3. იუნგი ასტროლოგიასა და ქრისტიანობას შორის კავშირზე
იუნგი შენიშნავს, რომ ქრისტიანობის გავრცელების წინა პერიოდში პლანეტარული ღმერთები — ვენერა, როგორც სექსუალობა; მარსი, როგორც ბრაზი და ა. შ. — ციდან ადამიანებზე დაეშვნენ, მათში ინტეგრირდნენ, სუბიექტურ ფაქტორებად იქცნენ, ხოლო ქრისტიანობა — როგორც მხსნელი რელიგია — ადამიანებს აღნიშნული ინტეგრაციის შედეგად გამოწვეული ფსიქოლოგიური აშლილობის დაძლევაში დაეხმარა, ადამიანები საკუთარ თავში პლანეტარული ღმერთებისგან იხსნა.
იუნგი აღნიშნავს, რომ თანამედროვე ადამიანისთვის რთულად წარმოსადგენია, თუ რამდენად მნიშვნელოვნად იყო გაჯერებული წინარექრისტიანული მსოფლიო ასტროლოგიური რწმენით. ამასთან, იუნგის თქმით, ანტიკური ეპოქის (სინკრეტული) კულტები (მაგ.: ატისის, მითრას) დიდწილად ასტროლოგიას ემყარებოდა, ქრისტიანობაში კი ასტროლოგიური სიმბოლოები უფრო დაფარული იყო, თუმცა იმ ეპოქის ფილოსოფიური სისტემები სავსე გახლდათ ასტროლოგიური კონოტაციებით (ე.ი. ნაგულისხმები შინაარსით).
იუნგი შენიშნავს, რომ საიდუმლო სერობის დროს ქრისტე მოწაფეების შუაში იყო, მათით გარშემორტყმული; რიტუალური გარშემორტყმა კი საკმაოდ ცნობიერად ეფუძნება ვარსკვლავებით მოჭედილი მოძრავი ცის კოსმოსურ სურათს; აღნიშნული იდეა კვლავ შემორჩენილია 12 მოწაფის 12 ზოდიაქოსთან შედარებაში, რომლის გამოსახულებებსაც ეკლესიებში საკურთხეველთან ან სახურავზე ვხვდებით. (*ქართულ რეალობაში აღსანიშნავია სვეტიცხოვლის ტაძრის ერთ-ერთი ფრესკა, რომელზედაც გამოსახულია ქრისტე და მის ირგვლივ 12 ზოდიაქო.) ქრისტეს მზესთან და 12 მოწაფის 12 ზოდიაქოსთან ძველ ქრისტიანულ ანალოგიას იუნგი თავის ლექციებშიც ეხება.
ლუკას სახარების პირველი თავიდან დგინდება, (*„იმ დღეთა შემდეგ მუცლად იღო ელისაბედმა“ [...] „ხოლო მეექვსე თვეს მოვლინებულ იქნა გაბრიელ ანგელოზი ღმერთის მიერ...“ ლუკას სახარება 1 : 24, 26.) რომ იოანე ნათლისმცემელი იესო ქრისტეზე 6 თვით უფროსი იყო. აღნიშნულ საკითხზე ყურადღებას ამახვილებს იუნგი თავის ერთ-ერთ ლექციაში: თუკი ქრისტე ზამთრის მზებუდობისას, დაახლოებით, 24 დეკემბერს, დაიბადა და ზოდიაქოთი თხის რქა იყო, გამოდის, იოანე ნათლისმცემელი ზაფხულის მზებუდობისას — დაახლოებით, 24 ივნისს დაბადებულა და ზოდიაქოთი კირჩხიბი გახლდათ. იუნგის დაკვირვებითაც, ამას მოწმობს იოანეს მიერ ქრისტეს მიმართ წარმოთქმული ფრაზა: „ის უნდა იზრდებოდეს, მე კი ვმცირდებოდე“ — მოგეხსენებათ, ზამთრის მზებუდობისას ღამე ყველაზე გრძელია და სინათლე იწყებს ზრდას, ზაფხულის მზებუდობისას კი დღეა ყველაზე გრძელი და სინათლე კლებას იწყებს. შესაბამისად, იუნგისთვისაც კარგად იყო ცნობილი, რომ ქრისტე და იოანე ერთმანეთის ასტროლოგიური ოპოზიცია იყვნენ (ასტროლოგიაში 12 ზოდიაქო 6 ოპოზიციურ წყვილად იყოფა; კირჩხიბი-თხის რქის წყვილი ერთ-ერთი მათგანია).
რაც შეეხება მათეს სახარებაში აღწერილ მოგვების მიერ ქრისტეს ვარსკვლავის ხილვას, იუნგის მოსაზრებითაც, აღნიშნული ვარსკვლავი სინამდვილეში სატურნისა და იუპიტერის შეერთება უნდა ყოფილიყო — ქრისტეს დაბადებისას სატურნისა და იუპიტერის შეერთება განსაკუთრებულად შესამჩნევი იქნებოდა, რადგან ორი დიდი პლანეტის ერთმანეთთან მიახლოება წარმოქმნიდა ზომით დიდსა და შთამბეჭდავ ნათებას. აღნიშნული ვარსკვლავი, იუნგის თქმით, ქრისტეს სული იყო, რომელიც დედამიწაზე დაეშვა. იუნგი ასევე შენიშნავს, რომ ქრისტეს დაბადების დროს სატურნისა და იუპიტერის შეერთებასთან ოპოზიციაში იყო პლანეტა მარსი, ეს უკანასკნელი კი, როგორც იუნგი ამბობს, ინსტინქტებთან არის დაკავშირებული, ხოლო, რადგან პლანეტებს შორის ოპოზიცია ნეგატიურ, მტრულ ასპექტს (მიმართებას) გამოხატავს, აღნიშნული, იუნგის აზრით, ქრისტიანობის ინსტინქტებთან დამოკიდებულებაში შესაბამისად აისახა (მაგ., ინსტინქტების რეპრესიამ რელიგიური სუროგატების (ჩამნაცვლებლების) ფორმირება გამოიწვია).
იუნგი საუბრობს ქრისტეზე, როგორც ქალწულის (იგულისხმება, მათ შორის, ზოდიაქო ქალწულის) შვილზე. ქრისტეს ბავშვობის საფრთხეებთან (ჰეროდეს მიერ ყრმათა გაჟლეტა, ქრისტეს ოჯახის ეგვიპტეში გაქცევა) დაკავშირებით, იგი აღნიშნავს, რომ ასტროლოგიური ინტერპრეტაციისთვის რელევანტურია პასაჟი აპოკალიფსიდან: „და გამოჩნდა დიადი ნიშანი ცაში: ქალი, რომელსაც ემოსა მზე, მთვარე ესვენა ფერხთით და თორმეტი ვარსკვლავის გვირგვინი ედგა თავზე.“ იუნგის მიხედვით, საზოგადოდ, ქალღმერთი-დედა — მათ შორის, აპოკალიფსის ვარსკვლავგვირგვინოსანი ქალიც — ქალწულად იწოდება. ამასთან, იუნგი შენიშნავს, რომ ზოდიაქოს ნიშან ქალწულს — როდესაც მას გამოსახავენ — ხელში ან ხორბალი უჭირავს, ან ბავშვი (ე. ი. ქრისტე) და ზოგი ავტორი მას აპოკალიფსის ქალთან აკავშირებს; იუნგი ვარაუდობს, რომ აპოკალიფსის ქალს მესიის დაბადების შესახებ წინასწარმეტყველებასთან რაღაც საერთო უნდა ჰქონდეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქრისტიანთა აბსოლუტური უმრავლესობა მარიამ ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს ან 8 სექტემბერს (ახალი სტილით), ან 21 სექტემბერს (ძველი სტილით) — სწორედ ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის პერიოდში — აღნიშნავს.
იუნგის დაკვირვებით, მოგვების ზემოაღნიშნული ისტორია, ასევე იოანეს აპოკალიფსური პასაჟები