მეთერთმეტე ამბავი: ქათმის დაკვლა. დომინო ახალი წელი დგებოდა. ცას ცოტა თოვლი წამოცდა და მერე მზით იუარა. ციოდა. ტალახი უნახავადაც იგრძნობოდა. ტალახი. ბევრი ტალახი. მე და მამაჩემი სახლში მარტო ვიყავით. საღამოვდებოდა. წამომყევი, ქათამი დავკლათ, – მითხრა მან. მეცოდება, – ვუთხარი. მამაჩემმა უაზროდ გაიცინა. არ შემიძლია, – ვთქვი უფრო მკაფიოდ. მანამდე ერთხელ ვნახე, როგორ ხტუნავდა უთავო მამალი. მერე, როცა ქათმის დასაკლავად გადიოდნენ, ვფიქრობდი, რას გრძნობდა ამ ამბის არმცოდნე მსხვერპლი, რომლის გულიც ჯერ კიდევ მშვიდად ცემდა ფიცრულ საქათმეში. ალბათ არც არაფერს. ბებიაჩემმა კი თქვა, წინასწარ ხვდებიან და შფოთავენო, მაგრამ ტყუილი მგონია. საკუთარი სიკვდილი ცოცხალისთვის გაუგებარი საქმეა, მერწმუნეთ, მისი არსებობის ბოლომდე არავის სჯერა – კედელზე მიყუდებულ და კეფაზე ლულამიბჯენილ დასახვრეტ კაცსაც კი. ადექი, წამოდი! – მკაცრად მითხრა მამაჩემმა, – კაცი ხარ უკვე! მივედით. გამოიყვანა. ქათამს ეძინა და ოდნავ კუთავდა. ნაჯახი მომაწოდა, თავი კუნძზე დაადებინა და შემომხედა. ვერა! არ შემიძლია! უცებ გამომგლიჯა და მთელი ძალით დაარტყა. თავი შორს გადავარდა. ხელში დაიჭირე! ახლავე დაიჭირე! – დაიღრიალა მამაჩემმა. ფეხებზე თითები მოვუჭირე. ქათამი ძაგძაგებდა. იწევდა. თითქოს გასაფრენად. ფეხები დაძაბულად უთრთოდა. ვგრძნობდი, როგორ გადიოდა მისი სიცოცხლე – ცახცახი მისუსტდა და მერე დაცხრა. ორჯერ შეხტუნდა დროგამოშვებით. მორჩა. უცებ გული ამერია და ზედ ვაღებინე. მთელი ღამე მაკანკალებდა. მეშინოდა: ზიზღის და შეცოდების გარდა, ახალი გრძნობა დავლანდე და შემჩნევას გავურბოდი. სხვისი სიკვდილით გამოწვეული საკუთარი სიცოცხლით ტკბობის გრძნობა, რომელიც ქათმის აცახცახებული ფეხებიდან გადმომედო. 12 საათზე, თოფის ყველა გასროლაზე, გული ყელამდე ამომდიოდა. დილით ჩამეძინა. ახალი წელი იდგა. საუზმედ შემწვარი ქათამი მელოდა.
ქათმები აქაც ბლომად იყვნენ. ვიღაც გამურულ ტიპებს ათ წუთში ერთი გამოჰყავდათ და თავს აცლიდნენ. მაგრამ მათ კრიახს ახლა ვერ ვამჩნევდი. ან კი როგორ – მთელ საქათმეთს მკერდით უჩა გადაეფარა. როცა საფეხურებს იცვლი, უკანას ვეღარ ამჩნევ, თითქოს არც ყოფილიყო. ასე მკვლელის საქმეც – კაცის გაგორების მერე, აბა, ქათამი რა სახსენებელია. ასე არ არის, ბატონო გივი?
– რა?
– არაფერი, რაღაცას ვფიქრობდი ჩემთვის და ხმამაღლა ვიცი ხოლმე.
– რას ფიქრობდი, ბიჯო?!
– არაფერი. უცნაური და მოულოდნელია ცხოვრება და ამაზე თქვენი აზრი ძალიან საინტერესო იქნებოდა
გივიმ თავი გააქნია. მაგიდაზე ფული ეწყო და ითვლიდა.
5000 გეყოფა ახლა შენ. მაშინას იყიდი და გაიზმანები.
მერე წამოიწია, პროტესტანტი მღვდელივით თვალებში ჩამხედა – თან სათნოებით, თან მრისხანებით – და ქადაგებას შეუდგა: მეო, შენგან დავალებული, მაგრამ მაინც უფროსი ვარო. ამიტომ უნდა დამემორჩილოო. ხუთი ათასს ხომ ხედავო? ათჯერ ამდენი გექნებაო. ეს ქურდების დრო მგონი ზადნით მიდის, ტყუილა ბალამუტობენ, იმინნა ბრახუნ ტრესტიაო, კინტუხა თბილისელებს კარგად ჩაუსასტავდი, ბაზარი იცი და ამბავი შენ არ გეშლებაო. ეგენი მაგრა ატრაკებენ ახლა, ტორმუზი არ აქვთ და არაფერი – ფიშტო, ბუ-ბუ და პეზპრედელიო. შენი ფიზიკოსების საძმო დუხზე მოიყვანე, ჩემგან ფული და ტყვია გექნება, შენგან ფართი მინდა თბილისთან ახლოს ფერმისთვის და კოოპერატივები იხსნება ახლა და მანდ კანალი გამიჭერიო. კვერცხებისთვისო. კანალი კვერცხებისთვის კი დიდებულად ჟღერდა. ვერაფერს იტყვით.
ხუთ საათზე წამოვედი. მოადგილის ნივით.
ანდაზა ამბობს, კარგი შარვალი უთოს არ დაიკრავსო. კარგი შარვალი ჯინსისაა, მაგრამ ახლა ყველა გარეცხილია და ქვემო სართულის მეზობლის თეთრეულზე იცლება მოლურჯო სისხლით. სადაცაა მეზობელი შეიცხადებს. თუ სახლშია, ცხადია. ეს ნაჭრის შარვალი კი უკვე მთვრალი ტრაქტორისტის მოხნულ მინდორს უფრო ჰგავს, ვიდრე სამსახურში ჩასაცმელს. თან დღეს სტუმრები ჩამოდიან. ლატვიელ ფიზიკოსთა ჯგუფი იქით იყოს და, ნამდვილი ჯადოქრები უთოს სწორად გამსმელები არიან და არა ისინი, ბავშვობაში რომ გვიყვებოდნენ. არც კარტოფილის შეწვისას ზეთის შხეფების ამცილებლები აკლებენ, მაგრამ უთო მაინც სხვა ოსტატობაა. ტელეფონმა დარეკა. ბატონი ლევანი ხართო? ვახლდი. ესა და ეს კაცი უნდა მიიღო სამსახურში ერთი თვითო. ვუთხარი: არ გამოვა, ადგილი არ გვაქვს-მეთქი და იმან: ზევიდან დავარეკინებო. ეს ზევიდან დავარეკინებ პირდაპირ გამოხრულ კბილს მატკივებდა. ჩავძახე – მე უფრო ზევიდან დავარეკინებ შენთვის! ამაზე ზევით არ არსებობსო – მტკიცედ მითხრა. მაშინ ვეღარ მოვითმინე და ავუხსენი, რომ ზევით, საწვიმარ და სადარო ღრუბლებზე მაღლა არის ასეთი ადგილი, საიქიო, სადაც აქაურები მიჰყავთ. მერე ყურმილი დავკიდე, დაჭმუჭნული შარვალი ჩავიცვი და წავედი.
მეორე სართული ვეტერანი ფიზიკოსების იყო. იქ დომინოს თამაშობდნენ და მთავრობას აგინებდნენ. მგონი ახლაც სხედან. თუ კი – ისევ აგინებენ. საგინებელი პერსონები იცვლება,