თავი I
ამბავი დავით გურამიშვილზე და სულხან-საბაზე
ესე საქმე სულ ასეა – რაც თავი მახსოვს. ტელეეკრანისკენ მიბრუნებული.
წინასწარ ვიცი, რომ ინგლისი სადღაც გავარდება, მუნდიალი იქნება თუ ევრო. გავარდება რამე ისეთი დრამატული სცენარით, შექსპირიდან და ბომონტიდან რომ მოსდევს. ისე არ გამოდის. ვინმე გონიერი კაცი აირჩევდა ბრაზილიას ან ესპანეთს – დაზოგავდა ჯანმრთელობას და ლანძღვა-გინების სიტყვათა მარაგს. მაგრამ ეს ფეხბურთის ფანობა ხომ რაღაც უცნაური რამეა. აი, ახლაც კიევში, ალბიონელების დატოვებულ დროშებთან ვზივარ და სხვაგვარად არ ძალმიძს. ჩემი გულის საფეხბურთო ნაწილი მათ ეკუთვნით და როგორც ოდითგანვე გვკარნახობდნენ – გულს ვერ უბრძანებ.
ხოლო აქ სხვა საქმეზე ვარ. 2012 წელია. რადგან ევროპის ჩემპიონატს დაემთხვა ჩამოსვლა, ვიფიქრე ბილეთს ვიყიდდი, მაგრამ ამაოდ. ადრევე დაეპატრონენო. ეკრანით და აურით დავკმაყოფილდი. და რაც შეეხება საქმეს – ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული ემიგრაციის დარბაზს ვხსნით. აქამდე რატომღაც ისე გამოვიდა – სადაც სიტყვა ემიგრანტს ახსენებენ,
მხოლოდ ნოე ჟორდანია მოაგონდებათ ხოლმე და ის ხალხი, ამ მთავრობას რომ გაჰყვა. არადა, ნაკადი ბევრი იყო და სხვადასხვა დროს. ერთ-ერთი პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ვახტანგის ამალაა მოსკოვისკენ საუკუნეების წინ დაძრული. ეს კი თითქოს რაღაც უცნაური ემიგრაცია გახლდათ – ფორმით და არა თვისობრივად – დაახლოებით ისეთი, საქართველოს დემოკრატიული მთავრობა, წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ, საცხოვრებლად პეტერბურგში რომ გადასულიყო. მაგრამ რაც უბრძანეს, ის გააკეთეს. თან ამას ღია მტრობა მაშინ არც ეთქმოდა. ზოგმა შეიძლება ისიც თქვას, სადაც გულმა გაუწიათ, იქ წავიდნენო. როგორც რომ უნდოდათ, ისე მოახდინესო. ქართული დიდებულების უნიათობაზეც შეიძლება საუბარი რიგ შემთხვევაში. ეს სხვა სახის საკითხია და განსხვავებულ კვლევას საჭიროებს. აი, იმჟამინდელი ქართული ემიგრაციის მნიშვნელოვანმა ნაწილმა კი მოსკოვი რაღაც მიზეზით მალევე დატოვა და პოლტავაში დაფუძნდა. მათ შეუერთდა დავით გურამიშვილი – ქართველ დიდპოეტთა ხუთეულში უსათუოდ დაფუძნებული კაცი, რომელიც მხოლოდ ლექსებს არ დასჯერდა და ნახაზებს ქმნიდა სამეურნეო საქმეთათვის. ამის გამო, მირგოროდში მას ერთიორად აფასებენ. იქ მისი მუზეუმი და ბიბლიოთეკაა. ასევე საფლავი შთამბეჭდავი ობელისკით. საფლავი, რომელიც სავარაუდოა, თუმცა ბევრი ცოტა გულუბრყვილოდ მიიჩნევს, რომ მის ნამდვილობას წყალი არ გაუვა. დნეპროპეტროვსკში, სულხან-საბას ძმის შთამომავალი – თუ გვარის გაგრძელების მხრივ ვიტყვით, უკანასკნელი – გალინა ბულატნიკოვა-ორბელიანი ვნახეთ. ქართული, რაღა თქმა უნდა, არ იცის. თუმცა საოცარ საქმეს აკეთებს – საკუთარი გენეალოგიის კვლევა დაიწყო. აგროვებს ყველაფერს – მეცხრამეტე საუკუნის სამოსის ნარჩენები, მეოცის დასაწყისის მისალოცი ბარათები, ხელნაწერები, ნოტების სახელმძღვანელო მინაწერებით. ინიშნავს ზეპირ გადმოცემებსაც. წერს სტატიებს ორბელიანებზე იქაურ გაზეთებში. მოკლედ, არ იღლება. აქამდე ერთი-
ორი იქაური ქართველი თუ გამოეხმაურა, ჩვენს ყურამდეც მათი გზით მოაღწია და „თავს დავესხით“. როცა გვნახა, დიახაც, იტირა. ბევრი რამ ერთად გაუხარდა. ისე, რომ ზოგიერთ უძვირფასეს ნივთსაც შეელია და ბიბლიოთეკას აჩუქა. ეს ცალკე და სასიხარულო თემაა. მაგრამ ერთი სიხარული საქმეს წინ ვერ წასწევს – ჩვენ უნდა ვისწავლოთ საკუთარ კულტურაზე ზრუნვა. თუ არ დავიზარებთ და მოვინდომებთ – გამოვა საქმე. პატარა საქმე როდია. აი, ინგლისი რომ ფინალში გავიდეს, იმას ჰგავს.
ინგლისის ჩემპიონობა ბევრისთვის მითია. ბახრამოვი და ამბავი. მე ეგენი არ მახსოვს, წიგნებში წამიკითხავს, კადრები მინახავს და „მაგათ ხო გუნდი არ ჰყოლიათ არასდროს“, ხალხისგან მსმენია. მე მახსოვს გაზა. პოლ გასქოინი. მსმელი ვითარცა ბესტი და ახირებული, ვითარცა... აქ ბევრი მახსენდება, მაგრამ მისი რანგისა არავინ. არნახული ტალანტის კაცმა სისხლის მაგივრად ვისკი გადაისხა და მარადონობა იუარა. დრამის მოყვარულთათვის დიადი საგაა, მაგრამ ფეხბურთმა იზარალა. დანარცხებულ და გაქუცულ დემონს დაემსგავსა ერთ დროს სხვა ქარებში მფრინავი კაცი. მოულოდნელი კაცი.
მახსოვს დევიდ სიმენი. ადრე რომ სამეფო კარის რაინდივით დადიოდა საფეხბურთო კარის წინ და მერე ესპანელებმა „თვალებიანი ხორცის ნაჭერი“ დაარქვეს. მერე ცენტრიდან გოლების გაშვება დაიწყო. ხორცის ნაჭერი იმად, რომ ბოლო წლები, ხაშურს რომ უახლოვდები და მსხვილი ნაჭრები კიდია და მტვრიანი ქარი არხევს, ეგრე იდგა და ოდნავ თუ ტოკდებოდა. უხეში შედარებაა, არაეთიკური და არაპოლიტკორექტული. მაგრამ საფეხბურთო ეპითეტები სულ ამის ზღვარზეა. საერთოდაც, სტადიონიდან გინება მანქანის მძღოლის გინებას ჰგავს – თითქოს კონკრეტულია, მაგრამ ამავდროს იმდენად ზოგადი, რომ ადრესატს, როგორც სცენაზე დროებით შემოვარდნილს, ეგრე გულისხმობ. მერე კიდევ შეიძლება მასთან ლუდი დალიო. ყაზბეგი. აი, სტივ მაკმანამანს რომ ჰყვარებია. ასე გვამცნობდა მის ინტერვიუში ერთი ჩვენებური სპორტული გაზეთი, ტროლინგის მოყვარული და ავტორი დევიდ ბექჰემისადმი მიწერილი ფრაზისა: „იგი წავა და სხვა მოვა“.
ამ მეკარეს კისერწვრილი ტონი ადამსი