პროლოგი. შუამდინარეთი. აბანო. ღმერთი.
საბეწო ვარ, გამოდი!
წითელი გველისა ვარ,
მკვდარი თაგვისა ვარ,
ყვითელი ბაყაყისა ვარ და ხვლიკისა ვარ,
ყვითელი ხვლიკისა ვარ,
მატინტელაისა ვარ!
აჰა, მოვხაზე მზე და მთვარე,
მზის შეჟრჟოლება ზღვად დაფვლისას –
თბილი სისხლი.
ცივი სისხლი –
მეჩხერ ტყეში დაჩეხილი მთვარის კვართი.
აჰა, მოვხაზე ვარსკვლავები,
რომელთა ნაწილს ძველი ძუა ვარგუნე ძაფად
და ხანდახან, აივნიდან გაბმულ მზერით თუ მოქაჩავთ,
იოლად წყდება.
ანი იზრა, მანი იზრა, ცანი იზრა,
ქალი იჯდა შუა გზაზე,
ტიროდა.
მიველ და მომსიტყვა:
შენი დედა ვარ,
ამასა ვტირ, ამასა ვჟღივ –
წადი – განიბანე ტანი,
წყალს ცხადივით გაატანე
ათასწლის მტვერი.
აჰა, აბანო:
წყლის ფრთხილი ნიავი
და ორთქლის საბანი.
კართან დავკიდე ყველა სიტყვა,
რაც კი მებადა
და სავსე ვარცლში ბლანტე თმები გავფინე ბადედ.
მოვიდნენ ძილის მჭედლები
და ვერცხლის ფსკერზე თმებით მიმაჭედეს,
მოფრინდა შავი ფრინველი,
გაფრინდა შავი ფრინველი,
გამეღვიძა და გამოვედი –
არცა სიტყვა,
არცა ასო მისი მონაწყვეტი –
ენა გამიშრა.
მიქრის, მიაფრენს უგზო-უკვლო სიტყვებს ყორანი,
უკან მივჩხავი.