გიორგი კეკელიძე
დაიბადა 1984 წელს. ქალაქ ოზურგეთში.
პოეტი. მწერალი. ესეისტი. ტელე და რადიო-წამყვანი.
არის ლიტერატურისმცოდნეობის მაგისტრი და მუშაობს სადოქტორო თემაზე: „ქორწინებისა და დაკრძალვის რიტუალები“. კითხულობს ლექციებს კლასიკურ ლიტერატურის მიმართულებით.
2006 წელს – ჟურნალ ლ’ილ-ის და ელქტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge-ს დამფუძნებელი. 2012 წლიდან დღემდე საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი.
გამოცემული წიგნები:
2008 წელი – პოეტური კრებული „ოდები“ (სიესტა) – პრემია „საბა“ საუკეთესო დებიუტისთვის;
2012 წელი – „მინიატურები“ (სიესტა), პროექტი მაი ლაშაურთან ერთად, მხატვრობა და პოეზია;
2014 წელი – პოეზია 2008-2014 (სიესტა) – წინანდლის პრემია საუკეთესო პოეტური კრებულისთვის;
2014 წელი – გურული დღიურები, ესეები (სიესტა) – 2014-2015 წლების საუკეთეოს ბესტესელერი, ჟურნალ „ეგოს“ მიხედვით წლის წიგნი, გურამ რჩეულიშვილის სახელობის პრემია;
2015 წელი – ცხრათავიანი ფეხბურთის ზღაპარი (არტანუჯი);
2015 წელი – ხუთი დეტექტივი – სიკვდილი პიცერიაში, მურმანის სევდა, ანასტასიას ზარი, საყურე, გოგლი-მოგლი (პალიტრა ლ);
2015 წელი – თომთეს თავგადასავალი – საახალწლო ზღაპარი (ჯეოსელი).
მიღებული აქვს პრემია სახე(ლ)ები წლის პროექტებისთვის – გურული დღიურები და ციფრული ფოტომატიანე. წლის ადამიანი ჟურნალ ცხელი შოკოლადის ვერსიით (2010 და 2012 წლები).
„ორი თავგადასავალი“ – რომანის სათაური თითქოს იმთავითვე თავგადასავლების, ავანტიურული რომანების პოეტიკაზე მიგვანიშნებს. ხშირ შემთხვევაში, თავგადასავალი ხომ ავანტიურისგან განუყოფელია – ხალხური ზღაპრებით დაწყებული, დანიელ დეფოს „რობინზონ კრუზოს“ თუ მელვილის „მობი დიკის“ ჩათვლით, უმბერტო ეკოს შედარებით გვიანდელ „ბაუდოლინომდე“. თუმცა გიორგი კეკელიძის რომანის მთხრობელს, ლევანს, რაიმე „მაღალი იდეალები“ არ ამოძრავებს. ის 1990-იანების საქართველოს ტიპური პროდუქტია, რომელიც არსებული სინამდვილის შესაბამისად, ცდილობს ყველაფერი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და, რაც მთავარია, მისი ყოველგვარი ძალისხმევა ყველაზე არსებითი და საფუძვლისეული ინსტინქტის, საკუთარი თავის გადარჩენისკენაა მიმართული. ამიტომაც, 1990-იანების სინამდვილის ყველაზე ცხად გამოხატულებად თითქოს იქცევა ფრაზა ეპიზოდიდან, როდესაც პატარა ლევანი თვალს ადევნებს, როგორ კლავენ ქათამს: „სხვისი სიკვდილით გამოწვეული საკუთარი სიცოცხლით ტკბობის გრძნობა, რომელიც ქათმის აცახცახებული ფეხებიდან გადმომედო“. ამ ფრაზასთან ერთად, რომანში პერიოდულად ბავშვობისდროინდელი მოგონებები – ფსიქოანალიტიკოსის სავარძელში მოთხრობილი ამბებივით ქვეცნობიერის ფსკერიდან ამოდის და ამდენად, რომანი ერთგვარი აღსარების ფორმას იღებს. აღსარების თემა კი ასოციაციურ კავშირს აღძრავს მთელ რიგ ნაწარმოებებთან – იქნება ეს ნეტარი ავგუსტინეს „აღსარებანი“, ჟან-ჟაკ რუსოს „აღსარება“, თომას მანის „ფელიქს კრულის აღსარება“ თუ მიხეილ ჯავახიშვილის „კვაჭი კვაჭანტირაძე“.
მთხრობელიც აქ საკუთარ თავზე პირადაპირ, ზოგჯერ თვითირონიით გვიამბობს. საერთოდ, თვითირონიას ერთი თავისებურება აქვს: თუკი ამას სახალხოდ ვაკეთებთ, გარშემომყოფებს ვაბნევთ და მათ არ იციან, როგორი რეაქცია ქონდეთ. ამ დროს ადამიანი სულელია, ან პროვოცირებას ახდენს. ასეა, მაგალითად, ჟან-ჟაკ რუსოს „აღსარებაში“, სადაც საკუთარი თავის მხილება და გულახდილობა თვითგამართლებად იქცევა. ამ ლოგიკით, ლევანი, მართალია, მეცნიერი-ფიზიკოსი და, ამავე დროს, შეიარაღებული დაჯგუფების წევრია, რომლის კისერზეც არაერთი ადამიანის სისხლია, მაგრამ სხვებზე უკეთესია, ვინაიდან ის ბედავს და აღსარებას გვაბარებს ჩვენ, მკითხველს. მაგრამ ჩვენ კიდევ ერთი აღსარება გვახსოვს - ნეტარი ავგუსტინეს ტექსტი, სადაც ის საკუთარ თავს ამხელს. ამას ავგუსტინე ღმერთის წინაშე აკეთებს, რომელთანაც ისედაც შიშვლები ვართ. რას ნიშნავს სიშიშვლე? აქ არა მხოლოდ ტანსაცმელი იგულისხმება, არამედ ადამიანური ყოფიერების კონტექსტები: საყოფაცხოვრებო, დაბადების, ბიოლოგიური, მსოფლხედვის, კულტურის. და თუკი ამ ყველაფერს ჩამოვაშორებთ ადამიანს, ისედაც არაფერი დარჩება. ლევანის „აღსარება“ მკითხველის წინაშე თავის გამართლებას ითვალისწინებს მხოლოდ, რადგან იმ სამყაროსთვის, რომელშიც მთხრობელი ცხოვრობს, „ღმერთი უკვე მოკვდა“. ლევანის ამბავმა შეიძლება ბევრი რეალური ისტორია გაგვახსენოს, რომლებიც ბოლო ათწლეულებში ჩვენს ირგვლივ ხდებოდა ან ხდება.
სულის მოძრაობა, აზრი, იდეოლოგია და ყველაფერი, რაც ინდივიდს ქმნის, განპირობებულია გარედან, გარემოებებით. თუკი ადამიანში ამ დეტერმინაციებზე, გარემოებებზე მეტი არაფერი არ არის, მაშინ ის მონა ყოფილა. მაგრამ არსებობს ისეთი რამ, რასაც ამ დეტერმინაციების მიღმა გავყავართ. ავგუსტინე ამბობს, რომ როდესაც ის ღმერთის წინაშე აღსარებას აბარებს, ის ამ დროს არამარტო საკუთარი სურვილების მიღმა გადის, არამედ ნებისმიერი მოთხოვნების მიღმაც, რომლებსაც საზოგადოება, სახელმწიფო ან კაცობრიობა უყენებს ადამიანს, ვინაიდან ღმერთი ჭეშმარიტებაა. სწორედ მის წინაშე მოვიპოვებთ თავისუფლებას, უნიკალურობას, ინდივიდუალობას – როგორც ეს დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანშია“.
რომანში „ორი თავგადასავალი“ ზოგჯერ მთხრობელის „ცნობიერების ნაკადი“ უახლოვდება იმ სივრცეს, რომელიც ყოველგვარი კონტექსტებისგან თავისუფალია; კონტექსტებისგან, რომლებიც ადამიანებს ატყვევებს და თავისუფლებას ართმევს. ამ დროს ლევანი თითქოს უფრო უახლოვდება საფუძვლებს. მაგრამ მისთვის მაინც მთავარ კონფლიქტად რჩება ის, რომ „ცოდნა და განცდა ვერ რიგდებიან ხოლმე“.
გაგა ლომიძე