რეკვიემი მამაზე გიორგი კეკელიძის „გურული დღიურები“ გვერდების ან აბზაცების მონაცვლეობით კი არ უნდა ჩაიკითხო, არამედ სტრიქონიდან სტრიქონამდე. ეს პატარა, თუმცა უაღრესად ტევადი ტექსტია. და ამ ტექსტში უამრავი რამე ინახება:
ამბები
თვითდახასიათება (თვითშეფასება)
დროის დახასიათება (შეფასება)
აზრები (განსჯა)
იუმორი
თითოეულ ამ ნიშნულზე („მარკერზე“) ვიტყვი მოკლედ:
1. ამბები: „დღიურებში“ მოთხრობილი ამბები ყოველდღიური ისტორიებიც კი არ არის, უფრო ყოველდღიურობის შემადგენელი ფრაგმენტებია, ნამსხვრევები. თითქოს შედარება უადგილოა, მაგრამ „დღიურებმა“, თავისი სულისკვეთებით, „წვრილმანების ღმერთი“ გამახსენა - არუნდატი როის სქელტანიანი რომანი, რომელიც ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულ, პატარა ამბებზეა აგებული. აქაც, „დღიურებში“, უბრალო ამბებია, თუმცა, ამ უბრალოებას ორი გამორჩეულობა ახლავს თან: ა) ამბები ემოციურად ზუსტად და სრულიად ახლებური „ჭუჭრუტანიდან“ არის დანახული და ბ) ამ კერძო ამბებში არაკერძო კანონზომიერება იკითხება, ზოგადქართული ან, თუნდაც, ზოგადადამიანური. სწორედ ამიტომაა ეს კერძო ამბები მკითხველისთვის მშობლიური და მისეული.
2. თვითდახასიათება: „დღიურებით“ გიორგი კეკელიძე საკუთარ თავს გვაცნობს, გვიხასიათებს ისე, როგორადაც მას, ჩემი ვარაუდით, ცოტა ვინმე თუ იცნობს. ეს თვითდახასიათება გულწრფელია და, ამდენად, უშეღავათო. აი, ერთი მცირე მაგალითი: „გაჯიუტებული ვარ ადამიანობაში და, ალბათ, ასეც მოვკვდები. გარეგნული სიმშვიდე მოჩვენებითი საქმე გახლავთ. საქმისთვის საჭირო საქმე“. თუმცა, აქ ერთი სპეციფიკური დეტალია: ეს თვითდახასიათება არ არის ზედმიწევნით სუბიექტური, ანუ ნიადაგს მოწყვეტილი და მხოლოდ შემფასებელში, ანუ ავტორში ჩაკეტილი. საკუთარი თავის შეფასებას გიორგი სხვათა პერსპექტივის გათვალისწინებით ახდენს; თუმცა ეს „სხვები“ ცოტანი არიან, მისი უახლოესი ადამიანები - ოჯახის წევრები. და თვით ოჯახის წევრებშიც კი აქცენტები არათანაბრადაა გადანაწილებული და მთავარი ფიგურა მათ შორის მამაა. მამის ხატზე (როგორც ცოცხალი მეხსიერების ნაწილზე, ისე გარდაცვლილის აჩრდილზე) „გავლით“ საკუთარი თავის შეცნობა (დახასიათება) „დღიურების“ სემანტიკური ღერძია და ტექსტს მელოდრამატულ ელფერს აძლევს. საერთოდაც, სევდიანია ეს ტექსტი, სევდის სუნით გაჟღენთილი. „დიახ, ასეთი სუნებიც არსებობს“.
3. დროის დახასიათება: ტექსტში ერთი ასეთი პასაჟია:„ჩვენ სხვანაირი ბავშვობა გვქონდა. სხვისას არ ჰგავდა. არც გამხმარ პურს ვჭამდით და არც შოკოლადისკარაქიანს. არ იყო ეს უკიდურესი სიღარიბე და რა გასაკვირია, რომ არც სიმდიდრე არ იყო. არც მწუხარება და არც სიხარული. არც ტყვეობა და არც თავისუფლება. სადღაც შუაში გაჩხერილები ვიდექით მამიდაშვილების გამონაცვალი შარვლებით, შარვლებში ნაკლეიკებით და რუმინეთიდან ბიცოლაჩვენის ჩამოტანილ რეზინებს ვღეჭავდით და ვბერავდით“.
ეს თხრობა აღწერს დროს, რომელშიც საქართველო დამოუკიდებლობის ბოლო მოპოვებიდან დღემდე ცხოვრობს. ამ დროს პოლიტიკის ენაზე „ტრანზიტული“ დრო ჰქვია, ხოლო გურულად - „შუაში გაჩხერილი“ დრო. ამ ტრანზიტულობას სხვადასხვა ასპარეზი აქვს - პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, სოციალური - და, შესაბამისად, ხან ერთი ასპარეზი აქტიურდება, ხან სხვა, თუმცა, „ტრანზიტულობა“ ერთგვარი კონსტანტაა, რომლისთვისაც თავი ჯერ კიდევ ვერაფრით დაგვიღწევია. „დღიურებში“ სულ იგრძნობა ამ „შუაში გაჩხერილობის“ ბინარული შინაარსი: სუსხი და სითბო, ტკივილი და სიხარული, სევდა და სიმხიარულე, ცრემლი და ჟრიამული... ეს ოპოზიციები თითქოს ერთმანეთში გადადის, თანაარსებობს, ერთმანეთით ცოცხლობს. ჩვენც, ყველანი, ერთი მხრივ, ამ ტრანზიტულობის მსხვერპლები ვართ, ხოლო, მეორე მხრივ, ფავორიტები!
4. აზრები (განსჯა): „დღიურებს“ თეორიული (შემეცნებითი) განზომილებაც აქვს. უფრო სწორად, მხატვრულ-თეორიული. ეს განზომილება ტექსტს, ემოციურ ღირებულებასთან ერთად, ცოდნის ღირებულებასაც სძენს: მკითხველი სწავლობს, იაზრებს, იმეცნებს. აბა, წავიკითხოთ: „დიდი დაზარებაა აგვისტო. უნებისყოფობის მწვერვალებს ლაშქრავ. ალბათ, ამიტომაც დგება მაშინ ფერისცვალება - თითქოს სხვა სიცოცხლეში გადასაბარგებლად ემზადები. ნაბიჯებს იქით სექტემბერია. ადამიანებს გვეშინია ფერისცვალების - მწიფე ზაფხულის ჩამავალ მზესავით მობერებულ, უფორმო სხეულიდან გამოსვლა და სხვაგან გადაბარგება გვიჭირს. არადა, ეს არის ჩვენი მთავარი უპირატესობა - ადამიანად ყოფნის საუკეთესო ნიშანი. ძველის მიტოვება ტკივილს გულისხმობს - შეჩვევის და სითბოს დაკარგვის, ახლის მიღება - შიშს უცხოსი და რთულის. ამიტომაც ბევრი აგვისტოში რჩება და სხვა ყველა თვეც აგვისტოა მისთვის - უძრაობის და სიცოცხლისგან თვალის მორიდების დრო“.
მე ვიტყოდი, რომ ეს სოციალური შემეცნებაა, არა განყენებული, არამედ ცდიდან (გამოცდილებიდან) ამოზრდილი. თუ ზემოთ მოტანილ პასაჟს დროებით მხატვრულ საბურველს შემოვაცლით და წმინდა თეორიულად შევხედავთ, ხელში შეგვრჩება სოციალურ პრაქტიკათა შინაარსობრივი მონაცვლეობის შესახებ საინტერესო დაკვირვება, რომელიც ბევრ რამეს ითვალისწინებს: დროს, კლიმატს, ადამიანის ფსიქოლოგიას, ურთიერთობების სპეციფიკას და ა.შ. ხოლო დაკვირვება რომ შემეცნების ერთ-ერთი მეთოდია, ეს საყოველთაოდ ცნობილია.
5. იუმორი: „დღიურებში“ თქვენ ვერ ნახავთ „პირდაპირ“ (მჭახე) იუმორს, რომელიც ზედაპირზე ტივტივებს და უცებ ზემოქმედებს, დაუფიქრებლად (ინსტინქტურად) გაღიმებს ან გაცინებს. არა, აქ სხვანაირი იუმორია, რაღაცნაირად შეფარული და ყოფასთან (სოფლურ ყოფასთან!) გადაჯაჭვული. ამდენად, იუმორიც გვიყვება ამბავს