შოთა დიღმელაშვილი -
სხვა წინასიტყვაობა მე არ ვარ უბრალოდ მკითხველი და, შესაბამისად, ვერც ინტერპრეტაციას შევკერავ მთლად პატიოსნად, რადგან ავტორის ჩანაფიქრის, თხრობის მისეული, სახასიათო შტრიხებისა, თუ მხატვრული აზროვნების მანერის ასაკინძავად ძაფებს წიგნში არ დავეძებ. რაც უნდა ფატალურად წყდებოდეს ავტორის ბედი პიცერიასა თუ ვენეციაში, ჩვეულებრივი მკითხველისგან განსხვავებით, ჩემთვის იგი მკვდარი ვერ იქნება. არსებობს გამოკვეთილი რისკი, რომ ნაწარმოებისთვის გადაღებული რენტგენი „კლასგარეშე“ ურთიერთობის კადრებს გადაედება ფირზე – გაშუქდება ის, რაც ტექსტს მიღმა იყო. ამგვარი რენტგენი კარგად შეგაფასებინებთ ავტორს, სამაგიეროდ, აზარალებს უშუალოდ ნაწარმოების შეფასებას. როლან ბარტს ეს არ მოეწონებოდა. თანამედროვე ლიტერატურული კრიტიკისთვის ქრესტომათიულ, 1967 წელს გამოქვეყნებულ ესეიში – „ავტორის სიკვდილი“ – იგი რადიკალურად უპირისპირდება ნაწარმოების გარჩევაში ავტორის ბიოგრაფიული კონტექსტის ჩართვის დამკვიდრებულ პრაქტიკას. ამიტომ ბევრ სხვა მწერალ მეგობარს, ალბათ, არც დავყაბულდებოდი წინასიტყვაობის დაწერას, მაგრამ გიორგი კეკელიძე განსაკუთრებული შემთხვევაა. აგიხსნით, რასაც ვგულისხმობ: იგი მწერალთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც საკუთარ წიგნებში ცენტრალურ ადგილს თავადვე იკავებენ (ეს ზედაპირული დაკვირვებითაც ხომ ნათელია – უბრალოდ გადახედეთ „გურული დღიურების“, „ცხრათავიანი ფეხბურთის ზღაპრისა“ და ამ წამს, თქვენს ხელში გადაფურცლული წიგნის გარეკანებს). აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ნაწარმოებზე საუბრისას, ძალაუნებურად, ავტორზე მეტის თქმა მომიწევს, ვიდრე წიგნის სხვა პერსონაჟებზე. კაცმა რომ თქვას, არც ლიტკრიტიკოსი ვარ, რომ ბარტს კოჭი ვუგორო. მოკლედ, დავთანხმდი.
გრძელი წინასიტყვაობის კითხვა არავის გვიყვარს, ამიტომ დიდხანს არ დაგტანჯავთ. საკუთარ ნარატივში დაკავებულ მთავარ როლზე გავჩერდით. ვიცი, რასაც ფიქრობთ, მაგრამ ნუ ვიჩქარებთ სახელოდან „ეგოცენტრულობის“ ბრალდების გამოძრობას – მიუხედავად იმისა, რომ პირადად ჩემთვის, არაეგოცენტრული მწერალი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ნაკლებად საინტერესოა.
აქ საქმე ცოტათი უფრო რთულადაა: ეგოცენტრიზმი მეტწილად ექსტრავერტულ ფსიქოტიპშია გამჯდარი, ცხოვრებაშიც და ლიტერატურაშიც. ჩვენი საყვარელი ეგოცენტრისტი მწერლები ცდილობენ, თავად იყვნენ სამყარო, რომელიც პერსონაჟების ქცევისა და ურთიერთობის წესებს დაარეგულირებს. ისინი არასდროს დგანან პირით პუბლიკისკენ. მხოლოდ ამაყი რევერანსისთვის თუ შემობრუნდებიან – როგორც დირიჟორები. ისინი არ წერენ პირველ პირში, რადგან ეს მათ სცენაზე რიგით პერსონაჟად დააყენებდა. მათ არ უნდათ, არსებობდნენ სცენაზე, მაგრამ ეს ლაკანისეული „დიდი სხვის“ მზაკვრული არარსებობაა – არ იყო არსად, რათა იყო ყველგან.
თავად გიორგი კეკელიძის მხატვრული პოზიცია აშკარად საპირისპიროა – მეტისმეტად ინტროვერტული. მას არ აინტერესებს სამყაროს შექმნა, მას აინტერესებს საკუთარი ადგილი სხვების შექმნილ სამყაროში. მას არ აინტერესებს მოცემულობა, მას აინტერესებს საკუთარი თავი ამ მოცემულობაში. მას არ აინტერესებს სამყარო საკუთარი თავის გარეშე, მაგრამ ამავდროულად, არ აინტერესებს საკუთარი თავი ამ სამყაროს გარეშე. იგი ცხოვრების დანარჩენ პერსონაჟებს ცალი თვალით გვიყურებს, მეორე კი ჩაბრუნებული აქვს, რადგან საკუთარ თავში ეგულება სხვა გმირების გასახსნელი უნივერსალური გასაღები. „ღამის ფსკერი ჩემი თვალის თვალუწვდენ ფსკერს ჰგავს“, – წერს იგი ლექსში „დედა და შვილები“.
ჩემი მხრივ, მგონია, რომ სწორედ პოეზიაა გიორგი კეკელიძის პროზაული სტილის გასაღები. აქამდეც მითქვამს, პოეტები მეცნიერებივით არიან. ისინი არ იგონებენ სამყაროს, მით უმეტეს მის კანონზომიერებებს, უბრალოდ, ელეგანტურად აღწერენ მათ. ლოგიკურია, რომ მოლოდინების საპირისპიროდ, პოეტური წარსულისა თუ აწმყოს მქონე მწერლებს დოკუმენტური პროზა მეტად იზიდავთ. გიორგი კეკელიძესაც ასე დაემართა. „სიკვდილი პიცერიაში“ მისი მესამე პროზაული ნაწარმოებია, რომელიც თითქოს სუბიექტური კამერით გვაჩვენებს იმას, რაც ისე ნაცნობია, რომ უკვე თვალს ვარიდებთ – და თურმე სულ ტყუილად. ყოველდღიურობის განუყრელი თემატიკის პროზაული გადამუშავებით, პოეტი გვახსენებს, რომ მთავარი ის კი არაა, რას ვხედავთ, არამედ როგორ ვხედავთ.
ამ ერთი შეხედვით დეტექტივის ჟანრის ნაწარმოებშიც, გიორგი კეკელიძე დამკვირვებელი უფროა, ვიდრე გამომძიებელი (აკი თავად ამბობს „სხვა დეტექტივიაო“). რუსთაველის, მელვილისა და დანტეს ზედაპირული შეთამაშება – მეტია, ვიდრე გულუბრყვილო პოსტმოდერნული რემინისცენცია. ჩვენ ჩავყურებთ თვალს და თვალი ამოგვყურებს ჩვენ. ამიტომ სანამ გიორგი კეკელიძეს ჩვენი სულის არქიტექტორების გაბიაბრუებაში დავდებთ ბრალს, უნდა ვიკითხოთ, რა უფრო დიდი სისასტიკეა ზოგადსაკაცობრიო კულტურისადმი – ავტორის მიზანმიმართული, თუ მკითხველის უნებური ზედაპირულობა? ჰო, ზედაპირულობა – აბა, სხვა რა სიტყვით შეგვიძლია დავახასიათოთ რეალურ ცხოვრებაში მორიგი, კვლავწარმოებადი შექსპირული ტრაგედიის შემდეგ გამართული ვირტუალური ფეისბუკ-პანაშვიდები?
ვფიქრობ, სწორედ დიდი თემებისადმი საყოველთაო, ცხოვრებისეული ზედაპირულობა არის მთავარი პოეტური ჰიპერბოლა, რომელიც ავტორს სურდა, ამოგვეკითხა. ამ მცირე ფორმატში თავმოყრილია ეროვნული ვირტუალური ყოფის მთელი ფენომენოლოგია. გიორგი კეკელიძის განწყობის აღსაწერად ფენომენოლოგია საკვანძო ტერმინია (ენციკლოპედიური განმარტებით, „რადიკალური ანტიტრადიციული ფილოსოფია, რომელიც უბრუნდება ფენომენის აღწერას ისე, როგორც მას განიცდის კონკრეტული ადამიანი. [...] ფენომენი არ შეფასდება მის უშუალოდ განცდამდე“).
დამსაჯეთ! – თითქოს ამას გვეუბნება