საზიარო აღქმული რეალობა
იაგო კაჭკაჭიშვილი
გიორგი კეკელიძის ამ ტექსტს აქვს ერთი თავისებურება: როდესაც კითხულობ, ემორჩილები იმ ძაბვას, რომელიც მასში გადის და რომელიც ამ ტექსტს ამთლიანებს და ანათებს/მუხტავს; მაგრამ როგორც კი ტექსტიდან „გამოხვალ“ და შეეცდები, რომელიმე პასაჟი ცალკე გამოიტანო, სიმძაფრე აკლდება, თითქოს „ფაზლის“ რომელიმე ნათურა ძაბვიდან გამორთეს ან ძაბვას დაუწიეს.
ამიტომ, რასაც წინასიტყვაობაში დავწერ, ემოციურად ვერაფრით მიუახლოვდება წიგნის წაკითხვით გაჩენილ კვალს და შთაბეჭდილებას.
გიორგი კეკელიძე წერს ერთგან ამ რომანში: „მე შემფასებლად ვერ გამოვდგები - ამბის მომყოლად მარტო“.
ასეცაა - ეს წიგნი არის ამბების წიგნი, პოსტმოდერნიზმის ენაზე თუ ვიტყვით, „ნარატივების“ წიგნი - პატარა, ყოველდღიური, თითქოს არაფრით გამორჩეული ამბების. ეს ამბები ფრაგმენტულია, კონტექსტუალური, ღრმად ცხოვრებისეული (ემპირიული) და ურთიერთგადაჯაჭვულიც, რადგან ადამიანების ცხოვრებას ქმნის და მათი ბიოგრაფიების მეტ-ნაკლებად ჰოლისტურ სურათს გვაძლევს. ამაზე თავად ავტორიც მიანიშნებს: „ადამიანს ასეთი ფრაგმენტები აკოწიწებს, ეს არის ჩვენი უჩინარი წებო. ეს რომ გაშრება, ჩვენც დავიშლებით“.
თუმცა, მნიშვნელოვანია ითქვას, რომ წიგნში მოთხრობილ მცირე ნარატივებში მოსჩანს „გრანდნარატივებიც“, ანუ, გენერალიზებული სოციალური და კულტურული კანონზომიერებები, რომლებიც არა მხოლოდ კონკრეტულად ერთი რეგიონის (გურიის) და მისი ზოგიერთი სოფლის, არამედ მთელი ქვეყნის დასახასიათებლად გამოდგება.
ჩემი დაკვირვებით, ყველაზე მკაფიო გენერალიზებული წარმოდგენა, რაც ამ ნაწარმოებით შეგვიძლია შევიქმნათ 90-იანი წლების საქართველოზე, ესაა ღარიბი საქართველოს ხატი. წიგნში მოთხრობილი ამ დროის ამბები ააშკარავებს სიღარიბის უნივერსალურ გრანდნარატივს, რომელიც მხატვრულ-დოკუმენტურ ენაზე ასე გამოიყურება:
ღარიბი ყოფისთვის მთავარია არსებობა, ხოლო უკეთესი არსებობა ბონუსია. ანუ, ღარიბთათვის მთავარია, რომ მინიმუმი ჰქონდეთ, დანარჩენი ფუფუნებაა: „მთავარია, რომ იყო. ყოფნა არის უმთავრესი ნიშანი იმ დროის. სხვა დანარჩენი - ბონუსია“.
სიღარიბე აყალიბებს კომპლექსს, რომელსაც პრევენციული ფუნქცია აქვს. კარგი სიგარეტი თუ მოწიე, სინდისი გქენჯნის, რადგან არაბუნებრივი, შეჭირვებულთათვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინე. ეს გაწუხებს, რადგან ჩვეული კალაპოტიდან გაგდებს და ბრუნდები იქ, სადაც ყველაა - ბრუნდები შენნაირებთან სოლიდარობაში.
სიღარიბისთვის დამახასიათებელია ფსიქოლოგიური კომპლექსურობა: ერთი მხრივ, ის არის „შეგუებული სიმშვიდე“, უსაგნო სიამოვნება, ან როგორც ავტორი ამბობს, „არაფრად ყოფნის სიამოვნება“, როგორც უდიდესი სიამოვნებათა შორის; მეორე მხრივ, ღარიბი ადამიანი არ ნიშნავს აუცილებლად დაბეჩავებულს, არამედ შეიძლება იყოს ამაყიც და ამბიციურიც: „რაც თავი მახსოვს, მხოლოდ ეს მესმოდა ოჯახში: „შენ უნდა იყო მთავარი - ყველგან და ყველაფერში!“ თუმცა, ავტორი გულწრფელად წერს ამბიციურობასთან დაკავშირებულ სირთულეებზეც: „ამ რყევებში და ღრუბელ-ქარში გავიზარდე. ამან დაბადა ჩემში პერფექციონიზმი, „ყველას უნდა ვუყვარდე“, და ნებისმიერი მარცხის პანიკური შიში“. და აქვე გულწრფელი მორალი ავტორისგან: „ნუ ჩააცმევთ ბავშვებს ხუთი ზომით დიდ განცდას, ათი ზომით დიდ ფიქრებს“.
სიღარიბეს შეუძლია სიყვარულიც ჩაშალოს, ანუ შეყვარებულმა მიგატოვოს: „მოკლედ, დამშორდა. მე ჯინსები არ მქონდა და ვისაც ჰქონდა, ის შეუყვარდა. ჯინსი არაა პატარა არგუმენტი შეყვარებულის შესაცვლელად მეოცე საუკუნის მიწურულის გარიჟრაჟზე“.
კიდევ ერთი რამ, რაც ამ ნაწარმოებს, ჩემი აზრით, გამოარჩევს, არის მისი ჰუმანისტური პათოსი - აქ არ არსებობენ უარყოფითი პერსონაჟები, ყველა ადამიანი თავისებურად კარგია, გააჩნია, რა კუთხიდან შეხედავ მას. ერთი შეხედვით, ადამიანთა დასახასიათებლად გამოყენებულია ეპითეტები, რომლებიც პოზიტიური არ არის და, ჩვეულებრივ, ნეგატიური კონოტაციის მქონეა. მაგალითად, რა შთაბეჭდილება უნდა შეგექმნათ კაცზე, რომელიც არის „სუპერ-ზარმაცი“, „აროგანტული“, „ნარცისიზმით დაავადებული“, თავი წარმოუდგენია სამყაროს ცენტრად და მის ირგვლივ, ნახევარ მეტრშიც კი არაფერი არსებობს? როგორც წესი, ეს უარყოფითი დახასიათებაა, მაგრამ საინტერესო სწორედ ისაა, რომ ასეთი კაცი მწერალს უყვარს და მასში ეძებს და პოულობს „ადამიანურს, ერთობ ადამიანურს“ (ნიცშეს სიტყვებია). ასეთი ნაივური ჰუმანიზმი ამ ნაწარმოებს უხდება, რამდენადაც ყველა პერსონაჟს (რომლებიც რეალური ადამიანები არიან) უკავშირდება თბილი, ცრემლიანი და იუმორით სავსე ისტორიები.
ზემოთ აღვნიშნე, რომ გიორგი კეკელიძის ეს მინი რომანი ერთი რეგიონის (გურიის) შუქზე გვიჩვენებს უფრო განზოგადებულ სურათს. თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას ტექსტის ეთნოგრაფიული ღირებულების შესახებ, რამდენადაც ის იძლევა სპეციფიკურად გურიის უბადლო დახასიათებას. ნაწარმოებში ბევრი რამეა „წმინდა“ გურული, აქ მხოლოდ ზოგიერთს შევეხები - მაგალითად, იმას, რაც გურულ ენობრივ ნიშნებს/აღმნიშვნელებს და მათ მნიშვნელობებს უკავშირდება: „მის ვარესს ჯობია“ (ანუ, უარესებს შორის ნაკლებად უარესია) და „მაი აფერი“. ორივე გამოთქმას ავტორი „ამქვეყნიურ ძნელბედობათა გამქარწყლებელ ფრაზებს უწოდებს“, რაც აბსოლუტურად დამაჯერებელი ახსნაა.
ანდა, მაგალითად, გურული სტუმარმასპინძლობის საიდუმლოს მარტივი გასაღები: „გურია პარადოქსების მხარეა - გულწრფელები ვართ, როცა თან გადავყვებით ვინმეს და მერე, როცა ვლანძღავთ - მაშინაც. რაღაცნაირად უცნაური ამბავია, მაგრამ ძალიან ნაღდი“.
გურიის სპეციფიკის კიდევ ერთი შესანიშნავი ინდიკატორი: გურია