„ანასტასიას ზარის“ გამო
„ანასტასიას ზარის“ გამო გავიმეორებ ადრე სხვაგან ნათქვამს ჩვენს ავტორზე, - ის თავისი პოეტური (resp. შემოქმედების) მრწამსის ერთგული რჩება-მეთქი. ერთს წერდეს, მკითხველი კი სხვას კითხულობდეს, უფრო სწორად, აწ ვუმატებ, რომ მკითხველი გრძნობს, რომ მან რაღაც სხვა უნდა ამოიკითხოს ნაწერში. პოეზიისთვის ეს აუცილებელიც კი არის, თავად პოეზიის არსშია სხვაგვარაღქმა ჩადებული. მაგრამ თუ პროზაც, თავის უკიდურეს საზრისში, როგორც ყოველი შემოქმედება. ასევე პოეზიაა (ამ ბერძნული სიტყვის ეტიმოლოგიის ძალით, ლექსს არ ვგულისხმობ), მით უმეტეს ასეთი უნდა იყოს პოეტის პროზაული ნაწერი. ამ პროზაშიც ავტორი საკუთრივი აზრით კვლავ პოეტად, სხვაგვარად რომ ვთქვათ, სხვაგვარმთქმელად (ამოუწურავია შემოქმედების და შემოქმედის გზები) რჩება. იგავურია არა შინაარსი (რაც უნდა იყოს, ის მაინც ეფემერულია და, შესაძლოა, უმნიშვნელოც კი), რასაც ნაწერი გადმოსცემს, არამედ მთელი კომპოზიცია. „ანასტასიას ზარი“ მისი ეპიგრაფებითა და ქვეთავებითურთ, საკუთრივ პოეზიიდან შემორჩენილი სახეებითურთ („გაყინულ ქარში“ თუ სხვა...), საგანგებოდ აღჭურვილი ენობრივი ქსოვილით უშუალოდ აცხადებს თავის ვინაობას. ნარატივი, თუნდაც ნაგლეჯი რომელიღაც სხვა ნარატივიდან, არა თემატიზებულად, არამედ მხოლოდ ჩვენი სინამდვილის გარკვეული ფენის ილუსტრაციად და ლუსტრაციად არის მოხმობილი. არის შრე ჩვენს სინამდვილეში, მარგინალური თავისი ფსევდომეცნიერულობით, თავისი ფსევდოვედასავლური წამლეკავი ტერმინოლოგიით (ქეისები, ფაბლიკ რილეიშენზ, ქვიზები, პრესრელიზთან, ბრეიმშტორმინგი, თარგეტ-ჯგუფები, მაილლისტი, ფეისი, ქონთენფორარი... ლეგიონი ხდება მისი სახელი), რომელიც ნების მიშვებით ასპარეზს იფართოებს... სეკულარიზმის უკიდურეს ზღვრამდე მისვლით. სულკალმახი, ამირანი, ამბრი არაბის ფეხი, მიჯაჭვა - მხოლოდ შებრკოლების ლოდები თუ არის ამ გზაზე. რას წარმოადგენს თავისთავად „სკაიპის“ დიალოგი (სოცქსელის სიმახინჯით: სჰემიდზლია სჰემოგტავაზო და სხვა), რითაც ნაწერი იწყება? რას გვამცნობს იგი? არაფერს. მაგრამ სწორედ ეს არაფერი არის მისი საზრისი, როგორც მკითხველს შეუძლია ჩასწვდეს. სიცარიელითვე ავსებული სიცარიელე. ერთგანზომილებიანი ადამიანის სულიერი სიღატაკე... და მაინც, ეს ნატურალისტურ-ვირტუალური დიალოგი კომპოზიციის ბოლო წერტილის სიმბოლური გამოხატულება ხდება. თურმე ამით, ამ დიალოგით, არ იწყება, ამით მთავრდება. ადამიანი მაინც იმარჯვებს და, შესაძლოა, ერთადერთი ნათელი წერტილი, სიმბოლურიც, ამ ერთგანზომილებიან უსასოო რეალობაში ოდესღაც წაკითხულ წიგნზე მინაწერი იყოს: „შენ კი იბრალებდი ჩემ სიყვარულს, მაგრამ ანას სახელით ეშმა გამოგეცხადა და გამოგცადა. მე წავალ და შენ ინანებ. 1953 წელი“ - საკვანძო ფრაზა, ლაიტმოტივი თუ საიდუმლოს გასაღები, ან რომელიღაც პოემის დაწურული შინაარსი (თუ ატარებს აქ რაიმე აზრს ეპოქალური ეს წელი?)...
მკითხველს ვურჩევ, ნაწერს მეორედ, როგორც მუსიკალურ კომპოზიციას, მიუბრუნდეს, ნუ დაიზარებს. დიდ დროს არ მოითხოვს, „ჯადოსნური მთა“ არ არის...
ზურაბ კიკნაძე