ყურთბალიში (მცირე რომანი)
გაციებისწინა ჟრუანტელი ფერდებში. თუკი შარდვისას გაციებისწინა ჟრუანტელი გივლის, გეჩვენება, რომ გრიპის ბაცილა გამოდევნე სხეულიდან და შენდაუნებურად ოპტიმისტი ხდები. დიდხანს არა. წამიერად ნაგრძნობი წყალს მიაქვს. წაიღო. არა. წაიყოლია. საკეტი. ტუალეტიდან ვიწრო დერეფანში. სააბაზანოსკენ. სააბაზანოს კარი. სააბაზანოში. სარკე. სარკეში მე. წვერში მეტი ჭაღარა, ვიდრე თმაში. ცხვირის ძვალი შეზნექილი. შეშუპებულ უპეებთან სიყვითლე. მარცხენა უპესთან სისხლჩაქცევა. სახე სარკესთან. ახლოს. უფრო ახლოს. ორ დღეში სიყვითლე გაივლის. მერე სისხლჩაქცევაც გაქრება. ნესტოები სარკეს ორთქლავენ. ჩემგან სითბო გამოდის. მე სიცივეს ვისრუტავ. ცივი თითებით ონკანის საკეტს. შეჭირხლული წყალი მუჭში. სახეზე. ისევ. ისევ. ხაოიანი პირსახოცი. მშრალი. ჯანსაღი. სავარცხელი. თმის ძირებში ტკივილის შეგრძნება. ვცივდები. გავცივდები. გრიპი. ხელი ონკანის საკეტზე. წყლის ხმა მიწყდა. სააბაზანოდან ვიწრო დერეფანში. სიგარეტი. მინდა. სიგარეტი. მაქვს. სამზარეულოს კარი. სამზარეულოში. მაგიდაზე სიგარეტის გახსნილი კოლოფი. ყავა. შუქი არ არის. არც გაზია. სიგარეტი. მინდა. ჯერ ლუკმა. ლუკმა უნდა ჩავიცდინო. უნდა. რატომ. არ ვიცი. ვღეჭავ. ლბება. ყელს ჩასცდა. ჩაცდენილმა ლუკმამ თმის ძირებში გაიელვა. ახლა შეიძლება. სანთებელა მეორე ანთებაზე. სანთებელა უნდა ვიყიდო. ნაფაზი. უგემური. მაბრუებს. სხეული სკამზე. ნაფაზი. დილის სიგარეტი ექვს-შვიდ ნაფაზში. ვახო. ალბათ დამირეკავს. ჰოლანდიიდან. ან ბელგიიდან. ან გერმანიიდან. ფანჯარა. მინის მიღმა გამდნარი თოვლით დასველებული ქვაფენილი. ხიდი. ხეები. მოღრუბლული დილა. როდის ვიყავი უკანასკნელად ქუჩაში. ერთი კვირის წინ. არა. ოთხი დღის წინ. თუ ხუთი. ჰო. წიწიბურა წავიღე ბაზარში. მაკარონიც. მიტინგი. გადაკეტილი ქუჩა. ზურგით მომიწია ტომრის თრევა. ქუჩაში. ტომრის ყელს ორივე ხელით ჩაჭიდებული. სიმძიმისაგან ოდნავ წინწახრილი. კაცი ქვაფენილზე. ცოცხალი. მკვდარი. ცოცხალი. არ ვიცი. გავცდი. გავეცალე. მისი პრობლემაა. რატომ გავეცალე. ტომარა უნდა მიმეტანა ბაზარში. ლეილა. მაკა. დარეჯანი. პურის ფული. გავშორდი. გავეცალე. დარჩა. ცოცხალი. მკვდარი. არ ვიცი. შეიძლება დღესაც მომიწიოს თრევა. ყოფილების საზოგადოებაში ხშირია მიტინგები. მეძავის კომპლექსი. დაუოკებელი სურვილი აგიხსნას, რამ აიძულა მეძაობა. ახრიალებულ მეგაფონებში ჩასძახიან. შენ ეს იყავი! შენ ეს გქონდა! ახრიალებული მეგაფონებიდან მოუწოდებენ. შენ ასეთი უნდა იყო! როგორი უნდა იყოს. მათი ელექტორატის ნაწილი. ეს არის და ეს. ჯერ ახსენებენ, მერე მოითხოვენ. მასაზე ზემოქმედების საუკეთესო საშუალება მასის კოლექტიური აზროვნებაა. მქონდა. ვიყავი. ვიყავი. მქონდა. ეს საზოგადოება ყოფილების საზოგადოებაა. მე ამ საზოგადოების ღირსეული წევრი ვარ. ადრე ვწერდი. მერე წვრილმანი კონტრაბანდისტი გავხდი. ყოფილი მწერალი ყოფილების საზოგადოებაში. მეც მათსავით. ტაქსის მძღოლი ყოფილი მშენებელია. სამშენებლო ფირმის მეპატრონე ყოფილი ექიმი. ძველმა ბიჭმა კალკულატორი გაიჩინა. სპორტსმენს პოლიტიკოსობა სურს. გლეხი გავაჭრდა. იმპერია დაინგრა. ადამიანები იხსენებენ. იმ პირსისხლიან იმპერიაში მე ეს ვიყავი. იმ ტყუილსა და გაიძვერობაში მე ეს მქონდა. ადამიანებს არ გაემტყუნებათ. ახლა სხვა ტყუილსა და გაიძვერობას გადააწყდნენ, ჰოდა იხსენებენ. ვახო. ვახოს მიაჩნდა, რომ ეს ქვეყანა და ეს ქალაქი მისია. ვახო ალბათ დამირეკავს. მე და ვახო. მე და ვახო ბავშვობის მეგობრები. ვართ – მოიკვეცა. ფიქრს არ სჭირდება – ვართ. ფიქრში თავისთავად იგულისხმება, რომ მე და ვახო ბავშვობის მეგობრები ვართ. ფიქრს ფიქრი მოსდევს. ფიქრი სიტყვებს კვეცავს. არა. ყლაპავს. უეცრად ამეტყველებული მუნჯივით. წერა. მწერალი. მწერალმა უნდა წეროს. ბობოლა კონტრაბანდისტს საიმედო ფართან და დიდ ფულთან ერთად, მტაცებლის ჟინი უნდა ჰქონდეს. წვრილმან კონტრაბანდისტს ზარმაცად მდგომ ბლოკპოსტებთან დასარიგებელი ორლარიანები. წაგებული ომის შემდეგ ვახომ ავტომატი გაყიდა და ბაზრობაზე დახლი იქირავა. ვახოსთვის აფხაზეთის ომი პირველი ომი არ ყოფილა. იქამდე ცხინვალი იყო. მერე თბილისის ომი. მერე აფხაზეთი. ვახომ მესამე ომის მერე გაყიდა ავტომატი. მორჩა, – თქვა ვახომ, – ჩემი საომარი ვიომე. ეტყობა, ცუდი მეომარი ვარ, ვნახოთ, როგორი ვაჭარი ვიქნები. მეც შემომთავაზა. უარი ვუთხარი. რატომ. არ ვიცი. ტელევიზორს ვიყავი მიჩერებული. მერე ვახომ დახლს თავი ანება და თურქეთიდან გამაგრილებელი სასმელების და ლუდის შემოტანას მიჰყო ხელი. შემომთავაზა. მაშინაც უარი ვუთხარი. გამოგალენჩებს ტელევიზორის ცქერა. – მითხრა ვახომ. მეც ეგ მინდა. – ვუპასუხე მე. დროდადრო მეხმარებოდა. ვახოს არასოდეს დაუტოვებია ფული ქეთინოს დასანახად. მარტო დამიგულებდა, ფულს ჩამიდებდა ჯიბეში. ამოისუნთქავდა. ღრმად. ღრმად. გულს ამოიღებდა თითქოს. ვახოს ჰაერის ნაკლებობა აწუხებს. როდესაც ემოცია ეძალება, ვახოს გული მეტ ჰაერს ითხოვს. გული. თირკმელი. თირკმელთან შელევა იოლია. საქმე დამღლელი. კოჭლი ნანა. მე და ვახომ ჩვენ-ჩვენი თირკმელი შევთავაზეთ. ჰო. კოჭლ ნანასთან ჩემი ხორცის გასაყიდად მივედი. მაქსიმეს მეგობრის კაფეში – ჩემი სულის გასაყიდად. ამ ამბავსა და იმ ამბავს შორის ათი წელი. თუ თორმეტი.