ამბავი მესამე: ჩაიდანი ჩაიდანი დუღს,
ბუღს აყენებს, ბუღს.
ჩაი რომ არ დავლიე,
ალბათ ამას წუხს.
მორის ფოცხიშვილი
მაშინ, როცა ეს ამბავი დაიწყო, რაზეც ახლა თქვენი თვალები ცდება, მე მეორე კურსზე ვიყავი. ვაჟიკია პირველზე. ის სასოფლოზე სწავლობდა. ჩემი პროფესია უკვე მომაბეზრებლად ხშირად მოგახსენეთ, არადა, ვამაყობ ამით და მინდა ისევ გავიმეორო: მე ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი გახლდით. მახსოვს, პირველად შუქი რომ გაქრა, ლექტორს ავარია ეგონა და თურმე ელექტროობაში გარკვეულმა, აგვიხსნა, როგორ გვარდებოდა ამგვარი პრობლემები. მერე და მერე შუქი იმაზე უფრო ხშირად მიდიოდა, ვიდრე ლექტორი მოდიოდა ლექციებზე – პირველი გახშირდა და მეორე – შემცირდა. ჩვენ სტუდქალაქში ვცხოვრობდით, ბაგებში. გიცხოვრიათ ოდესმე თბილისის სტუდქალაქში? თანაც ოთხმოცდაათიანების დასაწყისში. ის შორიდან მექსიკური კარტელის დაქირავებული მუშების საცხოვრებელს ჰგავდა, რომელიც ქალაქიდან მოშორებით დგას და ჭიანჭველების ბუდეს ბაძავს. ოღონდ მინებიანს და მრავალსართულიანს. გარდა რამდენიმე წამებული გამონაკლისისა, იქ ტანს იმაზე იშვიათად იბანდნენ, ვიდრე თუნდაც სექსი ჰქონდათ – ეს უკანასკნელი კი ადგილის, დროის და ვითარების გარემოების უკიდურესად იღბლიანი დამთხვევისას იჩითებოდა. არა, არის რეგულარიც – მაგალითად, გივი მებონია და ელენე ეზუგბაია იქვე დაქორწინდნენ. როგორც ავი ენები ამბობენ, გივი ცოლს ორგაზმისას პირზე ხელს აფარებს, რომ ძველი ბიჭობის გზაზე შემდგარ მეზობელს, იმედო კაციტაძეს, ავი ვნებები არ აღეძრას. ვერ გეტყვით. ჩვენ სხვა სართულზე ვცხოვრობთ. და მორიგეობით ვმეცადინეობთ, რადგან ვაჟიკიას ხმამაღალი კითხვა უყვარს, ოთახი კი იმაზე ვიწროა, ვიდრე ის ნემსის ყუნწი, აქლემი რომ უნდა გაძვრეს, ვიდრე მდიდარი შევა სასუფეველში. სასუფევლის რა გითხრათ და ვანაში რომ შევდივარ, სულ ჩემი ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელო მახსენდება: როცა ბატონყმობა გადავარდა, თავადებმა ქვეშევრდრომებს მიწები დაურიგეს, ოღონდ ისე მცირე, რომ ასეთი კარიკატურა გაეძრო: „ გლეხი ცალ ფეხზე “ . აი, სწორედ იმ კაცივით ვიდექი. მდუღარე წყალს ვისხამდი, რადგან განელება სარისკო პროცესია – ვაითუ გაგიცივდეს, მერე რა გააცხელებს. ვაჟიკიას ლოგინის თავთან სიგარეტის კოლოფების პირამიდა დგას, სადაც მისი ჯანმრთელობა განისვენებს და, როგორც ჭეშმარიტ ფარაონს, უკანასკნელი კაპიკები აქვს ჩაყოლებული. ცოცხლად. ხანდახან, სწორედ ამ გაბნეული ხურდა ფულის გამო, პირამიდის ძირფესვიანი დემონტაჟი გვიხდება და ვაჟიკია პურზე ჩადის. ოთახში არის სამი სკამი. ერთზე ტანსაცმელია გადაფენილი, მეორეზე საქართველოს გეოგრაფიული რუკა. ერთი ცარიელია. მაგიდაზე სულ დევს მონარჩენი, უკვე გამხმარი პური და მამიდაჩემის გამოგზავნილი თაფლის ქილა, რომელსაც ჭიანჭველების ალყა აქვს შემორტყმული და ზევიდან რამდენიმე ავიაგამანადგურებელი დასტრიალებს, შინაური ბუზების სახით. მაგიდის კუთხეში წერილებია. ძირითადად დედების. ეს წერილები გამოგზავნილ ფულს და ახალ საცვლებს ახლავს. უფრო სწორედ – ფული და საცვლებია შიგნით გახვეული. თუ წერილი გრძელია, მხოლოდ დასაწყისს ვკითხულობთ. დანარჩენი ზეპირად ვიცით – კარგად უნდა ვისწავლოთ, პატიოსნად უნდა ვიცხოვროთ, მუშაობა უნდა დავიწყოთ, რადგან ეს უკანასკნელი მანეთებია, რომელიც მამაჩვენებმა ისესხეს და მალე ქორწინების ბეჭდების გაყიდვა მოუწევთ. ვაჟიკია გრძელი წერილებისგან თვითმფრინავებს აკეთებდა და ეზოში უშვებდა. ეზო. ხოლო რაც შეეხება ეზოს...
იმ თვეში სახლში სამჯერ დარეკვა მომიხდა. ჩვენ ტელეფონი არ გვქონდა, მეზობელთან ვრეკავდი. მესამედ რომ დაუძახეს, დედაჩემი იოლად მიხვდა, ფულს ვითხოვდი ახალი სახელმძღვანელოებისთვის და მე იოლად მივხვდი, ცრემლებს ყლაპავდა. ხმა ოდნავ ბრაზიანი, მაგრამ განწირული ჰქონდა – მან იცოდა და მეც ვიცოდი, ასეთი საქმეები გარდაუვალია: დედა ყოველთვის ბრაზობს და ბოლოს მაინც ასრულებს თხოვნას. მიუხედავად იმისა, თუ სამ კვირაში ამ დამპალმა ლექტორებმა სამჯერ გამოცვალეს სავალდებულო წიგნები. დილით მატარებელს დავხვდი. ლელა ბიძაშვილის ქორწილში ჩამოვიდა. რომ დამინახა, გადამკოცნა, მცირე პაუზა აიღო, მიმოიხედა და პარკი კოკაინის ფუთასავით ფრთხილი სისწრაფით გადმომცა. დედაჩემის წერილი კი უკვე უკვდავ კლასიკად იქცა, მერამდენედ ვკითხულობდი იმავეს:
„ ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ, პლეტაზე ვათბობთ დასაბან წყალს და საჭმელის გათბობის დროზე შეიძლება დენი წევიდეს. მე ვერ გადამიყლაპია ზონდი და ნაწლავები ვერ გამომიკვლევია. არ არსებობს ჩემი გადარჩენა, არგადარჩენიზა ვარ გაწირული, მარა. იფრიალე შენ ტაქსებით მაქანე, სამძიმარზე არ მიდი ნანულის დედასთან, ფული არ მქონდა ვარკეთილში გასვლისო და ტაქსებით ფრიალობ. ყოველდილა მოსატანია წყალი ჭიდან, რომელსაც შენი ოჯახის გარდა აღარვინ ათრევს, ვიფიქრეთ მატორს ვიყიდით, ჭაში ჩავდობთ და კიდო ფულს გვთხოვ. ყველა შენი კლასელი რაფერ გამოდგა, იმ დღეს რეზიკო ვნახე, ეკლესიაში იდგა, იმფერი გაკეთებულია, მოსუქებულია, ჩამოსული იყო ბებიამისის სანახავად. თავი მომჭერი. რაის ფიზიკოსი გამუა აწი შენგან, არადა ბაბუშენი იძახოდა პროფესორი გამუაო. საავადმყოფოსთან,