ექსტაზის პოეტიკა “ სინამდვილე მეტაფორების, მეტონიმიების, ანთროპომორფიზმების მოძრავი არმიაა. ”
ნიცშე. “ ჭეშმარიტებისა და სიცრუის შესახებ ”
“ ერთ საღამოს კალთაზე დავისვი სილამაზე. მწარე მეჩვენა. და შეურაცხვყავი. სამართლიანობას ავუმხედრდი. გავერიდე ყოველივეს. ”
რემბო. “ ერთი სეზონი ჯოჯოხეთში ”
“ სიზმრიდან გამოფხიზლებისას ჩვენ როდი ვიღვიძებთ, არამედ წინა სიზმარს ვუბრუნდებით; სიზმარს, რომელიც სხვა სიზმრის ნაწილია და ასე უსასრულობამდე. ”
ბორხესი. “ ლაბირინთები ”
“ ღმერთი ადამიანების მარტოობაა. ”
გაბრიელ მარსელი
ძვ. წ. მე-4 საუკუნეში ჩინელი ფილოსოფოსი ჭუან ძი წერდა: “ ერთხელ მე, ჭუან ძის, მესიზმრა, თითქოს პეპელა ვიყავი... ჩემი ცნობიერება მხოლოდ პეპლური ოცნებებით სულდგმულობდა და არაფერი იცოდა ჩემი ადამიანური ბუნების შესახებ. უცბად გამომეღვიძა... და ახლა აღარ ვუწყი, კაცი ვარ, რომელსაც ესიზმრა, რომ პეპელა იყო, თუ პეპელა ვარ, რომელსაც ესიზმრა, რომ კაცი იყო. ” გიორგი კეკელიძის პოეზია, თავისი ფსიქოსომატური განწყობით, trip-აქცენტებით, ცნობიერების მყიფე საზღვრებით თუ ნიკ ქეივისებური წარმავლობის გოთური ესთეტიკით, რომელიც სიზმრის/სიკვდილის და ცხადის/სიცოცხლის ზღვარზეა, მითის თუ ზღაპრის შთაბეჭდილებას ქმნის, სადაც სინამდვილე, ედგარ პოს სიტყვებით რომ ვთქვათ, “ ოდენ სიზმრის სიზმარია ” . ოდაში “ სიკვდილის შესახებ ” ხომ წერს: “ ერთხელ ქუთუთო ჩამერაზა/ და სხვაგან დავრჩი ” და აქ სიზმარი თუ ხილვა თითქოს უფრო დიდ სინამდვილესთან, საგნების არსთან მიახლოების გზაა.
არის ცდუნება, რომ ფორმულიდან - “ ცხოვრება ოდენ სიზმრის სიზმარია ” მეორე ფორმულაც გამოვიყვანოთ - “ პოეზია ოდენ სიზმრის სიზმარია ” . უნებლიედ, შეიძლება პლატო4 ისეული მოდელიც გაგვახსენდეს და პოეზია მესამე რიგის სინამდვილედ დავსახოთ. ამისკენ თვითონ გიორგი კეკელიძის ერთი სტრიქონიც გვიბიძგებს: “ მე თქვენ მოგატყუეთ მზეო და მთვარეო,/ისევე, როგორც სევდა გავიტყუე/და ლექსი მოვიტყუე – / ლექსი არის ჩემი უდიდესი ტყუილი. ” ( “ აღმსარებლის ეპისტოლე ” ). ამგვარი “ ტყუილი ” , ან, გნებავთ, “ სიზმრის სიზმარი ” სინამდვილის აბსტრაგირებაა, ისევე როგორც რემბოს “ გასხივოსნებებში ” თუ “ ერთი სეზონი ჯოჯოხეთში ” , რაც სინამდვილიდან გაქცევას და ინტროვერსიას გულისხმობს. ინტროვერსია კი გიორგი კეკელიძის პოეზიის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია – ამ პრიზმაში კი სამყარო ისეთია, როგორსაც ვხედავ.
პარადოქსულია, მაგრამ რატომღაც საბჭოთა პერიოდი გამახსენდა. ახლა რომ ძველი დრო იყოს, ცხადად წარმომიდგენია, რას დაწერდნენ. იტყოდნენ, რომ კეკელიძე სინამდვილეს ლანდების სამყაროში გაურბის. მაშინვე დეკადენტურის იარლიყს მიაკერებდნენ და უკეთეს შემთხვევაში, მწერალთა დიადი კავშირის “ ნახევრადღმერთების ” რიგებიდან გარიცხავდნენ. მაგრამ, საბედნიეროდ, დღეს სხვა დროა, იმის მიუხედავად, რომ დღესაც არსებობენ “ ნახევრადღმერთები ” , რომელთათვისაც წარსულის პრივილეგიები მხოლოდ შაბათის ღამის სიზმრის ამარაღა დარჩა. ალბათ ამაზე მიგვითითებს გიორგი კეკელიძის ერთგვარი სტრიქონი-გამოწვევა: “ და ახლა ყველა სახრჩობელა ყელზე მკიდია/და გასაღების ასხმასავით მივაჩხრიალებ ” ( “ მესამე მარტო ოდა ” ), რომლის ადრესატებიც სწორედ ასეთი “ ნახევრადღმერთები ” არიან და სადაც სიტყვათშეთანხმება “ ყელზე მკიდია ” ჰიპოგრამად გარდაიქმნება და სემანტიკურად და ასოციაციურად ყველასთვის ცნობილ ჟარგონულ გამოთქმას უკავშირდება. მაგრამ, მოდით, ისევ გაქცევას დავუბრუნდეთ.
გიორგი კეკელიძის ლექსების ლირიკული “ მე ” -ს ამ ერთგვარი გაქცევის დახიასიათებისთვის შეგვიძლია პირობითად ორი ეტაპი გამოვყოთ. პირველ შემთხვევაში უფრო მეტად ყოფიერების აბსურდულობის შეგრძნება არის აქცენტირებული, მეორე შემთხვევაში კი სინამდვილე გარდაიქმნება, სინამდვილის მეტაფორიზების გზით და მეორე რიგის სინამდვილე, ანუ ერთგვარი მითიური გარემო იქმნება.
პირველ შემთხვევაში ესაა ბუდისტური “ ყოფიერების მეტაფიზიკა ” , სადაც გაქცევის წინაპირობად ეგზისტენციური კრიზისი იქცევა და “ მე ” -სგან გათავისუფლება თითქოს ეგზისტენციური სევდისგან თავის დაღწევის საშუალება ხდება ( “ სიზმრებს ჭრილობაში ბალახივით ვიფენ ” ); სადაც ლირიკული “ მე ” ცისკენ “ ისვრის ” “ მკვდარ ოცნებებს ” და ამით გაბრიელ მარსელის სტრიქონებთან ალუზიას ქმნის; სადაც ურბანისტული სივრცის ბინადარი “ მე ” ბოდლერისეულ flaneur-ს მოგვაგონებს, რომელსაც ისეთ გარემოში უწევს არსებობა, რომელშიც