წინასიტყვა
დღიური, როგორც წესი, საყურადღებო მასალას იძლევა ავტორის მსოფლმხედველობის, ინტერესების, კონკრეტული ფაქტებისა თუ მოვლენებისადმი მიუკერძოებელი დამოკიდებულების, ცხოვრებისა და აზროვნების წესის შესახებ, ამასთან, ასახავს ეპოქის თავისებურებებს, კონკრეტული დროის პოლიტიკურ-ფსიქოლოგიურ ატმოსფეროსა და, – მეტაფორულად თუ ვიტყვით, – ეპოქის საზოგადოებრივ მაჯისცემას, ზოგ შემთხვევაში კი ძვირფას საისტორიო წყაროდაც იქცევა ხოლმე.
მსოფლიო მწერლობაში უხვად მოიპოვება გამოჩენილ ადამიანთა დღიურები (ჯ. ლეოპარდი, ლ. ტოლსტოი, ა. ჩეხოვი, ფ. კაფკა, ჯ. ორუელი და სხვ.; მხოლოდ მწერლებს ვასახელებთ). ქართული მწერლობიდან კი დღიურზე, როგორც ლიტერატურულ ჟანრზე, მსჯელობისას პირველ რიგში გაგვახსენდება სულხან-საბა ორბელიანის „მოგზაურობა ევროპაში“, რომელიც არსებითად დღიურის ფორმითაა დაწერილი და, ერთი მხრივ, ეროვნული ლიტერატურის ღირსშესანიშნავი ძეგლია, ამასთანავე, უაღრესად საყურადღებო საისტორიო მასალასაც შეიცავს (დღიურისა და სამოგზაურო ლიტერატურის ჟანრობრივ ზღვარზეა რაფიელ დანიბეგაშვილის თხზულებაც – „მოგზაურობა ინდოეთში“ და სხვ.).
ითვლება, რომ ქართული მწერლობა ამ ტიპის ტექსტებით არ არის მდიდარი და, თუ ქართველ მოღვაწეთა გამოქვეყნებული დღიურების მიხედვით ვიმსჯელებთ, ეს მართლაც ასე ჩანს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენი ცოდნა ამ სფეროში ჯერ კიდევ არ არის სრული – საქართველოს სიძველეთსაცავებსა თუ ოჯახებში მოიპოვება ისეთი დღიურები, რომელთა მოძიებამ და პუბლიკაციამ, ადვილი შესაძლებელია, ეჭვქვეშ დააყენოს ზემოაღნიშნული მოსაზრება (ასე, მაგალითად, გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმში დაცულია რევაზ შალვას ძე ერისთავის, – ილია ჭავჭავაძის ცნობილი კრიტიკული წერილის ადრესატის, – 1850-იანი წლების დღიური; შესანიშნავი მოღვაწის, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ უკანასკნელი თავმჯდომარის, იასონ ლორთქიფანიძის, 1900-1930 წლების დღიური ინახება ავტორის შთამომავლის, მაკა ლორთქიფანიძის, ოჯახში და ა. შ.).
რაც შეეხება წინამდებარე წიგნს, აქ შესულია XIX საუკუნის ქართველ მოღვაწეთა დღიურები – ოთხი ავტორის ექვსი ტექსტი, რომლებიც ამოღებულია შემდეგი გამოცემებიდან:
1. თეიმურაზ ბაგრატიონი, სპარსული დღიური. წიგნში: გ. შარაძე, თეიმურაზ ბაგრატიონი, I (ცხოვრება), თბ.: 1972, გვ. 183-211.
2. თეიმურაზ ბატონიშვილი [ბაგრატიონი], რუსეთში მოგზაურობის დღიური. წიგნში: ქართველი მწერლები რუსეთის შესახებ, შემდგენელი ვ. შადური, [მისივე შესავალი წერილითა და შენიშვნებით], თბ.: 1962, გვ. 310-317.
3. გრიგოლ ორბელიანი, მგზავრობა ჩემი ტფილისიდამ პეტერბუღამდის. წიგნში: გრ. ორბელიანი, თხზულებათა სრული კრებული, ა. გაწერელიასა და ჯ. ჭუმბურიძის შესავალი წერილებით, რედაქციითა და შენიშვნებით, თბ.: 1959, გვ. 155-265.
4. გრიგოლ ორბელიანი, დღიური 1836 წლისა. წიგნში: გრ. ორბელიანი, თხზულებათა სრული კრებული, ა. გაწერელიასა და ჯ. ჭუმბურიძის შესავალი წერილებით, რედაქციითა და შენიშვნებით, თბ.: 1959, გვ. 265-283.
5. გიორგი ერისთავი, ჩემი მოგზაურობა ევროპაში 1862 წელსა 13 ივნისიდგან. წიგნში: გ. ერისთავი, თხზულებანი, ტექსტი დაადგინა, გ. ერისთავის ბიოგრაფიული მონაცემები, ენობრივი მიმოხილვა, ვარიანტები, შენიშვნები და ლექსიკონი დაურთო ო. ურიდიამ, თბ.: 1966, გვ. 373-404.
6. დიმიტრი ყიფიანი, დღიური 1882 წლისა, პუბლიკაცია მოამზადა თ. ჯოლოგუამ, ჟურნალი „ლიტერატურა და ხელოვნება“, 1991, №1, გვ. 212-228.
იმისათვის, რომ წიგნი საკითხით საგანგებოდ დაინტერესებული მკითხველისა და, განსაკუთრებით, სპეციალისტებისთვისაც გამოსადეგი ყოფილიყო, ჩვენ არ მოვერიდეთ გარკვეულ ეკლექტიზმს სამეცნიერო აპარატის გაფორმების მხრივ და ცალკეულ პუბლიკაციებზე დართული აპარატი (ხელნაწერის ტექსტოლოგიური აღწერილობა, შენიშვნები, კომენტარები...) არსებითად იმ სახით დავტოვეთ, რა სახითაც იგი პუბლიკატორის ხელიდანაა გამოსული. ამ მხრივ, გამონაკლისია დიმ. ყიფიანის „დღიური 1882 წლისა“, რომლის კომენტარებიც შეივსო პირველი პუბლიკაციის შემდეგ მოპოვებული ცნობებით (სხვათა შორის, დაკარგულად ითვლება დიმ. ყიფიანის კიდევ ერთი დღიური, რომელიც მას, სტავროპოლში გადასახლებულს, სიცოცხლის უკანასკნელ თვეებში უწერია).
ჩვენში ეს არის სხვადასხვა მოღვაწეთა დღიურების ერთ წიგნში მოქცევის პირველი ცდა და, ამდენად, წინამდებარე გამოცემა, უნდა ვიფიქროთ, არ იქნება დაზღვეული ხარვეზებისაგან, რასაც მკითხველი, იმედია, გაგებით მოეკიდება.
თამაზ ჯოლოგუა