ამბავი მეშვიდე: სხვა სახლი სიბერე სიკვდილის არსებობის გამართლებაა. სიცოცხლისგან დაღლა ამართლებს. ამიტომაც მიყვარს მოხუცები - მათი თვალები გულგრილია სიკვდილის მიმართ - ისე ელიან, როგორც მეოთხე კარაქიან პურს ყველაზე პუტკუნა ბავშვები ბაგაში, სადილისას. ალბათ არის წელიწადი, როცა შენ ამას გრძნობ. სამოცდახუთი? სამოცდაცამეტი? ოთხმოცდახუთი? არ ვიცი. არასდროს ვყოფილვარ ოთხმოცდახუთის. მინდა კი. რადგან ახლა სიკვდილი გაუგებარი ამბავია. მხოლოდ შიშს და ტკივილს ვიგრძნობ. მე კი სიხარულის სურვილი მკლავს. იმედია, ყველა ტყვია ამცდება და ღრმად მოვხუცდები. ისე, როგორც ბებიაჩემი. ერთხელ, როცა ავად გახდა, მაღლა აიხედა და ღიმილით თქვა: „ რა უჭირს მერე, ჩემს ლელიკუნას ვნახავ იქინე “ . ბებიაჩემს უხაროდა სიკვდილი. შეიძლება სხვა დროსაც გაგიხარდეს, მაგრამ მაშინ იძულებას უფრო ჰგავს. აი, სიბერისას ბუნებრივია ეს სიხარული. ამიტომაც მგონია სიკვდილის გამართლება.
გივის დედ-მამა გარდაბნის ბოლოს ცხოვრობდა. შეიძლება ითქვას - აზერბაიჯანის და ოთხმოცდაათის საზღვართან. ოთხმოცდაათი წლის. სიბერეზე ჩემი ფიქრი ამადაც გაგანდეთ. იქ ერთი კვირა უნდა მეცხოვრა. მოსამსახურე არ ჰყავდათ, შესაბამისად ჭუჭყი მეტი ჰქონდათ, ვიდრე სიცოცხლის დარჩენილი წლები. ქათამთგამრიგე გივიმ შესაშური სცენა დადგა, თითქოს მისი ცოლის ნათესავი ვიყავი და დროებით თავს შევაფარებდი, ასე იყო საჭირო. „ ასე არის საჭირო “ - მაშინ მაგიურ სიტყვებს უდრიდა - პატიოსან ხალხს ბევრი კითხვით თავი აღარ შეუწუხებია. გივი შვიდ დღეში მოვა. ერევანში აქვს საქმე.
ქალმა კარადა გამოაღო და თეთრეული გამოიღო.
არ გინდათ, ნუ გააუთოებთ. მიჩვეული ვარ დაჭმუჭნულში წოლას.
მერე ჩაქრა და საღამოს, სად იყო და სად არა, შუქი ისევ მოვიდა.
ვჭამოთ.
ისინი ცოტას ლაპარაკობდნენ. უფრო მეტს ჭამდნენ. სუფრაზე არაყი იდგა. გრძელი, ბოლოს გედივით მოღუნულყელიანი ბოთლით. არავინ აპირებდა დალევას. ისე. შემწვარი კარტოფილი. კომბოსტოს ვარდისფერი მჟავე. მსუქან ნაჭრებად პური. უფრო თხლად - ყველი. მგონი ცხვრის არა - სუნი ვერ ვიგრძენი.
ჩაი არ დაულევიათ.
მალე მოვრჩით.
აუ, მიდი რა, თავში ჩაარტყი, - მთხოვდა მამაჩემი. ციმციმებდა და გაჩერდებოდა. მერე ისევ. მაშინ მივეჩვიე ხელის ქნევას - გვერდიდან, ზევიდან. რას ვლაპარაკობ?
საქმე ის გახლავთ, რომ მხოლოდ დინოზავრები არ გადაშენებულან. ახლა ზუსტად ვიცი - შეიძლება ფერებიც გადაშენდნენ - მაგალითად, რომელიმე საბჭოთა, უკვე ცემისგან დაღლილი ტელევიზორის გამოსახულება. ამ ფერის მსგავსი - სიმწიფესთან ახლომოსულ და ვარდისფერ პამიდვრებს აქვთ, ქარისგან ნაადრევად დაცვენილებს სახლში რომ შემოიტანენ და მზიან რაფაზე შემოაწყობენ. მაგრამ ზუსტად ვინ გაიმეორებს ამ ფერს? ვეღარავინ. აღარავინ.
ჰოდა, ჩართეს. შემეცნებითი გადაცემა მიიზლაზნებოდა საბჭოთა საქართველოში ნარკომანიის და პროსტიტუციის მომძლავრებაზე. 1990 წელი იდგა. კაცმა რომ თქვას, რაღა საბჭოთა კავშირი, მაგრამ მაინც. კაცი, დიდი, მართკუთხედი სათვალით და მრავალკუთხედი თავით, დანანებით ამბობდა: „ თბილისში, კერძო ბინებში შეინიშნება უზნეო ახალგაზრდების ხშირი თავყრილობა. ეს მოვლენა ჩვენი დედაქალაქის ბნელ და დასაძრახ, მაგრამ როგორც ვხედავთ, პოპულარულ მხარედ იქცა. ეგრეთ წოდებული უბნის ყოჩები ძალისხმევას არ იშურებენ, რათა ამ ჭაობში ჩაითრიონ ჯერაც ჩამოუყალიბებელი ახალგაზრდობა. სამწუხაროდ, ხშირად ამას ვერც მშობლები უშლიან ხელს. პარტია გმობს, პარტიას აქვს გეგმა, პარტია აუცილებლად წელში გადატეხს “ და რაღაც განწირული ფრაზები. უკვე განწირული. ბოლოს ერთი ქალი აჩვენეს. გამომძიებლის პასუხად, ძლივს შესამჩნევად მოჰყვა: „ ზესტაფონიდან ჩემმა დეიდაშვილმა წამომიყვანა. მითხრა, რომ სახლში სილამაზის სალონს ხსნიდა... “
მე ვიცნობდი ამ ქალებს. ქალებს, ტანზე დამწვარი რეზინის მომწარო სუნი რომ ასდიოდათ, როცა იხდიდნენ. ასეთი სუნი სხვისი ოფლის შეშრობისას იბადება. საკუთარ ოფლს ურევენ და ასე. სოფელში ჭუჭყიან ბავშვებსაც აქვთ, უცებ წვიმით როცა სველდებიან და შენთან ერთად, ძველი სახლის დაკენკილ სახურავს ეფარებიან - სანამ გადაიღებს. მე ვიცნობდი ამ ქალებს. საბანს სწევდნენ და ყოველ მორიგ კაცთან ისე წვებოდნენ, როგორც ქრონიკულად მწოლიარე ავადმყოფი მიუშვერს დაღლილ ვენას შვიდ საათში მეხუთე გადასხმის ნემსს. 40 მანეთი. „ მასკვა “ . პუმები - ეს სტუმარ კაცებს. მუქზედიან, მსუქან და გამხდარ კაცებს. ხოლო ქალებს - ფეხებზე დაბერილი კაპილარები, გაბრაზებული კაპილარები, იქვე, წვივებთან რომ იკარგებოდნენ, როგორც შემთხვევით დაღვრილი წყალი მზეჩაქცეულ, მშიერ უდაბნოში. არავინ იცის, სად მიდიოდა ეს დინება. სად ახრჩობდა თავის სიბრაზეს. ამ ქალებს არასდროს უთქვამთ, რომ არ გაუმართლათ, რომ წუხელ მთელი ღამე ტიროდნენ და ამის ექოა თვალების სიწითლე, რომ უკეთეს ცხოვრებას იმსახურებდნენ, რომ ფულს აგროვებდნენ ევროპაში გასაქცევად, რომ ნორმალურ სამსახურს ეძებდნენ, თუნდაც იაფი ანაზღაურებით. აი, ბოზობით რომ დღეში