ერთი ქართული ამბავი
1988 წელი, 13 აპრილი.
ქუთაისის ძირძველმა მკვიდრმა, რამდენიმე ცე-
ხის პატრონმა, დიმიტრი კა...ძემ, მეტსახელად ტრუ-
ლაილამ, ულვაშმოკოხტავებულმა, სუფთად პირგაპარსულმა კაცმა, ქელეხის გადახდა გადაწყვი-
ტა თავისი საოხრისთვის, ბავშვობის ოთხ მეგო-
ბარს უხმო ქალაქგარეთ, რესტორან „ნიავში“, ოფიციანტს ცალკე, მომყუდროებულ ოთახში გააწყობინა პურ-მარილი და როდესაც მოპატიჟებულნი დაიგულა გვერდით, სუფრის თავში მჯდარმა, სევდიანად ბაგემცინარემ თქვა:
– ბიჭებო, დავისვენე, აღარ მიდგება.
დუმილი ჩამოწვა – არცგასაკვირია. გასაკვირი, ალბათ, არც ისაა, რომ ოხუნჯობაზე გამეცადინებულმა ბიჭოიამ დაარღვია სიჩუმე, უხვ სუფრას შეავლო წუწკი მზერა და თქვა:
– ბეჩა, ბეჩა, რაფერ გოუწვალებიხარ, გილოცავ, ძმაო!
გაეცინათ.
გაიცინა დიმიტრი (დიტოია) კა...ძემაც, იმავე ტრულაილამ, გაიცინა ხმამაღლა, ხანგრძლივად, სული რომ მოიბრუნა, ხელისგულებით ამოიმშრალა ღია თაფლისფერი თვალები, შუბლთან შემელოტებული ჭაღარა თმა თითებით შეივარცხნა ბაკებთან, ღრმად ჩაისუნთქა და თქვა:
– ჰო, ქელეხია, – შემდეგ ამოისუნთქა.
– მე რომ მკითხოს კაცმა, – თქვა ტანმორჩილმა, წვერმოშვებულმა, კისერზე შარფმოხვეულმა მხატვარმა გერა (გერასიმე) ნი...ძემ, – ამ ქელეხის გადახდა თანთულის უფრო ერგებოდა.
თანთული ტრულაილას ცოლი იყო, ქალი – მოსუქებული, ერთობ დაბნეული რიგ შემთხვევებში.
ტრულაილამ თავი გადააქნია:
– თანთული რა შუაშია, – თქვა მან, – თანთულის რაღა ახსოვს, იმისთანა წიწკვები გვსტუმრობდნენ აქედან თუ იქიდან, გავწყდი წელში მაგათი დევნით, ახლა კი მორჩა, დავისვენე, – თქვა ეს და მოვლილ-მოკოხტავებულ ულვაშთან, ბაგის კუთხეში კვლავაც გადაჰკრა სევდის ჩრდილმა.
– ეჰა, – თქვა მხრებში კისერჩატეტკილმა, ნიკაპთან ჰალსტუხწაჭერილმა პარტიულმა ფუნქციონერმა, კიაზო ბა...იამ, – რას გახდები, ადრე თუ გვიან...
– რა იყო, ბიჯო, შენც ხომ არ გაქვს გადასახდელი ქელეხი, – შესცინა ბიჭოიამ პარტიულ ფუნქციონერს.
კიაზოს პასუხი არ გაუცია, სულგუნში გახვეულ პიტნიან ნადუღს გადააწვდინა ჩანგალი, ჭადის გუნდაც მოიგდო თეფშზე.
– გაფიცებ ძმობას, – არ მოეშვა ბიჭოია.
– არა, – თქვა კიაზომ კუშტად, მოჭრილად, – ჯერ, არა.
– აგაშენა ღმერთმა, – პირმოთნედ ამოისუნთქა ბიჭოიამ.
წარბთან ნაიარევიანმა, სულერთიანად გამელოტებულმა წარბამ, ვინც კანონიერი ქურდი არ იყო, მაგრამ ქურდებთანაც ეთქმოდა სიტყვა, ბიჭოიას მიმართა:
– მიდი ახლა, ჩამოასხი, გავაცილოთ, რაფერც წესი და რიგია.
ბიჭოია დოქს გადასწვდა.
– შილაფლავი იქნება, რასაკვირველია, – ჩაიფხუკუნა ბიჭოიამ.
– იქნება, – თქვა ტრულაილამ, – ყველაფერი იქნება.
– მე რომ მკითხოს კაცმა, – თქვა მხატვარმა გერა ნი...ძემ, – ქელეხის ლობიოს ლობიო არ სჯობს, – და ნიგვზიანი ლობიო გადაიკაკუნა.
– და მე რომ მკითხოს კაცმა, – თქვა ბიჭოიამ, დოქს ადგილი მიუჩინა მაგიდაზე, შემდეგ ბარკალი ააგლიჯა ტაბაკას და განაგრძო, – ქელეხი თუა, ხორცით უნდა იყოს, მარხვით ქელეხი ისეთია... უნაირო... ხორცი რომ კვდება, ხორცით უნდა გააცილო, ხორცით, პურით და ღვინით... მიდი, აბა, ტრულაილა, გაგვიძეხი, – თქვა ეს და ჭიქა მიუღირა მეგობარს.
– არა, – თქვა ტრულაილამ, – მე ჭირისუფალი ვარ, თქვენგან ითავოს რომელიმემ; წარბა, შენ დამდე პატივი...
– მე რატო, კაცო, – მხრები წამოიჩოჩა წარბამ, – მაგისი ავანჩავანი შენ იცი და მე რა შუაში ვარ; კაი ადგილას ბრძანდები, მიხედე საქმეს.
– ჭირისუფალი ვარ-თქვა, არ მეკადრება, – თქვა ტრულაილამ.
– და მე მეკადრება ჭუჭუ-კოკრების ქელეხში თამადობა?! – სახე წამოუხურდა წარბას, – მთელი ქუთაისის დასაცინი გინდა გამხადო? ნაქეიფარზე რა ვუთხრა ბოვშებს, ტრულაილა ბიძიას სირის ქელეხში ვიყავი თამადა-თქვა? შენ მართლა ხო არ გამოსირდი, შეჩემაალა?!
– კიაზო... – სახე მიუსაწყლა პარტიულ ფუნქციონერს ტრულაილამ.
– აქ მოწყვიტე, აღარ გააგრძელო, – ხელი შემართა კიაზომ და მეტად ჩაიბჯინა ნიკაპი, – ეს ამბავი არ დაიმალება ქალაქში, პარტიული კრება გინდა მომიწყონ შენი საოხრის გამო? არა, ძმაო, არა...
– რა ვქნათ, აბა? – ბიჭოიას და გერას მიმართა ტრულაილამ.
– რა უნდა ვქნათ, შენს მიცვალებულს შენ უნდა უპატრონო, – თქვა ბიჭოიამ და თავისი გალიცლიცებული ჭიქა ჭიქაზე მიუჭახუნა სუფრის თავში მჯდომს, – ჰე, – თქვა შემდეგ, – სათამადო ადგილას ხარ, ჰე...
– კაი, – თქვა ტრულაილამ, – კაი, სადაც ჩემი არ მოხვდა, ჩემი არ გაკეთდაო, ნათქვამია...
– აწი, გინდა მოხვდეს და გინდა... – ისევ ჩაიფხუკუნა ბიჭოიამ.
– ხმა! – თქვა ტრულაილამ, – კრინტი! – და წამოდგა. წარმოსადეგად, მკაცრად, შეიძლება ითქვას, საპანაშვიდო ღირსებით აღსავსე გამოიცქირებოდა ორბორტიან მუქ ლურჯ პიჯაკსა და შავ პერანგში.
– მადლობელი ვარ დაფასებისთვის, მობრძანდით, არ დაიზარეთ, ხსოვნა იყოს, – თქვა ტრულაილამ და ჭიქა მიიბჯინა ბაგესთან.
–