ამბავი მეცამეტე: ნატა ორივენიცა!
– თქვა იმ ტიპმა, გრძელცხვირამ. ეს ფილმი კვირაში მგონი სამჯერ მაინც გადიოდა. სიყვარული ყველას უნდა. მე კიდევ არ მგონია, მაინცდამაინც ყველას უნდოდეს, მაგრამ მიდი და შეედავე ეკრანს.
ღამით მოვწიე. ორი ღერი. დილით, ტელევიზორის გამორთვას რომ ვაპირებდი, რიჟამ დარეკა.
– ვაჰ, რას ბოდავ, ბიჭო! – ჩავყვირე. თუმცა, ვიცოდი, რიჟა არ იტყუებოდა. არასდროს.
სულ მიკვრის, ექსტრემალურ დროს ადამიანებს როგორ ახსენდებათ ტანსაცმლის ჩაცმა. ან დამნაშავეებს – ღამით კაცს მოკლავენ, დილით სტუმრად მილიციას ელიან და როცა გამოჰყავთ, შარვალიც აცვიათ და პულოვერიც. ან თვითმკვლელებს – ტყეში თავის ჩამოსაკიდებლად რომ მიდიან და მანამდე, ფეხსაცმელზე ზონარს იკრავენ გულმოდგინედ.
მეც ადამიანი ვარ. ჩავიცვი და ჩავვარდი.
მეფოს ბინიდან კივილნარევი ტირილის ხმა მომწვდა. ნიას ჰგავდა. შევედი თუ არა, წამოხტა და შემომაფურთხა:
– შე ახვარო სოფლელო, შენ გამო დაბრიდეს ჩემი ძმა, შენ გამო მომიკლეს, აქ რა გინდა, შენ გოიმო, წაეთრიე, საიდანაც ჩამოთრეულხარ, კალოშზე ტალახი არ შეგშრობია. სანამ არ აგკუწეს, შე მართლა …
მე მგონი, მთელი ურბანული ქვეცნობიერი გადმოალაგა. თავდახრილი ჩამოვედი. ბიჭები იდგნენ. მივედი. ეგ როგორ? რანაირად? ვინ?
იმათმაო. ძველი, ლიჩნიო. შენი პონტიც დაემატა, მაგრამ პროსტა მიზეზიაო. იქვე მომკლავდნენ, რომ რამე, მაგრამ ახლა აღმართზე იდგნენ. მე კი ძალა მქონდა. არ მგონია, მოხვნა სდომოდათ. ის ანდაზა იცით, ცხადია – აღარ შეგახსენებთ. ფიზიკის ინსტიტუტის საძმოს ტანკი არ ჰყავდა, თორემ სხვა მხრივ უკვე სტალინგრადს აიღებდა. მე კი ვფიქრობდი, ხან როგორ უცებ და ადვილად მთავრდება სიყვარული. ადვილად და უგემოვნოდ. კინოს ინსტიტუტის სტუდენტის სადიპლომო ნამუშევარივით, ფირი რომ დააკლეს და ფრთები ვერ გაშალა. ფინალი ვერ შეკრა. და აი, ზუსტად, ასე დაასრულა – „ მე არ მეგონა თუ კომკავშირს ოქროს საათის გამო უღალატებდით. წადით, დაფიქრდით და ხვალ გამოიარეთ. სხვა დროს მეტი დაკვირვება გამოიჩინეთ. ფილმის დასასრული “
1990 წელია. 21 დეკემბერი. ნატასთან ავალ. ნატა ავადაა. ექიმებმა თქვეს, ცოტა ადრე რომ მიგვესწრო და მისწრებასთან ერთად ფულიც ყოფილიყო, გერმანიაში მკურნალობენო. ექიმებმა სულ ასე იციან. ცოტა ადრე რომ მიგვესწრო. იქ რომ არ მიგეყვანა და ჩვენთან გაგვესინჯა. რატომ დროზე ვერ მიხედა თავს? და თან ხელით ბინძური თეთრი ხალათის ჯიბისკენ მიგანიშნებენ. თუმნიანი უნდა ჩაუკუჭო. სტრიპტიზის მოცეკვავეები ხომ გინახავთ ამერიკულ ფილმებში? მაგათ ჰგვანან ექიმები. თუმცა მაგათ რა, ისინი პატიოსნად მაინც შრომობენ. აი, ქართულ ზღაპრებში რომ დევის ცოლი ცეკვავს ბოძთან, იმას – უფრო. ოღონდ შენი სული, შავ ირემს გაჭრი და იმის მუცელში ყუთია კი არა – შენი სული იმ ანალიზშია, ამ გამოკვლევაშია. ფილტვები გაგესინჯა მაინც – აი, გვერდზე ოთახშია შენი სული. კარგი, სიმართლეს გეტყვი – იმ კაბინეტში, როყვასთანაა. მიქელაძე ჩემი მეგობარია და საუკეთესო სპეციალისტი, ტყუილად ხომ არ გაგგზავნი – იქ არის შენი სული. და თან ეს თუმნიანები. აუცილებელი. უკან რაღაც დიპლომები მიუკრავთ – მასკვა. ნაუჩნაია კანფერენცია. გოსტ. ლენინგრად. გოსტ. სახეც ძალიან აკადემიური – ცხვირზე, შუა გზაზე დაღლილი და შეჩერებული სათვალით. თავი დანაოჭებული, საფეთქლებთან ხშირი თეთრი თმით – თითქოს კუმ ახალი თოვლიდან ამოყო ზურგი. სულ ბოლოს, ხალხური მთქმელივით გამოგხედავენ და გეტყვიან: რას იზამთ, ყველა სიკვდილის შვილები ვართ. შეიძლება საბჭოთა კავშირშია მარტო ასე. მე სხვაგან არ ვყოფილვარ. არ ვიცი.
ისე, ნატამაც იგივე მითხრა. ოღონდ ცოტა სხვანაირად. მე ფანჯარასთან ვიდექი ზურგით. ასე უფრო ადვილია, თორემ თვალებს გაცილებით სასტიკად ესმით სიტყვები, ვიდრე ყურებს. და უფრო იმახსოვრობენ. ჰოდა, ნატამ მითხრა – იცი, თუ სიკვდილის მერე სიცარიელეა, მხოლოდ მაშინ მეშინია. სხვანაირად, რა. სხვანაირად ჯობია სიკვდილი.
რატო? და ჯერ ეს ერთი, შენ არ კვდები.
მოიცა, – ალბათ გაიღიმა ნატამ, – მაცალე.
– გაცალე, მარა...
– სხვანაირად ყოფნა ჯობს. ფორმის გარეშე ყოფნა. ამ ფორმებში უკვდავება მაინც არ გამოდის, რაც უნდა გავიჭინთოთ. თურმე ჯეკსონს ნესტოებში ფილტრი ჩაუდგეს, მაგრამ ზუსტად ვიცი, მაინც მოკვდება ჯეკსონი.
– მასე ყველა მოკვდება.
– მაგას გეუბნები. დედამიწაც აღარ იქნება მასე. ისე, მაგ დროს შემახედა ცალი თვალით...
– რა დროს?
– დედამიწა რომ აფეთქდება. ძალიან საინტერესოა.
– კაი, რა...
– აბა, ის ასწორებს – ბავშვი მაინც მომსწრებოდა და ამბავი...
– ვაააა, მოგესწრება.
– მკიდია. პირიქით, უკეთესია. რატო დავბადო, თუ მაინც უნდა დაიბრიდოს. ირიბად გამოდის, რომ მოსაკლავად ვბადებთ. რომ არ