პლატონი და მოსე პლატონ ანჩაბაძის ცხოვრებაში ყველაფერი ისე ნამდვილად არ აეწყო და წარიმართა, როგორც ეგონა, იქნებოდა და გაუხარდებოდა. მისი ლიბანური რესტორანი, რომლის მეწილე და მფლობელიც ის წლების განმავლობაში იყო, დაიხურა. ეს გაუთვალისწინებელი მოვლენა კი ძალიან მარტივი და ლოგიკური მიზეზის გამო მოხდა: რესტორანმა კონკურენციას ვეღარ გაუძლო და ვერც კონცეფციური განვითარება შეძლო. ჯერ მომხმარებელმა იკლო, შემდეგ შემოსავალმა და საბოლოოდ კი მხოლოდ ხარჯი დარჩა. შესაბამისად, წამგებიანი ბიზნესის წარმოებამ აზრი დაკარგა და ობიექტის დახურვა გარდაუვალი გახდა. პროცესი დროში გაიწელა და საკმაოდ მტკივნეულიც აღმოჩნდა, რადგან პლატონს მშობლების კმაყოფაზე ცხოვრება მოუწია. ანჩაბაძისთვის, მოფერებით მცირესთვის (რადგან დიდი ბაბუის სახელს ატარებდა და ერთმანეთისგან გასარჩევად, იმას პლატონ დიდს და ამას კი პლატონ მცირეს ეძახდნენ) - რესტორნის საკითხი იმდენად დამთრგუნველი არ აღმოჩნდა, როგორ ლიზასთან განშორება. ლიზა კი ყველა გათვლითა თუ ვარაუდით, სწორედ ის ადამიანი იყო, რომელიც მისი ცხოვრების თანამგზავრი უნდა გამხდარიყო. არაჩვეულებრივი და ამაღელვებელი სასიყვარულო თავგადასავლის შემდეგ ყველაფერი იმდენად კარგად ვითარდებოდა, რომ მცირე ცოლის მოყვანასაც კი ფიქრობდა. ანჩაბაძეების ოჯახიც უზომოდ კმაყოფილი გახლდათ, რადგან, ჯერ ერთი, სარძლო ძალიან მოსწონდათ და მეორე - ამდენწლიანი ლოდინის შემდეგ პლატონი დაოჯახდებოდა. მცირეს ცოლის მოყვანა მარტო მათი კი არა, მთელი სანათესაო-სამეგობროს სატკივარი და სადარდებელი შეიქნა. სამწუხაროდ, მათ ურთიერთობაში ყველაზე მძაფრი და გადაულახავი პრობლემა საცხოვრებელი ადგილი და გარემო აღმოჩნდა. ლიზას პარიზში, თავის მშობლიურ ქალაქში დაბრუნება სურდა, მცირეს კი საქართველოში, თბილისში დარჩენა. მართალია, დათმობაზე წასვლა ორივემ სცადა და შედეგად, სამი თვე თბილისში იცხოვრეს და მომდევნო სამი კი პარიზში - იმ მომაჯადოვებელ ქალაქში, სადაც ერთმანეთი გაიცნეს და შეიყვარეს, თუმცა, სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწიეს. ლიზასთვის ქართული რეალობა უცხო და დამღლელი აღმოჩნდა. ის, უბრალოდ, ამ ქვეყანაში საკუთარ თავსა და მომავალ განვითარებას ვერ ხედავდა. ალბათ, არც გაემტყუნებოდა, რადგან პარიზში გაზრდილსა და ფეხმოკიდებულს, ცხოვრების ხელახლა დაწყება უჭირდა - თან სრულიად უცხოსა და მისთვის ერთობ უინტერესო გარემოში. პლატონისთვის პარიზული ყოფა აღმოჩნდა მიუღებელი, რადგან, როგორც კი გააცნობიერა, რომ ის ტურისტი აღარ იყო და ეს ქალაქი მისი ყოველდღიურობა უნდა გამხდარიყო, ამ აზრს ვეღარ შეეგუა. არა, განა იქაურობის რამე საწინააღმდეგო ჰქონდა, პირიქით, ძალიან მოსწონდა და კიდეც უყვარდა, მაგრამ მუდმივ საცხოვრებლად ვერ განიხილავდა. აქაური თავმომწონე პლატონ ანჩაბაძე იქ აჩრდილს ემსგავსებოდა. ზუსტად იცოდა, რომ საფრანგეთში ვერც იმ სოციალურ სტატუსს იპოვიდა და აღარც ის ყოველმხრივი სითბო-სიყვარული ექნებოდა, რაც სამშობლოში. ამიტომაც, ორივემ დიდხანს იმსჯელა და საბოლოოდ იმ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, რომ რაღაც დრო ცალ-ცალკე უნდა ეცხოვრათ, რათა თავიანთი მდგომარეობა უკეთ გაეანალიზებინათ. მართალია, ერთმანეთი უყვარდათ და ასეთი ნაბიჯის გადადგმა კიდეც უმძიმდათ, მაგრამ ორივე ხვდებოდა, რომ წლებთან ერთად ცვლილებები ძალიან ჭირდა და ადამიანის შეცვლა კი, ფაქტობრივად, წარმოუდგენელი იყო. ორი ზრდასრული ცდილობდა, განსჯითა და წინდახედულობით განესაზღვრა თავისი მომავალი. აი, ეს კი, მათ სიყვარულს განსაკუთრებულსა და თვალისმომჭრელს სრულებითაც აღარ ხდიდა. შედეგიც შესაბამისი დადგა. პარიზიდან სამშობლოში ერთი-ერთი დაბრუნების შემდეგ პლატონი მარტო ჩამოვიდა და დროის დინებასთან ერთად, საფრანგეთში საცხოვრებლად გადასვლა სულ უფრო აუტანლად და წარმოუდგენლად ეჩვენა. ასევე იყო ლიზაც. ბევრს განიცდიდა და ნერვიულობდა, მაგრამ დრომ მასაც მკაფიოდ დაანახა, რომ მისი რჩეული ამ ნაბიჯს არასდროს გადადგამდა და ეს კი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რათა კაშკაშა სიყვარულს მუქი ჩრდილი დასდგომოდა. აღარც ლიზა ჩამოსულა თბილისში. გონითმა სამყარომ გრძნობათა სამეფო დამაჯერებლად დაჯაბნა და პრაგმატულმა ადამიანებმა გადაწყვიტეს, ერთმანეთისთვის ტკივილი შეემსუბუქებინათ. შეგნებულად კავშირი გაწყვიტეს და თავიანთი სიყვარული ეფემერულ მომავალს მიანდეს. დრომ კი, როგორც მას სჩვევია, უმალ კალთები დაიფერთხა, პარიზიცა და თბილისიც თავის მოგონებების არქივში გადაიტანა და ემოციებსაც მოურიდებლად გადაალაჯა.
პლატონს, მეგობრებმა, გულის გადასაყოლებლად და დარდის გასაქარვებლად სამსახური უშოვეს. ახლა ის რესტორანში კი არა, არამედ, კულტურის სამინისტროში მუშაობდა და რიგითი ჩინოვნიკი გახლდათ. მართალია, მისი სამსახურეობრივი მოვალეობები ერთობ საეჭვო და უშინაარსოც კი იყო, თუმცა, იმდენად მჟღერი სახელი ერქვა - ,,ექსპერტ-კონსულტანტი ” , რომ მის კვალიფიციურობასა და საჭიროებაში ეჭვი არავის შეჰპარვია. მცირე ახალ გარემოს იმდენად კარგად შეერწყა და შიდა დინებებშიც ისე კარგად გათვითცნობიერდა, რომ რამდენიმე თვეში ფრიად პატივსაცემი ფიგურა გახდა. თავი ყველას მალევე შეაყვარა და მინისტრიც კი მის გარეშე აღარ სადილობდა. ეს სამსახური კი ერთმა ბავშვობის მეგობარმა, მოსე დავითაშვილმა დააწყებინა. მოსე კიდევ ის კაცი იყო, რომელსაც ქალაქში ყველა იცნობდა,