ამბავი მეცხრე: სიყვარულის ამბავი
„ საბრალო დედაბრისასა თაგვნი ყანასა მკიანო “
ხალხური
ლოლაზე არ მომიყოლია?
სანამ მე და სოსო სახლთან მივალთ, მოგიყვებით.
მგონი აპრილის ბოლო იდგა. უკვე გვიან ღამდებოდა. დიდხანს ვისეირნეთ, რომ სიბნელემდე მიგვეთრია დრო. მერე ავედით. ეს მისთვის პირველი იყო. გუშინ მითხრა - ძალიან ეშინოდა. მხოლოდ ტკივილის მეშინიაო. და ცოტა ისეცო. რა ისეც მეთქი? აი, ისეცო. მეც მეშინოდა ამ „ ისეც “ -ის. საერთოდ საკრალური ამბები სულ მაფრთხობდა, ეს - მით უფრო. ლოგინში საგანგებოდ გამოხარშული თეთრეული დავაგე. კრახმალი აჩნდა, როგორც დამშრალ კალაპოტში მოჩანან მკვდარი თევზები, ოღონდ - შორიდან. ჩამოჯდა და შემომხედა: შუქი ჩააქრე რა. მოიცა, ცოტას დავლევ. დალია. ვერ დავინახე, მაგრამ მივხვდი, რომ თვალები დახუჭა. ოთხი წუთის შემდეგ ზურგზე მომეკრო. სულ? - მკითხა. რა სულ? სულ გეყვარები? რა თქმა უნდა. მუცელი მტკივა და ფეხები მიკანკანლებს, გამათბე. სულ. სულ. და იცი? დედაჩემი ლოთია. იცი, ლევან, დედაჩემი ლოთია. მერე? მერე დედაჩემს ორმოცდაათი მანეთი უნდა. ვალები აქვს არტემასიც და იმ საპოჟინიკისაც. დედას ორმოცდაათი მანეთი ჭირდება. დედა, 50 მანეთი მჭირდება სასწრაფოდ - ეს უკვე მე დავწერე, დილით და მატარებელს გავატანე. სამი დღის მერე მატარებელმა ჩამომიტანა. ცხადია, წერილთან ერთად. უკვე მოგახსენეთ ამ წერილების შინაარსის შესახებ. არც ვაპირებდი წაკითხვას, მაგრამ თვითმკვლელი თვალი გაიპარა: „ ბარემ ჩამოი და დაგვხოცე სუყველა, აწი მკტრები ვართ ისედაც, ხმელა პურის და პავიდლოს ნაჭამი, მამაშენს თლა ნეკნები ეტყობა უკვე, ღერა-ღერა დუუთლი და ჩვენს დასაფლაებაზე არ ჩამოხვიდე იცოდე, თლა გაღლეტილებს გვტიებ. ციცოიას მამა მუუკტა და დარეკე სამძიმარზე, თავი არ მოგვჭრა და საბოლოოდ გწერ იცოდე, რომ იქინე “ აღარ დამიმთავრებია, დავკუჭე და ურნისკენ ვისროლე. აცდა. დაცურდა და ლიანდაგებში ჩავარდა. იქ, მაზუთისფერ გუბეში. წამით ჩავხედე და წამოვედი. მაშინ მივხვდი, რომ დედაჩემის ეს წერილი იყო სიყვარული, ცრემლში და ვალში დამხრჩვალი დედაჩემის წერილი, ოღონდ ასეთი - მაზუთში ჩარჩენილი, გაშავებული და უნუგეშო. და უპასუხო. ზურგშექცეული. ეს წერილი იყო სიყვარული და ნიშნავდა, რომ ლოლა მიყვარდა.
დიახ. სასტიკია სიყვარული. მით უფრო - თუ ორი ან სამი გიყვარს. ასეთიც არსებობს. მაგრამ ადამიანი, განსაკუთრებით ჩვენებური ადამიანი, არჩევანის არსებაა. იქ უფრო მშვიდად გრძნობს თავს, გამოგონილ უპირატესობაში. ამიტომაც შეთხზა ანდაზა: მჯობნის მჯობნი არ დაილევაო. რაც უფრო ზუსტად ასე ითქმის: დააყენეთ ერთი დიდად პატივცემული ადგილი, სერ! ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა ან ცაზე ვარსკვლავები? უმჯობესია, ასამდე თვლა ვისწავლოთ და თბილ ოთახში მალე შევბრუნდეთ, ვიდრე მთელი ღამე გარეთ გავათენოთ თავაწეულებმა და მაინც დაუთვლელი დარჩეს ოხერი ვარსკვლავები. უმჯობესია, ავარჩიოთ ლოლა იქნება, ნია თუ ნატა, ვიდრე... ვბოდავ? ცოტა დავლიე. ლოლაზე ისე ვერ ვლაპარაკობ. ლოლა უცნაური გოგოა. ხელზე უფერო ტატუ აქვს. დანით თუ რაღაცით ამოკაწრული. გაუგებარი ნახაზი - არც ჩინური იეროგლიფი და არც ღრიანკალი ან კატა. მერეც შემხვედრია ამგვარტატუიანი გოგოები, უკვე სერიოზულ ქალებად ქცეულები - თუ სახელო აეწიათ, უცებ ჩამოიქაჩავენ, უცნაური წარსული რომ არ წაიკითხოთ. მათი აზრით უცნაური. ერთხელ, დილით ლოლამ კედელზე, შპალერის ნარჩენზე მიაწერა: როგორ უნდა გაზომო სიყვარული, როცა ნაბიჯებით ითვლი, ნაბიჯებით ითვლი და მუხლი გეკეცება, სანამ მიაღწევ. ვერ ვიტან პოეტებს - ვუთხარი მე - ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდა. და ჩემ გარდა - მითხრა და მაკოცა. თვალები უელავდა. გაუგებარი სიხარულით. ახალი ამბავი იცი? რა? დედაჩემმა თავი მოიკლა - მშვიდად მითხრა - წუხელ. სულ არ შემცოდებია. მართლა. რააა?! ჰო, თავი მოიკლა. ეგ როგორ?! აი, მესიზმრა, რომ თავი მოიკლა. ვანაში ეკიდა თოკზე. მივედი და ფეხებზე დავეკიდე - შემოვამოწმე - ცივი იყო. გამოვედი და კარი ჩავკეტე, ვფიქრობდი, არ გაცოცხლდეს და არ გამოვარდეს-მეთქი. მე მოვკლავ - ვუთხარი ოდნავ ყოყმანით. მართლა? - მეგონა, არაო მეტყოდა - აუ, მოკალი! წამოვდექი და ფანჯრიდან გადავაფურთხე. ხომ გითხარით, სასტიკია სიყვარული. გაიძულებს სიზმრები აახდინო. ასე იქმნება ახდენების მითები - ყველაფერი სიყვარულის ბრალია.
მესამე დღეს ლოლას დედამ აბაზანაში თავი ჩამოიხრჩო.
მერვე დღეს ლოლა ნიორში შემხვდა. ასე ვეძახდით სახაშეს. მე უნდა წავიდე. სად? რა პონტში? გერმანიაში. არის ახლა შესაძლებლობა, ჩემი დაქალი მიდის, ვიღაც საბუთებს უკეთებს და მეც წავალ. ამ ქვეყანას მაინც არაფერი ეშველება. იცი, ლეო? აი, არასდროს. დაწყევლილია. მე კიდე თავისუფლება მინდა, შენ ხო იცი, მაშინ