მზის ჩასვლა
მწიფობისთვეში...
მწიფობის ხანაში იყო სიმონ ჩიქოვანი, თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული, სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული პოეტი და საზოგადო მოღვაწე, როდესაც სრულიად დაბრმავდა. ცოტა ხნით ადრე წერდა: „იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრის გაკეთება მომიწევს და ხვალინდელი დღეც გუშინდელზე მნიშვნელოვანი იქნებაო“. სამწუხაროდ, „ხვალის დღის“ მზე წყვდიადმა შთანთქა და რომ არა მარიკა, სიმონის მარადიული სატრფო და მეუღლე, მისი ტანჯვა გაუსაძლისი იქნებოდა... მარიკა იწერდა სიმონის ნაკარნახევ ლექსებს, მოგონებებს, ჩანახატებს, მეგობართა შემოქმედებით პორტრეტებს, უცაბედად მოსულ საინტერესო აზრებს... მარიკა გახდა სიმონის თვალები და ხელები.
„ბევრის წერა არასდროს არ მიყვარდაო“, წერს პოეტი და მართალიცაა. იგი მოქმედების კაცი იყო: იღვწოდა, მოგზაურობდა და მეგზურობას უწევდა უამრავ არაქართველ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს, ესწრებოდა პოეზიის საღამოებს, განხილვებს, დადიოდა თეატრში. მისი სახლი „მუდმივმოქმედი ხელოვანთა სალონი“ იყო. მოკლედ, ცხოვრობდა, როგორც პოეტი და წერისთვის დრო აღარ კი რჩებოდა, მაგრამ რასაც წერდა, ათასჯერ ნაფიქრ-ნააზრევი და გულის ქურაში იყო გამოტარებული. იგი არათუ ფრაზას, ბგერასაც საგანგებოდ არჩევდა, კამერტონივით ყურს უგდებდა... დაბეჭდვამდე მრავალჯერ შეუცვლიდა ადგილს სიტყვას თუ ფრაზას, მტკივნეული სიხარული ახლდა თითოეული ლექსის დაბადება-დაბეჭდვას. ლექსებს დაბეჭდვის შემდეგაც ასწორებდა, ფაქტობრივად, ხელახლა წერდა, ახალ ვარიანტებს ქმნიდა. თხუთმეტი მცირე მოცულობის ლირიკულ ლექსთა კრებული დაბეჭდა სიცოცხლეში და ლიტერატურული წერილების რამდენიმე ტომი, სადაც ჩანს სიმონ ჩიქოვანის, თანამედროვეთაგან ხშირად ხაზგასმული, ინტელექტი, მხატვრული გემოვნება, კრიტიკული ალღო.
პოეტის არქივის უამრავ საქაღალდეში, სადაც ნიკა ჩიქოვანის მიერ სათუთად შეგროვებული და დახარისხებული ნაწერები ინახება, ცოტა რამ აღმოჩნდა დაუბეჭდავი. მის უბის წიგნაკებში ნახავთ საინტერესო ფრაზებს, მომავალი სტატიებისა თუ მხატვრული ნაწარმოებების გეგმებს, რითმებს და ასევე გამოუქვეყნებელ ჩანაწერებს, რომელიც სიბრმავის ჟამს სიმონმა მარიკას უკარნახა.
რა არის ამ პატარა წიგნში ისეთი, რის გამოც უნდა წაიკითხო იგი? ამის შესახებ თავად სიმონ ჩიქოვანი გვეტყვის: „წიგნში თავმოყრილია მოუშუშებელი ტკივილები, შეჩვეული ფიქრები და სიცოცხლის გზაზე მრავალგზის ნაპოვნი სინანული, გულის ნაწილში ჩაკოჟრილი მშობელი ხალხის სიყვარული თუ შორეულ მეგობრებზე შეგროვილი მოგონებები...“
ამ წიგნით კიდევ უფრო მივუახლოვდებით სიმონ ჩიქოვანის გამორჩეულ და იდუმალ პოეტურ სამყაროს.
შარლოტა კვანტალიანი
* * *
ჩემი ნამუშევარის შემფასებელი მე არა ვარ... ობიექტური შემფასებელი ვერ ვიქნები.
* * *
„სიმღერა დავით გურამიშვილზე“, რომელიც იწერებოდა ორმოცდასამ-ოთხ წლებში, 44 წელს გავასწორე. ვლ. დერჟავინმა კარგად თარგმნა...
* * *
საკუთარ ლექსების წიგნზე და თავის თავზე წერა, ან განვლილი შემოქმედებითი ცხოვრების შეჯამება არასოდეს არ მიცდია. მართალია სიცოცხლის სამოცი წლის მიჯნას გადავშორდი, მაგრამ გულში იმედი არ ჩამქრალა, რომ ხვალინდელი დღე უფრო ხვავიანი და მნიშვნელოვანი იქნება.
როგორც ბუნებაში ნაყოფიერი ხე სიკვდილამდე იზრდება და იკვებება, პოეტისათვის მომავლის თვითეული დღე ახალი გამონათებაა და ახალი ბედნიერება.
შემოქმედის შთაგონებული შრომის შეჯამება მისი მონაწილეობის გარეშე ეწყობა.
ჩემი ლექსების ორი წიგნი მაინც ავტორის სულის განსაზღვრული დროის მონაკვეთის გამოძახილია. ორტომეულში შეტანილი ლექსების უმრავლესობა სიმწიფის ხანაშია დაწერილი და ჩემი პირადი ცხოვრების წიაღშია წარმოშობილი.
ასეთი შინაარსის ლექსების წიგნი საკუთარ ოჯახს ჰგავს და ავტორისათვის სრულიად შეუფერებელია მოშინაურებული ფიქრების რაობაზე საჯაროდ მსჯელობა.
სხვის პირად ცხოვრებაში ჩარევა, ისე სამძიმოა და საჩოთირო, როგორც საკუთარი წიგნის წინასიტყვაობის დაწერა.
ავტორი რაც უნდა წინდახედული იყოს, უნებლიედ მაინც გახდება საკუთარი პოეტური ზრახვების მქადაგებელი და ადრე შეძენილი კდემამოსილება დაეკარგება. მკითხველის წინაშე პასუხისმგებლობა ტომებში წარმოდგენილ ლექსებს ეკისრება და არა აღსავლის კართან წარმოთქმულ აღსარებას.
ორმოც წელზე მეტია ქართული პოეტური სიტყვის სამსახურში ვარ გაწვეული. ღამეები უფრო მეტი გამითევია, ვიდრე დღეები ბინდში გამომლევია. რატომღაც შემოქმედებითი შეჯამების უკანასკნელი ოცი წელი სიმწიფის ხანად მაქვს მიჩნეული. ამ ხნის განმავლობაში ადრე არჩეულ გზას თითქმის არ გადავცდენივარ და არცერთი შემოტევისათვის წინააღმდეგობა არ გამიწევია. მიუხედავად ამისა პოეზია ჩემთვის ჭიდილი და თავისებური ასპარეზობაა.
ღამე უჩინარ ვარსკვლავთა ძიება და შუადღის თაკარა სიცხეში წვა. შოთა რუსთაველის თქმით ნამდვილი პოეზია „გრძელი შარაგზის“ დაძლევაა და „დიდ რბევაში გამოცდა“.
* * *
ჭეშმარიტი პოეტი ნამდვილი მთასვლელივით მუდამ მწვერვალისაკენ მიემართება, მაგრამ შთაგონებაში იჭვი არასდროს გამოთიშული არ არის. როგორც მწვერვალისაკენ მიმავალს ნისლი ეღობება და სიძნელე გზას უორკეცებს, ისე შემოქმედის ცხოვრებაც იჭვის გარეშე უფერულია და უღიმღამო. ერთხელ შემოჩვეული ეჭვი მეც დიდხანს მქონდა აკვიატებული. მერმე იგი პოეზიის თემად ვაქციე, გულის ნამცვარებით ვკვებე და მგონია მოვიშინაურე.
მუდამ მაკვირვებდა ყველა დაუეჭვებელი, ნარგიზივით თავის თავზე შეყვარებული სიტყვის ხელოვანი. თითოეული პოეტური წიგნი ხალხის ზრახვების მოზიარეა და ამასთანავე დამოუკიდებელი სიცოცხლის მქონე არსებაა, ხოლო