მეთხუთმეტე ამბავი: მუსიე კაკო ოთახში ბუხარი ენთო, მაგრამ ბუხრის ხელობა უცნაურია: საიდანაც მიეფიცხები, მხოლოდ იმ ნაწილს გითბობს. ამიტომაც ციოდა. მით უფრო, ასეთ ფარღალალა სახლში. იატაკს ბლომად ეტყობა ქათმის სკინტლი, კარი დღისით ხან ღია რჩება და სახლის პატრონს აშკარად ეზარება აქშევა. კარადის თავზე ცარიელი, ჭუჭყიანი ქილები დევს. ოდნავ შემპალი კარალიოკები და სახელურზე ობობის ქსელმოდებული დოქი. დოქის გვერდით სამი სურათია – ორი მოხუცი ქალის და ერთი ახალგაზრდის. ეს ბოლო, უფრო დიდი და ხარისხიანი ჩანს.
კაკოია ანთაძე მამაჩემის მამიდაშვილია. ოდესღაც ადგილობრივი დენდი და დედისერთა. ზრდიდა მას დედა და დეიდა. სოფელ შემოქმედში. იზრდებოდა დიდი თავსტრიალით და ფუფუნებით – რაც რომ სოფლის გაქანებითაა შესაძლებელი. შერთეს ულამაზესი ცოლი, მეზობელი სოფლიდან. დარიკო. ცოლმა ერთ საღამოს თავი დაიბანა და თმებშეუშრობელი მეზობლთან გადავიდა. დეკემბრის ყინვისას. ექიმებმა მენინგიტიო. დიდი ხმაურით დაკრძალეს. სულ ბოლოს დეიდამისი გარდაიცვალა. და ამის შემდეგ კაკოია გაღარიბდა. შრომა სულ ეზარებოდა. ახლა მით უფრო – მიზეზი ჰქონდა. ცხოვრებამ დაჩაგრა და შური დატოვებულ ოქროულობაზე იძია. მერე ნივთებზე. გასაკეთებლად გამზადებული ტუალეტის კაფელი და უნიტაზიც კი მიყიდა ბათუმიდან ჩამოსულ გარენათესავებს. რადგან ბავშვობისას წიგნები წაეკითხა, კაკოია თავს გამორჩეულ კაცად გრძნობდა – ყანას და თხილს ეგ არ მოუვლიდა. ამიტომაც დადიოდა ღატაკი და თავაწეული. დიადი იდეებით და კიდევ უფრო დიადი სიზარმაცით. ერთხელ მოინდომა სირაქლემის კვერცხები ჩამოეტანა, დაზრდილი სირაქლემები ურემში შეება და როგორც ინტელექტუალს შეეფერებოდა, ორღობეში მასზე შემომჯდარს ევლო. კაკოს ოცნებები ლაყე გამოდგა, სირაქლემის კვერცხებით. ან ის ინკუბატორი არ ვარგოდა, სოფლის კულტურის სახლში რომ დაედგა რიმა ღლონტს და აქირავებდა. რა გითხრათ. სახლში მოფერადო ტელევიზორი ჰქონდა, ტაურასი, სრულიად ორიგინალური პულტით – იწვა და ორი ერთმანეთზე გადაბმული ოთახის საწმენდი ჯოხით რთავდა. ავმა ენებმა ეგეც კი თქვეს, კედლები მძიმე სუნს იმადაც გასუნთქებენ, ბატონი კაკო ღამით კომპოტის ყოფილ ქილაში შარდავსო. თან იქვე ლოგინში იყუდებს, კი არ გადმოდისო. ავმა ენებმა, განა კეთილმა. ამიტომაც ეს ბოლო საქმე დავივიწყოთ. სანადირო თოფი ჰქონდა, მაგრამ ტყე-ტყე ყიალი და კაკო ვერ თავსდებოდნენ. კაკო ყაჩაღი კი არ იყო. ჰოდა, თუ ვინმეს ბურვაკი ან ინდაური წმინდა საზღვრებს დაარღვევდა და ეზოში შემოიჭრებოდა, სროლის ხმაც არ დაახანებდა. მერე მდუღარე წყალში ჩააყუდებდა და ნახევრად გაპუტულს წვავდა. ეს ამბავი ნაღდია, ავი ენების მონაჭორი კი არა. ძველი, ჟანგჩაკირული ვანა ჰქონდა და იმით ზაფხულის აბაზანა მოიწყო. სახურავიდან წყლის სადინარი ხომ იცით? ოჭვათოდ იცნობენ გურიაში – იმას შეუდგა. ივნისში კიდევ ჰო, და ივლისის შუაში, გადაუღვრელ წყალს სიმწვანე მოედო. სიმწვანეში თავკომბალები გაჩნდნენ. მაგრამ კაკო ამან ვერ შეაკრთო, ისევ წვებოდა შიგნით, ნასესხებ თუთუნს ეწეოდა და როგორც მაშინ იტყოდნენ ხოლმე – მიმიქარავს პიცუნდა.
კაკოს გვერდით თელაველმა კაცმა მიწა იყიდა. ფული ჰქონდა ამ კაცს და დიდი სახლი წამოიწყო. თუმცა, სანამ საფუძველს ასცდებოდა, აი, გურიაში რასაც ქუხნას ეძახიან, ეგეთი ააშენა. ოღონდ დიდებული ქუხნა გამოდგა – ლამის ევრორემონტით. სარკეები, მეტლახი, რუსული კარადები. კაცი მოულოდნელად მოკვდა. გულმა დაარტყაო. მანქანაზე იჯდა და სადღაც გადაიჩეხა. მოკლედ, მეზობლის მიდამო უპატრონოდ დარჩა. იმ კაცს შვილი კი ჰყავდა, მაგრამ თასმებზე ეკიდა შემოქმედის მთელი ავლა-დიდება. ერთი შემოითვალა, გვერდით რომ მეზობელია, მაგან მიხედოსო. კაკომაც მიხედა – ჯერ ფანჯრებს დააკვდა ჭუჭყი და ისე შეფერა, როგორც დეპრესიით ავადმყოფებს აქვთ თვალს ქვემოთ რაღაც შავი ლაქები. მერე მოულოდნელად, შიგნით, იატაკი გასკდა და სურო ამოიწვერა. კარადებს და სარკის ჩარჩოებს მოედო. ამაზე უფრო მოულოდნელად, სუროს, თითქოს მიწიდან, გაუგებარი წარმოშობის ცოლ-ქმარი ამოჰყვა. ამბობდნენ, დუხობორები არიანო, ალბათ სლავური ცხვირ-პირის გამო. მაგრამ რწმენისა ამ ადამიანებს არაფერი ეტყობოდათ. ქართულად ლაპარაკობდნენ. ბუდარა და ბუდარიხა დაარქვეს – გახსოვთ, ცხადია, ეს ხალხი სხვა წიგნიდან. კაკო ქმარს სათხილეში ამუშავებდა და ჩემი ეჭვით, ცოლთან შეძლებისდაგვარი რომანი ჰქონდა. შეძლებისდაგვარში სექსუალურ შნოს ვგულისხმობ – კლიმაქსი, ცუდი კვება. ხომ იცით. ორივეს დაავალა, როცა რამეს უბრძანებდა, პასუხად ეთქვათ – აღვასრულებთ, მუსიე კაკო! ამ სიტყვების მერე, სულ მცირე, კაკოს ოცნებების სასაფლაოზე ამოსული ბალახი მაინც შეირხეოდა.
როცა ჩავედი, სწორედ ეს ბუდარა და ბუდარიხა დამხვდნენ. სახლის წინ ისხდნენ და თხილს არჩევდნენ.
მუსიე კაკოსთან ბრძანდებით?
სად არის კაკო?
მუსიე კაკო ისვენებს.
დაუძახეთ.
ისვენებს მუსიე კაკო.
დაუძახეთ! – დავუღრიალე მე და პისტოლეტიც დავანახე.