოს გამოსახული. და, რაღა თქმა უნდა, კაციშვილმა არ იცის, ეს ქვა თუ