ჟან-მარი პერენის წინასიტყვაობა სათაურ „ღვთის მოლოდინით“ გაერთიანებული ტექსტები უმშვენიერესია მათ შორის, რაც სიმონ ვეიმ დამიტოვა; ყველა მათგანი 1942 წლის იანვრიდან ივნისამდე დაიწერა და მეტ-ნაკლებად უკავშირდება იმ წერილობით დიალოგს, რომელსაც წინა წლის ივნისიდან ვაწარმოებდით ჭეშმარიტებას მიყურადებულნი - ის, ქრისტეს სწავლებით დაინტერესებული და მე, მოძღვარი ცამეტწლიანი გამოცდილებით.
1949 წელს დავთანხმდი ამ ტექსტებისა და განსაკუთრებით მიმოწერის - ულამაზესი ნაწილის - გამოქვეყნებას მისი შინაგანი გამოცდილებისა და პიროვნების შესახებ შექმნილი ყველაზე საგულისხმო ფურცლების გასაზიარებლად; თუმცა ამ პუბლიკაციის უმთავრესი მიზეზი სხვებისთვის ამ დიალოგში ჩართვის საშუალების მიცემა გახლდათ, რის სურვილი სიმონმა ჩვენი მრავალრიცხოვანი შეხვედრისას ნათლად გამოხატა. ამაზე ხშირად ვსაუბრობდით, ამის მოწმე გახლავართ და სწორედ ამ მიზნით გადმომცა ეს ტექსტები და წინაქრისტიანული ინტუიციების შესახებ დაწერილი დოკუმენტები. გამოსამშვიდობებელ წერილში თავისი ფიქრები გამიზიარა: „მხოლოდ თქვენ შემიძლია შემოგვედროთ მათთვის ყურადღების დათმობა. ვისურვებდი, ის წყალობა, რომლითაც გამანებივრეთ, ჩემ ნაცვლად იმისკენ მიგემართათ, რასაც ჩემში ვატარებ და რაც, მინდა ვირწმუნო, ჩემზე გაცილებით უკეთესია“.
სათაურად „ღვთის მოლოდინი“ შევარჩიე, რადგან იგი სიმონს ეძვირფასებოდა; მასში ხედავდა სიფხიზლეს მსახურისა, ბატონის დაბრუნებას რომ ელოდება. სათაური გადმოგვცემს დაუსრულებლობის იდეასაც, რაც იმჟამინდელი სულიერი აღმოჩენების გამო სიმონს აწამებდა.
ეს მოკლე შეხსენება მით უფრო საჭიროა, რომ ჩვენ წინაშე არ არის ისე შექმნილი და გამოქვეყნებული ტექსტები, რომლებსაც ავტორისგან დამოუკიდებლად უნდა ეარსება. პირიქით, ეს ტექსტები, განსაკუთრებით წერილები, სიმონის შემადგენელი ნაწილია და მისი ძიების, განვითარებისა და დიალოგის გაუაზრებლად მათ გაგებას ვერ შევძლებთ.
სიმონ ვეი 1909 წლის 3 თებერვალს დაიბადა პარიზში. მას არანაირი რელიგიური განათლება არ მიუღია: „მშობლებმა და ძმამ სრულ აგნოსტიკოსად აღმზარდეს“, მწერდა იგი (წერ. 4). მისი ბავშვობის უმთავრესი თვისებები იყო უბედურთა მიმართ თანაგრძნობა და სიყვარული; დაახლოებით ხუთი წლისა გახლდათ, როდესაც 1914 წლის ომმა და ერთ-ერთი ჯარისკაცის მეურვეობამ გაჭირვება ახლოდან აჩვენა. შაქრის ერთი კვნიტიც კი აღარ გაუსინჯავს და ითხოვდა, მისი წილი იმათთვის გაეგზავნათ, ვინც ფრონტზე იტანჯებოდა. მისი ცხოვრების ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებლის, ამ არაჩვეულებრივი თანაგრძნობის ბუნების გასაგებად უნდა გავიხსენოთ მატერიალური კეთილდღეობა, გონებაგახსნილობა და მშობლების სიყვარული, რომლითაც გარემოცული გახლდათ.
გონების ნაადრევმა სიმწიფემ ხელი შეუწყო მის სასკოლო წარმატებებს. დამამთავრებელი, ფილოსოფიის კლასი დიურუის სახელობის ლიცეუმში გაიარა, სადაც ლე სენი (რენე ლე სენი (René Le Senne,1882 - 1954) - ფრანგი ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი.) ასწავლიდა; ანრი IV-ის სახელობის ლიცეუმში ეკოლ ნორმალში მისაღები კონკურსი მოამზადა და ალენის (ალენი (Alain) - ფრანგი ფილოსოფოსისა და პუბლიცისტის, ემილ შარტიეს (Émile Chartier,1868 - 1951) ფსევდონიმი.) გავლენის ქვეშ მოექცა. ცხრამეტი წლისამ ეკოლ ნორმალის კონკურსი გაიარა, ხოლო ოცდაორი წლის ასაკში აგრეგაცია (აგრეგაცია - მასწავლებლების შესარჩევი კონკურსი საფრანგეთში.) მიიღო: 1928 - 1931.
უმაღლეს სასწავლებელში სწავლისას გამოკვეთილ ათეისტად გამოავლინა თავი; საკმარისად ანტირელიგიური იყო, რომ რამდენიმე თვით გაბუტვოდა ამხანაგს, რომელიც კათოლიკობის მიღებას აპირებდა. მასწავლებლობასა და ჰუმანიტარულ საქმიანობას სრული აგნოსტიციზმით უდგებოდა, ღვთის პრობლემაზე ჩაფიქრება არ სურდა, ხოლო საკუთარი ბედისწერის ამოცანის ამოხსნა არ ძალუძდა. სწორედ ამ დროს დაუკავშირდა „ლა რევოლუსიონ პროლეტარიენსა“ და პროფკავშირულ მოძრაობებს. მას შემდეგ ეს თანამშრომლობა არ შეუწყვეტია, თუმცა არც ერთ პარტიაში არ გაწევრიანებულა. ჩემთან არასოდეს უსაუბრია იმ მნიშვნელოვან ადამიანებზე, ვისთან თანამშრომლობა ან ვისი დახმარებაც მოუხდა, არც თავისი როლი უხსენებია. ჩემი პოზიცია კარგად იცოდა: მოძღვარი რამდენადაც ახლოს უნდა იყოს ადამიანის პროგრესთან, იმდენად შორს უნდა ეჭიროს თავი ნებისმიერი პოლიტიკური საკითხისგან. მისთვისაც უბედურთა სიყვარული იყო უმთავრესი. მისი ერთ-ერთი სოციალური თანამებრძოლი, ახალგაზრდა მუშა მეუბნებოდა: „არასოდეს ყოფილა პოლიტიკაში ჩართული“ და ამატებდა: „ყველა მისნაირი რომ ყოფილიყო, უბედური აღარავინ იქნებოდა“. მისი ცხოვრების ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებელი სწორედ უბედურთა მიმართ თანაგრძნობა გახლდათ.
ლე პუის ლიცეუმი იყო მისი პირველი სამუშაო ადგილი; სწორედ აქ მისცა გასაქანი თავის საქმიანობას და სხვების გაჭირვებას რეალურად ეზიარა. უმუშევრობის დახმარების მიღების უფლების მოსაპოვებლად მუშებს უმძიმესი შრომა უწევდათ; ხედავდა, როგორ ამტვრევდნენ ქვებს. მათ მსგავსად და მათთან ერთად მოიწადინა წერაქვით მუშაობა. პრეფექტურაში წაჰყვა რაღაც მოთხოვნების წამოსაყენებლად. საარსებოდ მხოლოდ უმუშევრობის ყოველდღიური დახმარების შესაბამისი თანხით კმაყოფილდებოდა, თავისი შემოსავლის დანარჩენ ნაწილს კი სხვებს უზიარებდა. ფილოსოფიის ახალბედა მასწავლებლის კართან ჯამაგირის დღეს ახალი მეგობრების რიგი დგებოდა. მოგვიანებით თავისი დროის - იმ დროის, რომელსაც უსაყვარლესი წიგნების კითხვას აკლებდა - უდიდეს ნაწილსაც დელიკატურად მათ უთმობდა: ზოგიერთებს ბელოტს (ბელოტი (ფრ. Belote) - ბანქოს თამაში.) ეთამაშებოდა, სხვებთან კი მღეროდა, რათა