სხვა მანდარინები სიზმრების სამყაროში ფეხის ჩადგმა ადვილი საქმე არ არის. მეორე დღეს ან კოჭლი ამოდიხარ, ან სველი, ან ფრთებით. გავლენიანი ამბავია. ეფრემ-ვერდის და მისი თანამედროვე ძმების ყალბ ღლიცინებს არ გვულისხმობ - ,,მკვდარი ნახო, ფული იცის’’ და სხვა ამგვარი დილის გამამხნევებელი ვარჯიშები. ოთხომცდაათიანებში სიზმრები მოძლიერდნენ, რაც გეზმანებოდა (ტავტოლოგიას ვირიდებ) მერე ცხადში უნდა გეძებნა ეშმაკისგან იყო თუ უფლისგან. ბალიშების გადაბრუნებამ არ უშველა, ვინმემ ძილში გარდაცვლილი ნათესავები რომ ნახა და თავისთან წასვლა ურჩიეს. ეს რაც გავრცელდა, თორემ ზუსტად ვიცი, თქვენ შორისაც უნახავთ წლების წინ მსგავსი სცენა და დღემდე ცოცხლებად ითვლებით. ,,როგორი თვალები ჰქონდა, წინა დღეს რომ ვნახე, თითქოს მემშვიდობებოდა’’-ს სქემაა - ხვდებით, რასაც ვგულისხმობ. ხოლო მე მჭირდა უცნაური სიზმრები ბავშობისას, ზუსტად კვირაში ერთხელ, ვნახულობდი სრულიად ჩვეულებრივ სცენას, მაგალითად ჩემი ნათესავების, მეზობლების, ნაცნობების მონაწილეობით და ამ მოქმედების სრულიად ჩვეულებრივ ნაწილზე (არავითარი ჩონჩხები და სიმაღლიდან გადმოვარდნა) უცებ ძალიან შემეშინდებოდა და ყვირილით ვიღვიძებდი. იმდენად გახშირდა, რომ სიზმარშივე ვემზადებოდი ამ წუთისთვის. მთელი ექვსი წელი ეგრე იყო. არავის შეულოცია, არც ფროიდი წამიკითხავს, თავისით გადაიარა. ეტყობა სიზმრებიც მოსახდელია. ცხადივით.
მოვიხადე და ცხადი დამამერთა. მტერ’დ’ავს - როგორც გურულები იტყვიან. კარგი ამბებიც - მაგრამ როგორც ჩვენს მედიამეტყველებაში უბნობენ, ეს საჯარო ველში. საჯარო ველის უკან სხვა ველია. პირად ამბებს ნაკლებ ვგულისხმობ. ამ საჯარო საქმეთა შემზადების საკითხებზე მოგახსენებთ.
7 წლის ვიყავი. უკვე წლები არეულია. დამოუკიდებლობა. გარბაჩოვი უნდა გადადგეს. ტყლიპი. ტყლიპი. 9 აპრილი. ტყლიპი. კი, სიყრმიდანვე სიყრმიდანვე შევეჭიდე უხერხულ სიტყვებს. უკვე შვიდი წლისამ ვიცოდი, სად მალავდა სოფელში ჩემი მეზობელი ტყლაპს და რომ გორბაჩოვს თავზე ტყლაპი ჰქონდა და უნდა გადამდგარიყო. დავიმახსოვრე ეს ორი სიტყვა და გადავაბი: ტყლიპი-ტყლაპი, ტყლაპი-ტყლაპი! გავიძახდი. დიდძალი ქრთამი შემაძლიეს, რომ გადავჩვეოდი - მამიდაშვილის ,,მენეჯერი’’ (თამაშია ერთგვარი), თბილისში წაყვანა, მათემატიკის არსწავლაზე თვალის დახუჭვა. ამაოდ. ტყლიპი-ტყლაპი. ტყლაპი-ტყლაპი. აკვიატება დიდებული საქმეა. მაგრამ ბოლოს ერთმა საქმემ მომითავა ხელი. იქვე, ჩემ ტოლ კოკაიას შემაჯიბრეს მანდარინის კრეფაში.თუ წავაგებდი, უნდა მომეშალა ეს ბეწვის ხიდზე მოსიარულე სიტყვების ძახილი. კოკაია აკვნიდან ეუფლეობდა ამ ოსტატობას და სასტიკად დავმარცხდი. სხვა რა გზა იყო. გულში ვიმეორებდი. უფრო ხშირად და გაბრაზებული. აკვიატება დიდებული საქმეა. მერა რა რომ, საიდანღაც სულ დამპალი მანდარინის სუნი მცემდა, უცებ რომ შეგყვება ჭამისას და გადმოფურთხება დაგეზარება. მარცხის სუნი. პატარა მარცხის. სიკვდილად არ სამყოფის - გადმოფურთხება რომ გეზარება. მაგრამ ჩემში მოყვირალი ტყლიპი-ტყლაპი მაცოცხლებდა. ახლაც მაცოცხლებს.
მაგრამ ახლა უფრო დიადი მანდარინებზე და დღევანდელი მონათხრობის მიზეზზე მოგიყვებით: 19 წლის ვიყავი. მე და ჩემმა ორმა მეგობარმა, სხვა მეგობრისგან ნასესხები ფულით, აჭარაში ნაყიდი მანდარინი აზერბაიჯანში, ბელაქანაში გადავიტანეთ გასაყიდად. მე ფული ლიტერატურული გაზეთის გამოსაცემად მჭირდებოდა, იმათ - საკუთარი საქმეებისთვის. გზაზე, ბათუმი-თბილისის მატარებელში, სამი ყუთი დანაბარებივით მოგვპარეს. თან ვფხიზლობდით, მაგრამ გამცილებლების მონათესავე ქურდების ოსტატობა იგავმიუწვდენელი იყო. ლაგოდეხიდან პაწა წვალებით გადავიტანეთ საზღვარზე. იქ გვეგულებოდა კაცი, რომელიც ჩაიბარებდა
მზისფერ ოქროს (საბჭოთა ალბომები ასე გვამცნობდნენ). ის კაცი აღმოჩნდა ქორწილში, სადაც მიგვიპატიჟა და შევედით. ცეკვები. ცეკვები. უცხო ენა. ამ კაცსაც დიდად არ უნდა ახსოვდეს ჩვენი გარიგების შესახებ და არც ის, რომ შეიძლება მადარინმა ქორწილის ამბავი არ გაითვალისწინოს და დალპეს, თუ მანქანიდან არ გადმოვიტანთ.მუსიკა. მუსიკა. ცეკვები. ვიღაც ხელს მკრავდა, გამო, შემოგვიერთდიო. ვიჯექი და ვფიქრობდი გაზეთზე, რომელიც მანდარინებთან ერთად უნდა დამპალიყო და სწორედ იქ მივეცი თავს აღთქმა, რომ დანებება არ იქნებოდა. დავლიე და ავდექი და შევერიე მოცეკვავეებს.ასე მეგონა მანდარინები ეყარა და ვჭყლეტდი. მანდარინები დალპა. გაზეთი არა. ორი წლის მერე ციხეში დავიწყეთ გაკვეთილები და იმ ფულით გამოვეცით. „ლ’ილ“. უნივერსიტეტელებს ემახსოვრებათ. ამას იმიტომ ვყვები, რომ ყველა საქმე, რასაც თქვენ გარედან ხედავთ და წარმატებულია ჩემი, სხვისი თუ თქვენი, ასე კეთდება, მანდარინების ჭყლეტით. ნასასხები ფულით ნაყიდი მანდარინების.დააფასეთ მანდარინები!