ტკბილ-მწარე ამბები ვახტანგ ჭელიძის, როგორც თვალსაჩინო მწერლისა და მთარგმნელის, როლი გამორჩეულია საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურულ და სამწერლო ცხოვრებაში. იგი წლების მანძილზე იყო ლიტერატურული გამოცემების ( „ ცისკარი “ , „ ლიტე რატურული საქართველო “ , „ ხომლი “ ) მთავარი რედაქტორი; მის სახელს უკავშირდება უილიამ შექსპირის, ჯონ მილტონის, დანიელ დეფოს, მარკ ტვენის, რადიარდ კიპლინგის, ერნესტ ჰემინგუეის, ჯონ სტაინბეკის, ჯერომ სელინჯერის უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებთა ბრწყინვალე ქართული თარგმანები; ისტორიული ნაშრომი „ ქართლის ცხოვრების ქრონიკები “ (ხუთ ტომად), ასევე უამრავი ლიტერატურული და პუბლიცისტური წერი ლი.
ვახტანგ ჭელიძის ჩანაწერები ერთგვარი მასალაა იმ ავტობიოგრაფიული წიგნისათვის, რომელიც მწერალს დაუმთავრებელი დარჩა.
***
პაპაჩემის ძმის ოჯახში ორი აჭარელი ყმაწვილი იზრდებოდა (სწავლობდნენ ჩვენთან სკოლაში და იზრდებოდნენ აქ). გვარად ლორთქიფანიძეები იყვნენ. საკუთარი შვილებივით ჰყავდათ, ერთს ვლასა ერქვა. ოციან წლებში დახვრიტეს. მახსოვს, როგორ შეიცხადა ბიცოლაჩემმა – თითქოს საკუთარი შვილი ყოფილიყო.
***
ოცდაოთხი წლის გამოსვლების შემდეგ გაიგონებდი, როგორ სტიროდნენ იქ, აქ, იქ – ყველგან, დილიდან საღამომდე... იმ ხის ძირში, რომელიც იმ კაცს დაემყნა თუ დაერგო, იმ ჭასთან, რომელიც იმ კაცს ამოეთხარა, იმ ყორესთან, რომელიც იმ კაცს ამოუშენებია, იმ წისქვილთან, რომელიც იმ კაცს დაედგა... მოთქვამდნენ, და ყვებოდნენ ყველაფერს, რისი თქმაც სიცოცხლეში არ დასცალდათ ან უხერხული იყო... დედა გამოხატავდა იმ ალერსს, რომელიც სიცოცხლეში დაეკლო შვილისთვის და ახლა ეს სანანებ ლად გახდომოდა... ცოლი თავსა ჰკითხავდა – რატომ ესა თუ ის სურვილი არ შეგისრულეო, ტიროდნენ... მაშინ ჯერ კიდევ არ იყო აკრძალული ტირილი; მერე და მერე ტირილისაც ეშინოდათ...
***
მე და კოკი რომ ჩავედით ბახვში, ზაფხული იწურებოდა. თხილსა ჰკრეფდნენ. იგი მაშინვე დაუახლოვდა ბაბუაჩემს (ბაბუას ლაპარაკი უყვარდა, მსმენელი სჭირდებოდა, და ამაზე კარგი და მომთმენი მსმენელი ალბათ წარმოუდგენელიც იყო) – კრეფდნენ თხილს, ბაბუჩემი უამბობდა თავის საომარ თავგადასავლებს, ჯერ ეკლესიის დახურვის და მერე ხატების დაბრუნების ამბებს, ისევ საომარ თავგადასავლებს... და ძალიან კმაყოფილი იყო, ძალიან შეუყვარდა ალიოშა. თბილისიდან ალიოშამ წიგნი გაუგზავნა – ბიბლიური მოთხრობები, საგანგებოდ ააკინძვინა და ოქროს ასოებით წააწერინა: მიხეილ ჭელიძე. ზამთარში თურმე ავიდოდა ბაბუა სხვენზე, მზეს ეფიცხებოდა და ხმამაღლა კითხულობდა.
***
კოკი რომ გურიაში მყავდა, გააკვირვა (და რაღაცნაირად გაახარა) მაღალმა ხეებმა. გაღიმებული აიხედავდა ხოლმე მაღლა (ჩვენ გვედგა ძალიან მაღალი ხეჭეჭური – თვალს ვერ აუწვდენდი – მსხალყვითელა, დიდი ცაცხვი ჭასთან და თხემლის ხეები – ძალიან მაღლები).
***
ბახმაროს გზაზე ყველაზე ძნელი და ერთგვარად საშიში მონაკვეთი – წითელი ღარები.
***
დედაჩემმა იცოდა ალერსი, მაგრამ ეს ალერსი მუდამ შიშიანი იყო, აფორიაქებული და დაფეთებული ქალის ალერსი... მუდამ იმის შიში, რომ რაიმე ახალი უბედურება არ დაატყდეს... როცა იგი სადილობისას ჭიშკრისკენ გაიხედავდა, ვიცოდი, ვგრძნობდი, რომ შიშით გახედავდა ქუჩას – ხომ არავინ გამოჩნ დაო... რაღასი ეშინოდა – ქმარი უკვე წაყვანილი იყო, შვილები – პატარები... ცოლების დაპატიმრება ჯერ კიდევ არ ყოფილა მოდაში, ეს მერე დაიწყეს... ცოლებს – უმთავრესად – დიდი თანამდებობის პარტიული მუშაკებისას იჭერდნენ 1937-38 წლებში.
***
შემოდგომაზე ამინდი იცვლება, ქარი ქრის, წვიმს, ცივა, აღარ გგონია თუ გამოიდარებს... არა და წინ ტეხა-კრეფაა, მოსავალი დასაბინავებელი, შეშა მოსატანი – შიში გიპყრობს.
ერთ დღეს გაიღვიძებ და ხედავ: ბახმაროს მთებზე თოვლი დევს.
შვებით ამოისუნთქავენ – ეს იმის ნიშანია, რომ გამოიდარა, დათბა. ერთი პატარა ზაფხული კიდევ წინ არის.
***
20-იანი წლები
ეს იყო დიდებული მეცხრამეტე საუკუნის გაგ რძელება ინერციით, და ამდენად, თავისი დიდი მომ ხიბვლელობა ჰქონდა და ეს ყველაფერში იგრძნობოდა.
თანდათანობით გამკაცრდა და ადამიანის სულიერი გაშიშვლებისკენ წარიმართა ყველაფერი – ილუ ზიები გაქრა, სინამდვილე თავისი უხეში სიმკაცრით წინ წამოვიდა.
***
ცხოვრება თითქოს წინ წავიდა, მაგრამ... იმ დროს, 30-იან წლებში საღამოს გაზეთებს ღამითვე ყიდდნენ ქუჩებში. გამყიდველები მარტო ბიჭები არ ყოფილან, განსაკუთრებით მახსოვს ერთი რუსი შუახნის კაცი, გიჟის ენერგია ჰქონდა, დაფრიალებდა რუსთაველის პროსპექტზე ზამთარ-ზაფხულ და გაჰყვიროდა (როგორ არ უსკდებოდა თავი!):
„ Паичадзе забивает гол! “ „ Вот оно! “ და ა. შ.
ერთხელ „ პალასში “ (პლეხანოვზე) რაღაც კინოს ვუყურებდით. ქრონიკებს რომ წაუმძღვარებენ ხოლმე, იმაში გვაჩვენეს თვითმფრინავი – გიგანტი „ მაქსიმ გორკი “ . დიდის თავმოწონებით გვამცნობდა დიქტორი, როგორც საბჭოთა ავიაციის დიდ გამარჯვებას, მართლაც გრანდიოზული იყო და