გიორგი კეკელიძე - 19 დამახსოვრებული სასიყვარულო ლექსი სიყვარულიც ხომ სპონტანური, უცაბედი საქმეა. ორი გზა მქონდა - მეფიქრა ბევრი იმაზე, რაც არაერთხელ წამიკითხავს ან გონებაში თვალის ერთი გადავლებით მემოქმედა. მეორე ავირჩიე. იმ მიზეზით, ამ პატარა შესავლის დასაწყისში რომ მოგახსენეთ.
ადრე ერთმა კარგმა კაცმა ცოტა გაგვაბრიყვა - ყველა ქართველი პოეტი ორჯერ პოეტიაო და სხვანი. მთლად ასე არ არის - მაგრამ პოეზიას ჩვენთან არ უჭირს, ესეც ცხადია. მეტიც - ზოგჯერ მსოფლიო მასშტაბებს წვდება. ხოლო პოეზია რომ უსიყვარულოდ ვერ ძლებს - ესეც ნათელია.
ისე, ვისთვის როგორ - მე მაგალითად სიყვარულის უდიდეს ჰიმნად სრულიად არალექსად ჩაფიქრებული, ქვაბის კედელზე უცნობი ქალის მინაწერი მიმაჩნია:
„თოთხმეტი წლისა აღმკვეცეს მონაზვნად,
აქვე შევსრულდი სამოცდათოთხმეტის...
რა ლამაზი იყავი ბიჭო....“
ასე, რომ არჩევანისას დავა გარდაუვალია - თუმცა ამ კრებულს დიდი კრიტიკითაც ნუ მიუდგებით. პირადი ანთოლოგიაა. თანაც ცოტა უცნაური - არა საყვარელი, არამედ დამახსოვრებული ლექსები (თუმცა ხან ეს ერთმანეთს სულაც არ გამორიცხავს)
აქ მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ჩათვლით ის პოეტური ნიმუშებია თავმოყრილი, რომელიც, როგორც გითხარით, ყველაზე უფრო დასამახსოვრებელი იყო ჩემთვის - სხვადასხვა მიზეზის გამო. მათ შორის - სასკოლო პროგრამების გავლენით - ეს უკანასკნელი კი ასოციციური თვალსაზრისით ლამის გადამწყვეტი აღმოჩნდა. თუმცა რიგ შემთხვევაში გავექეცი. ზოგიერთი ნაწარმოები შეიძლება მისტიკური შრეების მატარებელიცაა - თუმცა აქ ამ სიღრმეებს ნუ ჩავყვებით. არც მიცდია განგებ მეორიგინალურა - ეს ლექსები ყველამ იცის და არაერთ ანთოლოგიაში გინახავთ. მე უბრალოდ შეგახსენებთ. სიყვარულს და პოეზიას, გარდა მალვისა, ხანდახან შეხსენებაც უხდება.