წინასიტყვაობა გიორგი ლაბაძე თავის წიგნში მეტად საინტერესო და რთულ ამოცანას შეეჭიდა. იგი განიხილავს პრეზიდენტ ტრამპის, მეტად მოკლე (2018 წლის 18 აპრილი - 2018 წლის 17 ივლისი), მაგრამ ამავე დროს უაღრესად მნიშვნელოვან ტვიტერის ტექსტებს. კერძოდ კი, მოჰყვას ქართულად ნათარგმნი ტვიტერის ტექსტი და შემდეგ ცდილობს მკითხველს აუხსნას მისი სიღრმისეული შინაარსი და, გარკვეულწილად, მისი დაწერის წინაპირობებიც. ამ საკმაოდ ორიგანალური გზით, ლაბაძე ცდილობს გარკვეული შთაბეჭდილება შეგვიქმნას ტრამპის საკმაოდ რთულ და წინააღმდეგობებით აღსავსე პოლიტიკაზე. ამ მეთოდით, იგი მარტო მის კონკრეტულ ნაბიჯებს კი არ გვაჩვენებს და გვიხსნის, არამედ ცდილობ განცხადებებიდან ავტორის ფსიქოლოგიური და პოლიტიკური პორტრეტიც დაგვანახოს. არადა, ტრამპის ფენომენი უაღრესად რთული რამაა, რომელიც 21 – ე საუკუნის ამერიკაში მიმდინარე ურთულეს და ზოგჯერ, უმძიმეს პროცესებს ასახავს. თავის დროზე, ნაპოლეონ ბონაპარტე როდესაც მოკლედ ახასიათებდა საკუთარ პიროვნებას და თავისი წარმატების მიზეზებს, ყოველთვის უარყოფდა საკუთარი გენიის ფაქტორს. იგი ამაყობდა საკუთარი შრომისმოყვარეობით და რაც მთავარია, ხაზს უსვამდა რომ იგი ვითარებისა და მოვლენათა მსვლელობის პროდუქტია. ჯერჯერობით, ტრამპს ბევრი უკლია ნაპოლეონამდე, მაგრამ როგორც უაღრესად გამორჩეულ პოლიტიკოსთა უდიდესი ნაწილი, ისიც ვითარების პროდუქტია. ვითარება და მოვლენები როგორც ამერიკის საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაში რთული და ახალია. ერთის მხრივ, გართულებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება თავად შეერთებულ შტატებში. პარალელურად, პოლიტიკური კორეკტულობით სპეკულაციის საფუძველზე გაძლიერებული ლიბერალური მემარცხენე იდეოლოგიისა და პოლიტიკის გავლენის ზრდა. რაც სულ უფრო ხშირად მოდიოდა წინააღმდეგობაში ქვეყნის ე.წ. ჩუმ უმრავლესობასთან, რომელიც მნიშვნელოვანწილად კონსერვატიულ პოზიციებს იზიარებდა.
საერთაშორისო ურთიერთობები სულ უფრო იძაბება; რუსული იმპერლიაზმის რეანამიციის პროცესით, ჩინეთის ფინანსური და ეკონომიკური შესაძლებლობის უსაზღვრო ზრდით, რასთან ერთადაც, იზრდება ამ ავტორიტარული სახელმწიფოს პოლიტიკური და სამხედრო ამბიციებიც. იზრდება წინააღმდეგობა ამერიკის უახლოეს მოკავშირე ევროკავშირთან. ტრაგიკულ ფორმებს იღებს ემიგრაციის პრობლემა და ასე შემდეგ. ბუნებრივია, ყველა არსებული პრობლემის ჩამოთვლა და მით უმეტეს, მათი ანალიზი ცალკეულ და არაერთ კვლევას მოითხოვს, ამიტომაც მეტს აღარ გავაგრძელებთ, მაგრამ დასახელებულებიდანაც კარგად ჩანს რომ ამერიკა, როგორც ეკონომიკურად ყველაზე ძლიერი ქვეყანა და თავისუფალი სამყაროს ლიდერი, ახალი და ურთულესი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა.
ამ გამოწვევების საპასუხო ტალღაზე, ამერიკას და მთელ სამყაროსაც, დონალდ ტრამპი მოევლინა. უაღრესად გამორჩეული, არასტანდარტული და წინააღმდეგობებით აღსავსე პიროვნება, რომელიც საკუთარ რესპუბლიკურ პარტიაშიც, პოლიტიკური ისტებლიშმენტის დიდ ნაწილს, მიუღებლად მიაჩნდა. ბუნებრივია, ასეთი პრეზიდენტის საქმიანობას ათასობით სტატია და წიგნი ეძღვნება როგორც ამერიკაში, ასევე მთელ მსოფლიოში. ძირითადად, ეს კრიტიკული ხასიათის ნაწარმოებებია, თუმცა მიუხედავად ყველაფერისა, ტრამპი წინ მიისწრაფვის თავისი მიზნისკენ და საკმაოდ წარმატებულადაც. უნდა ითქვას, რომ ამ პროცესში ახალგაზრდა მკვლევარი საკმაოდ მრავალმხრივ და უნივერსალურ ცოდნას ამჟღავნებს, არა მარტო მისთვის მშობლიურ იურიდიულ სფეროში, არამედ ეკონომიკისა და საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებშიც, რომლებიც ესოდენ უხვადაა განხილული პრეზიდენტის "ტვიტებში". მიუხედავად იმისა რომ ლაბაძე თავისი მსოფლმხედველობით ამერიკული კონსერვატიზმის პოზიციებთან უფრო ახლოსაა და ალბათ პრეზიდენტ ტრამპის მომხრეთა რიცხვს მიეკუთვნება, იგი ცდილობს იყოს ობიექტური და მკითხველს გულახდილ და სამართლიან ინფორმაციას აწვდის.
ქართველ მეცნიერებს ჯერ არ დაუწერიათ წიგნი ტრამპის შესახებ და შეიძლება ითქვას, რომ ეს პირველი მცდელობაა. იმედია საინტერესო და წარმატებული იქნება...
ვასილ კაჭარავა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი