წინათქმა 11/07/2024
მე და შიო მივფრინავთ საქართველოში. თვითმფრინავში პირველად ვართ ერთად. არასოდეს გვიფრენია. თორმეტი წლის შემდეგ პირველად მივფრინავ. შიოსთვის ათი წელია გასული. ისეთი არეული ემოციები მაქვს, ახსნა მიჭირს. სახელს ვერ ვარქმევ ვერაფერს, რასაც ახლა ვგრძნობ. ძალიან ცხელა, მაგრამ მცივა, მაკანკალებს. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი.
ვილაპარაკეთ მე და შიომ. ხმამაღლა გავცვალეთ ჩვენი ფიქრები. ალბათ, ჩემი ცხოვრების ისტორიებიდან, ეს თარიღი ყველაზე მნიშვნელოვანია. მამაჩემი, რომელიც სრულიად ჯანმრთელი დავტოვე, ახლა უფეხებოდ დამხვდება. დედაჩემი, რომლის ყველა ფიქრი მთელი ამ წლების განმავლობაში ჩემი და შიოს გარშემო ტრიალებდა, რამდენიმე საათში მკლავებში უნდა მოვიქციო. ჩემი და, რომელსაც წასვლისას ქმარიც კი არ ჰყავდა, ახლა სამი შვილით დამხვდება.
ჯერ ჩემი მშობლების სახლში უნდა ჩავიდე.
იმდენი ადამიანი მელოდება საქართველოში. ნეტავ მოვასწრო იმ ოც დღეში ყველას ნახვა, ვისიც გულით მინდა. ვისაც ასევე სურს ჩემთან შეხვედრა. როცა მოვიწყენ, ამ დღეს გავიხსენებ ხოლმე, წამს, როცა საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ საქართველოში მივფრინავ შიოსთან ერთად.
თეა დამხვდება, ჩემი უდიდესი მეგობარი და სიყვარული. ოცდახუთი წელია ასეთი ერთგული და გულწრფელი არავინ მყავს დედამიწაზე. ისე მელოდება. ისე ველოდები, როდის დავინახავ და მივუახლოვდები.
ქართველებთან ახლო ურთიერთობა აღარ გამომდის და ცოტა მეშინია კიდეც. ძალიან არ მინდა, ჩემზე იფიქრონ, რომ რაღაც დამემართა. რომ გავსხვანაირდი და აღარ მახსოვს, ვინ ვარ, საიდან მოვედი, როგორ. ჩემში არაფერი შეცვლილა. უბრალოდ, დრო გავიდა. ძალიან ბევრი დრო, მრავალი წელი.
ახლა თვითმფრინავში ვზივარ. ისეთი ხმაურია, თავი ვაგზლის ბაზრობაზე მგონია. არ ვაჭარბებ. აეროპორტში სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე რეისი იყო, მაგრამ საქართველოს ხაზზე ისეთი ხმაური და არეულობა იდგა, მრცხვენოდა. მგზავრები ისე იქცეოდნენ, თითქოს ყველაფერი უფასო სერვისი ყოფილიყო. აეროპორტის თანამშრომლები გამუდმებით შენიშვნებს აძლევდნენ. ქართველებს არც ბოდიში მოუხდიათ და არც მადლობა უთქვამთ იმისთვის, რომ ცუდი ქცევის გამო დაცვასთან არ გადაამისამართეს. შიოს სირცხვილისგან ოფლი ასხამდა.
ახლა თვითმფრინავში ვსხედვართ. ცაში ვართ. ხალხი დადის. არ გეჩვენებათ, მართლა დავწერე, დადიან. თითქოს მეტრო იყოს. ბაზარი. ბირჟა. ასეთი რამ არსად მინახავს. ბორტგამცილებლებს რეაქცია აღარ აქვთ. სახეზე აწერიათ, ამაში ახალი არაფერია. გიცნობთ, ქართველები ხართ და ეს ქცევა თქვენთვის ნორმალურია. ჩვენც თქვენნაირები ვართ, მაგრამ ახლა ვალდებულები ვართ, ბევრად კულტურულად მოვიქცეთ. აქ ვმუშაობთ. პროტოკოლი გვავალდებულებს.
ნეტავ არ გავგიჟდებოდე, ისეთი სუნია. ისე ყარს თვითმფრინავი ოფლის სუნით. მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი დროებითია და რამდენიმე საათში დედიკოს, მამიკოს, ლანუკას, მის შვილებსა და თეას ჩავეხუტები.
აქ ვარ.
დღეს 13 ივლისია. გაჩახჩახებული მზის ქვეშ, მწვანე მინდორზე, ჩემი ბავშვობის სახლის უკან, მამიკოს გაკეთებულ ფანჩატურში ვზივარ. სიმშვიდის ჩრდილში. მრგვალ მაგიდასთან. ვცდილობ ზუსტად აღვწერო, რას ვგრძნობ, როგორ ვარ, მაგრამ ყველაფერი ბევრად მეტია იმ სიტყვებზე, რასაც აქ დავწერდი. მუსიკაც კი გავთიშე, რადგან ჭადრების შრიალში არეული ჩიტების ხმა უფრო ლამაზად ჟღერს.
მომწყურდა და ჭასთან მივედი. თავი გადავხადე. დიდხანს ვუყურებდი ჩემს სახეს. ვერ ვიცანი. არაფერი მქონდა საერთო იმ გოგოსთან, რამდენიმე წლის წინ წყლის ანარეკლში რომ მოჩანდა. გაზრდილა. ძალიან გაზრდილა და შეცვლილა. არ ვიცი, სად მოასწრო და როგორ. მხოლოდ ერთი კითხვა დავუსვი. როგორ ხარ. მერე ჭას თავი დავახურე. წყალიც აღარ დამილევია.
ბავშვობიდან დიდობამდე სულ ერთ ფიქრში ვიყავი. ახლა ზედმეტად არეულია ჩემი ფიქრები. ვერ ვახერხებ მათ დალაგებას. სადღაც გავიჭედე. სუნთქვა მიჭირს, მართლა. ერთი შეხედვით ყველაფერი იდეალურადაა, მაგრამ უეცრად დავიკარგე და ადგილს ვეღარ ვპოულობ.
რამდენიმე დღე კომპიუტერის ეკრანთან მიახლოებაც კი არ შემეძლო, რამე რომ დამეწერა. ალბათ ამ ამბების თავმოყრას ველოდი. იმდენი რამ დაგროვდა, ჯერ ისიც არ ვიცი, საიდან და როგორ დავიწყო.
ახლა სოფელში ვარ. პრეზენტაციამ ისეთი ანშლაგით ჩაიარა, შთაბეჭდილებიდან გამოსვლა მიჭირს. ზღვა ხალხი იყო. დასაჯდომი ადგილებიც აღარ დარჩა. ვიცოდი, ჩემდამი ინტერესი დიდი რომ იყო, მაგრამ ასეთ მასშტაბს ნამდვილად არ ველოდი. სრულიად უცხო ადამიანები მოდიოდნენ და საჩუქრებს მჩუქნიდნენ. ავტოგრაფებისთვის რიგებს და ფოტოების გადაღებას მიჩვეული ვიყავი, მაგრამ საჩუქრებს - არა.
წინადღეს, მკითხველთან შეხვედრამდე, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ვსეირნობდი. მინდოდა ფეხით გამევლო ის ადგილები, სადაც ჩემი ლაღი სტუდენტობა გავატარე. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსს მივუახლოვდი. შევედი. რა მომათმენინებდა. ხელმარცხნივ დაცვის ოთახი იყო, სადაც ჩემს დროს სულ კაცები მუშაობდნენ. ახლა მხოლოდ ერთი ქალი დამხვდა. გამომელაპარაკა. ემოციური დიალოგი გვქონდა.
გამოვედი და მელიქიშვილის გამზირს დავადექი, როცა ჩემმა დამ დამირეკა. მამიკოს