სულ ვეხსომები ლევანი
ლევან ლეონიძე, გიორგი ლეონიძის უფროსი ძმა, ახოვანი, წარმოსადეგი ვაჟკაცი, თვალსაჩინო სპეციალისტი, მრავალმხრივად განათლებული, სწორედ იმ ტიპის ინტელიგენტი ყოფილა, 37-იანი წლების რეპრესიებს რომ ვერ გადაურჩებოდა.
* * *
მახსოვს, ერთხელ კოლაუ ნადირაძემ მითხრა – როცა ერის განადგურება გინდა, იმ ერს, პირველ რიგში, სოფლის მეურნეობა უნდა გაუჩანაგო, გლეხი გაუნადგურო, ამიტომ მოსპეს კომუნისტებმა საქართველოში გლეხი, ტრადიციული სოფლის მეურნეობა მოშალეს და გაავერანესო.
აი, გოგლას ძმა – ლევანი ცოცხალი რომ დარჩენილიყო, მაშინ ვინ იცის, რამდენ სიკეთეს მოუტანდა ქვეყანასო.
– ვისი ძმა?
– გიორგი ლეონიძისა. პაოლოს ძმა 24-ში დაუხვრიტეს, გოგლას – 37-ში. ძმებს შორის ყველაზე მეტად სწორედ ის გამოირჩეოდა, უნიჭიერესი კაცი იყო, შესანიშნავი სპეციალისტი, გერმანიაში განათლებამიღებული და სწორედ ის დახვრიტეს, კომუნისტებს დიდზე დიდი ცოდვა ადევთ, დამიჯერეო! – დამიბეჯითა მხცოვანმა პოეტმა.
* * *
მას შემდეგ გიორგი ლეონიძის ძმაზე – ლევან ლეონიძეზე არც საგანგებოდ რაიმე მასალა მომიძიებია, არც სხვა დროს გამხსენებია, თუ არ ჩავთვლით ასევე ცისფერყანწელის – შალვა აფხაიძის მოგონებას, სადაც კიდევ ერთი საგულისხმო პორტრეტია დახატული. ამ მოგონებიდან ერთ პატარა ეპიზოდს ახლაც შეგახსენებთ:
– „დაანებე, ბიჭო, ამ ლექსებს თავი. – ეუბნებოდა ხუმრობით ლევანი ძმას. მის სიტყვებში ირონიაც იგრძნობოდა, – ლექსებით ჩვენ ხალხს ვერ გამოვკვებავთ, მას მდიდარი პოეზია აქვს, ჩვენს ხალხს სჭირდება მეტი მატერიალური დოვლათი, – დაუწყებდა იუმორით შეზავებულ მტკიცებას: – მეტი კარაქი, შაშხი, რძე... ხალხი ეკონომიკურად უნდა მოღონიერდეს, კუჭი ამოივსოს, მაშინ მისი სულიერი კულტურაც ამაღლდება, თორემ მშიერსა და გაძვალტყავებულ ხალხს რა ელექსება“.
სხვათა შორის, ამავე წერილში შალვა აფხაიძე იმასაც შენიშნავს, ლევანი ჩინებული მსახიობიც რომ ყოფილა.
მუსიკალურსა და სამსახიობო ტალანტს, მეცნიერისა და მკვლევარისთვის დამახასიათებელ თვისებებს, ღრმა ერუდიციასა და მამულიშვილურ სულისკვეთებასაც თუ დავუმატებთ, აღარ გაგიკვირდებათ 37-ში ტრაგიკული აღსასრული ლევან ლეონიძისა.
* * *
მე არ დამკარგავს სამშობლო,
სულ ვეხსომები ლევანი...
თამაზ ნატროშვილი: „უცნობი ქართველი მეომრის საფლავი ვნახეო, ასე აღნიშნავს პოეტი თავისი შთაგონების წყაროს ეპიგრაფში და დასძენს – სახელად ლევანი რქმეოდაო.
...ძალაუნებურად ეჭვი შეგეპარება, მართლა „ლევანი“ ამოიკითხა საფლავის ქვაზე თუ უცნობ ქართველ ჯარისკაცს თვითონ დაარქვა გამორჩეული სახელი?
...საოცარი დამთხვევაა თუ უწყინარი მისტიფიკაცია?“
რა თქმა უნდა, აშკარად უწყინარი მისტიფიკაცია გახლავთ. რაკი სიტყვამ მოიტანა, კიდევ ერთი, ნიკა აგიაშვილის მოგონებაც მინდა შეგახსენოთ: ლადო ასათიანის დაკრძალვისას, როცა მუჭა მიწას ვაყრიდით პოეტის ნეშტს, გიორგი ლეონიძემ საფლავში ასე ჩასძახა: „შენ ბედნიერი ხარ, გულზე საქართველოს მიწა მაინც გაცვივა და შენს თბილ საფლავს ნათესავები და ტოლ-მეგობრები დასტირიან. რამდენი შენი ამხანაგის საყვარელი ძვლები დნება ახლა უკუბოოდ და უმისამართოდ ბრძოლის ველზე, განა რამდენ შინმოუსვლელს დავიტირებთ ასე, შენსავითო!“
ეს მოგონება კომუნისტური პერიოდის პრესაში გამოქვეყნდა. მაშინ ნიკა აგიაშვილი ასე აშკარად, ხმამაღლა ვერ იტყოდა, გიორგი ლეონიძე ამ სიტყვებით იმ შინმოუსვლელებთან ერთად რეპრესირებულ ძმას – ლევან ლეონიძეს დასტიროდაო.
ახლა უკვე ამ განცდებზე ლაპარაკი, წერაც იოლია, მაგრამ მაშინ, კომუნისტური რეჟიმის ზეობის დროს, ამ ყველაფერზე ღიად საუბარი შეუძლებელი იყო. და პოეტიც შეფარულად ასახავდა უდანაშაულო, სასიკვდილოდ განწირული შვილის მშობელთან უკანასკნელი შეხვედრის ეპიზოდს:
დღეო გადიდდი, გადიდდი,
შვილი ეყრება დედასა...
* * *
ლევან ლეონიძე თავდაპირველად 1934 წელს დაუპატიმრებიათ. შემდეგ გაუმართლებიათ და გაუთავისუფლებიათ კიდეც, თუმცა სიფრთხილე გამოუჩენია და დედაქალაქს გაშორებია, მაგრამ...
37 წლის ივლისში ისევ დაუკავებიათ და მალევე დაუხვრეტიათ. ოჯახს საპატიმროდან გამოგზავნილი მისი რამდენიმე ბარათიღა შემორჩა, რომელთა გაცნობა უცრემლოდ შეუძლებელია.
წარმოიდგინეთ, რა განცდები უნდა ჰქონოდა უდანაშაულოდ დაჭერილ კაცს, ვისაც გარეთ ახალგაზრდა ცოლი, მცირეწლოვანი გოგონა, ჯერაც უნახავი, სულ რამდენიმე დღის ვაჟი (რომელსაც ალბათ სწორედ მამის პატივსაცემად ლევანი დაარქვეს) და... მთელი სიცოცხლე ელოდა.
მამას, ჯერაც უნახავი შვილისთვის, ორი ლექსი შეუთხზავს – „ლევანი ამბობს“ და „ნანა ლევანისთვის“.
აბა, ჩაუკვირდით ამ სტრიქონებს:
მიარე ჩემო დედაო,
ნუ შეგაშინებს დარდია,
ბიჭი ვარ, კაცად გავხდები,
წლეების გავლა მარდია.
მე დაგიფასებ ამაგსა,
როცა გავხდები დიდია.
დედა-შვილს ძუძუ აერთებს
და სიყვარული – ხიდია.
ნუ გეშინიან დედაო,
მამა მოგივა მალეო,
სულ მალე დაგავიწყდება,
რაც დღენი გაიმწარეო.
ვინ იცის, იქნებ ამ სტროფებმა მისცა ბიძგი გიორგი ლეონიძეს, დაეწერა ის ცნობილი ლექსი, რომელშიც, უცნობ ჯარისკაცს თავისი ძმის სახელი დაარქვა.
ან კიდევ მეორე ლექსი – „ნანა ლევანისთვის“:
ვინ მოგივლის ჩემზე უკეთ?
ვარდო-ნანინაო,
ნანას გეტყვი შვილო ნანას,
იავ-ნანინაო,
შენი ნახვა უნდა მამას
ვარდო-ნანინაო.
დაიძინე, წყნარად წევხარ,
იავ-ნანინაო,