განსაკუთრებული მოწოდება და
დანიშნულება იოსებ და დავით ყიფშიძეებისა და ევგენია ეგაძე-ყიფშიძის ჩანაწერები ამ წიგნში შემთხვევით არ გაერთიანებულა. ისინი მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში ერთ საფლავში განისვენებენ, როგორც ერთი ოჯახის წევრები. და კიდევ, სისხლხორცეულად იყვნენ დაკავშირებული გასული საუკუნის დასაწყისში პირველი ქართული უნივერსიტეტის შექმნის მღელვარე დღეებთან. ძმები იოსებ და დავით ყიფშიძეები სრულიად ახალგაზრდები, იოსები 35 და დავითი 28 წლის ასაკში გავიდნენ ამ სოფლიდან. ევგენია ყიფშიძემ, იოსების მეუღლემ, ამ მაღალი ზნეობის ქალბატონმა კი 80 წელს გადააბიჯა. მას ცხოვრება დასაწყისშივე დაემსხვრა. სათაყვანებელი მეუღლის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ დარჩა მცირეწლოვანი ვაჟი გიორგი, 6 თვის შემდეგ შეეძინა ქალიშვილი თინა. მან ღირსებით აიტანა გაუსაძლისი ტკივილი და არა მარტო სანიმუშო შვილები აღზარდა, არამედ სიცოცხლის ბოლომდე ზიდა საზოგადო მოღვაწის ტვირთი. რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებლის სახელი მის აღზრდილთა სხვადასხვა თაობის ხსოვნაში დარჩა.
იოსებ და დავით ყიფშიძეებს იმ ასაკისთვის არ მიუღწევიათ, მოგონებები რომ დაეწერათ, არც საკუთარ შესაძლებლობათა სრულყოფილი გამოვლენის საშუალება მიეცათ, ბიოგრაფი რომ ჰყოლოდათ. შესაბამისად, მათი ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციების მოპოვება ჭირს. ამდენად, განუზომელი მნიშვნელობა ენიჭება ევგენია ეგაძე-ყიფშიძის მოგონებებს. აქ ძმების, განსაკუთრებით იოსების, შესახებ ბევრი ახალი საინტერესო დეტალია გაცხადებული მათი სამეცნიერო მუშაობის თუ პიროვნული თვისებების შესაცნობად. მოგონებები ინახებოდა მისი ქალიშვილის – თინას პირად არქივში, ამჟამად დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, იოსებ ყიფშიძის ფონდში. ხელნაწერი ავტოგრაფია, დათარიღებულია 1967-68 წლებით. შესრულებულია ერთი ფერის მელნით და ერთი კალმით. მოთავსებულია ორ საერთო რვეულში. ერთ რვეულში მხოლოდ მოგონებებია. მეორეში, რომელსაც აწერია „Часы дოсуга“, სხვა ხასიათის ჩანაწერებიცაა: გაკვეთილების გეგმები, ამონარიდები ლიტერატურიდან ქართულ და რუსულ ენებზე, წიგნების სია, სავარაუდოდ საოჯახო ბიბლიოთეკისა და სხვა. ქვეყნდება პირველად.
მოგონებებში ნათლადაა ასახული მშფოთვარე ეპოქის სურათები და მემუარისტის პირადი დამოკიდებულება ამ მოვლენებისადმი. ამ დამოკიდებულებაში ცხადად იკვეთება მისი მოქალაქეობრივი აზროვნება და პრინციპული, ზნეობაზე ორიენტირებული ხასიათი.
იოსებ ყიფშიძე დაიბადა ჭიათურის მახლობლად, სოფელ რგანში დეკანოზ ალექსანდრე ყიფშიძისა და მარიამ (მაია) ჯუღელის ოჯახში. ქუთაისის შვიდწლიანი სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლა ქუთაისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. მოწოდებით მეცნიერი ჭაბუკობიდანვე ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში, რადგან საზოგადოებრივი ცხოვრების გარდაქმნა თავისუფალი აზრის სასურველ ასპარეზად ესახებოდა. ამ საქმიანობისათვის ერთკვირიანი პატიმრობაც გამოიარა და 1906 წელს პეტერბურგიდან გამოძევებაც, სადაც უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკურ ფაკულტეტზე სწავ-
ლობდა. პარალელურად ესწრებოდა ნიკო მარისა და
ივანე ჯავახიშვილის ლექციებს აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტზე. 1907 წელს მიიღო პეტერბურგში დაბრუნების უფლება და სწავლა გააგრძელა აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის სომხურ-ქართულ განყოფილებაზე.
იოსებ ყიფშიძე სტუდენტობის წლებშივე ჩაება ინტენსიურ სამეცნიერო საქმიანობაში. III-IV კურსზე 1909 და 1910 წლებში სამეცნიერო საბჭომ ორჯერ მიავლინა ზაფხულში სამეგრელოში მეგრული ენის შესასწავლად. იმავე 1910 წელს აგვისტოში პეტერბურგის უნივერსიტეტის მიერ მივლინებული იყო რუსეთის ლაზისტანში ლაზური ენის შესასწავლად და მასალის შესაგროვებლად. ამას მოჰყვა ლინგვისტური ნაშრომი „Допольнителные сведения о чанском языке“ და ისტორიულ-ეთნოგრაფიული ხასიათის სტატია „ჭანები და ჭანეთი“ (ნაკადული მოზრდილთათვის, 1911 წ. #810). მისი ინტერესები იმთავითვე გამოიკვეთა – ქართული და ქართველური ენების გრამატიკა და ძველი ქართული ტექსტების მეცნიერული გამოცემა. თუმცა მხოლოდ ამით არ შემოფარგლულა. ქართულ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებულ პუბლიცისტურ და კრიტიკულ სტატიებში იგი საზოგადოების ყურადღებას მიაპყრობდა ყველა მტკივნეულ და საჭირო პრობლემაზე, ქართულ კულტურას და საზოგადოებრივ ყოფას რომ შეეხებოდა. დისერტაციის დაცვის შემდეგ, 1915 წლიდან პრივატ-დოცენტის წოდებით იგი დატოვეს პეტერბურგის უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად. ი. ყიფშიძეს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა საქართველოში მოღვაწე მეცნიერებთან, 1914 წლიდან საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრად აირჩიეს. 1917 წლის ივლის-აგვისტოში სწორედ ამ საზოგადოების და კავკასიის ისტორიულ-არქეოლოგიური ინსტიტუტის მივლინებით მოიარა ლაზეთი და უმდიდრესი მასალა შეაგროვა როგორც ლაზური ტექსტების სახით, ისე ლაზთა ეთნოგრაფიული, სოციალური, პოლიტიკური ყოფის შესასწავლად.
პეტერბურგში მოღვაწეობისას იყო 1914 წლიდან რუსეთის საარქეოლოგიო საზოგადოების წევრ-თანამშრომელი. 1911 წლიდან ქართულ ენას ასწავლიდა პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობის საზოგადოებასთან არსებულ კავკასიური ენების პრაქტიკული შესწავლის კურსების მსმენელებს, ამ კურსებისთვის ლითოგრაფიული წესით რუსულ ენაზე გამოსცა „ქართული ენის გრამატიკა“.
1916 წელს მისი რედაქტორობით გამოიცა პეტერბურგის ქართველ სტუდენტთა წრის მიერ შედგენილი ქართული ბიბლიოგრაფიის მასალათა პირველი წიგნი. თავის დროზე, სტუდენტობისას, თვითონაც აქტიურად მუშაობდა ამ მასალის შესაგროვებლად და ამ სამეცნიერო წრესაც თავმჯდომარეობდა 1911 წლამდე.
იოსებ ყიფშიძე შედიოდა ქართველ მოღვაწეთა იმ მცირე ჯგუფში, ივ. ჯავახიშვილმა რომ შეკრიბა და ქართული უნივერსიტეტის შექმნის იდეა გააცნო. ი. ყიფშიძემ მაშინვე დატოვა პეტერბურგის უნივერსიტეტი და მთელი არსებით ჩაება ახალი ქართული უნივერსიტეტის შექმნის საქმეში.