რაც უნდა დუმილით მეთქვა დუმილსა და დუმილს შუა
სოფელი ვინა და, ერთი კაციო.
ქალაქი ვინა?
ისიც ერთი კაცი.
და ქვეყანა ვინღა?
ისიც, ისიც ერთი კაცი.
არიან პიროვნებანი, რომელნიც ხელშესახებად აირ ეკლავენ თუ განასახიერებენ თავიანთი ხალხის საუკეთესო თვისებებს და თვალნათლივ გიდასტურებენ, რომ ადამიანი შესაძლოა სამყარო იყოს, ისეთივე უსაზღვრო თუ მრავალფეროვანი, მთავარია, რომ გწამდეს პიროვნების შესაძლებლობათა უკიდეგანობა, მისი უნარი – ყოველგვარ ვითარებაში შეინარჩუნოს კულტურის, სულიერების უწყვეტობა, რათა ამგვარ პიროვნებათა წყალობით კაცობრიობა უგზოობისათვის არ გაიწიროს.
დიდი რამ ყოფილა ერთი კაცის ფენომენი.
ანდაზებს არაფერი ეშლებათ, საუკუნეებში გამოცდილან, გამოწრთობილან და ძველთაძველი სიბრძნე მოაქვთ და მოაქვთ გონების გასანათებლად და ახალ-ახალი მაგალითებითაც ივსებიან და მათი დაუშრეტელობა ამითაცაა განსაზღვრული.
ზუგდიდი ვინა?
ვინა და... ზურაბ ცხონდიაც, ძველ მოძღვართა შესადარი, პერიპათეტიკოსივითაც რომ აუდევნებია ახალგაზრდები, რათა ყველგან აზიაროს იმ ათასგვარ სიქველეთ, მინავლებული რომ გვგონია – აუდიტორიაშიც, დერეფანშიც, სუფრაზეც, ქუჩაშიც, მანქანის სალონშიც... ყველგან მისი ასპარეზია, მისი ორატორული ხელოვნების, მისი არტისტიზმის საუფლო, და იფანტება ყმაწვილებში მისი სულის ნამცეცები, რაკიღა სულიც თუ არ დააყოლა, ისე არცერთ სიტყვას არ იტყვის, არ გააუფასურებს, მექანიკურად არ აქცევს.
ვის ექნება ძველმოდური თაყვანება სულიერი ღირებულებებისადმი, თუ არა ზურაბ ცხონდიასაც.
ვის ეცოდინება სიტყვის ყადრი და დაფასება, თუ არა ზურაბ ცხონდიასაც.
ვისი პირადი ტკივილებია უშუალოდ გადაჯაჭვული ქვეყნის ბედს, თუ არა ზურაბ ცხონდიასიც.
მისი არტისტიზმი ნაწერშიც გადავიდოდა მახვილგონივრულ დაკვირვებებად და შინაგან ექსპრესიად და თავს მოიყრიდა ორიგინალური სახელწოდების ქვეშ – „ რაც უნდა დუმილით მეთქვა “ .
ამ სათაურში მკაფიოდ მოჩანს მისი პიროვნული ბუნება – მიდრეკილება განმარტოებისაკენ, საკუთარ თავში ჩაძირვისაკენ, იმისკენ, რაც იოლი ხორცშესასხმელი იქნებოდა მისთვის ქვეყნის დალხინებული ცხოვრების პირობებში, ამჟამად კი ამგვარი ფუფუნების – სწორედაც ფუფუნების – უფლებას თავს როგორ მისცემს და... პერიპათეტიკოსთა მოღვაწეობის სტილიც ამიტომ გამხდარა მისთვის ასერიგად ჩვეული.
რაც უნდა დუმილით ეთქვა...
ჩანაწერების ჟანრი, დიდად პოპულარული დასავლეთში, ჩვენთან კი აგერ სულ ახლახან დამკვიდრებული ყველასთვის თვალნათლივ – ქართული ლიტერატურის მუზეუმისა და გამომცემლობა „ ინტელექტის “ წყალობით – კარგად მოერგო ზურაბ ცხონდიას შემოქმედებით ნატურას და ღრმა ერუდიციისა და მღელვარე ფიქრთა გაზიარების სურვილს ეს სადინარი მოუნახა, მითუმეტეს, კომპოზიციის გამახვილებული გრძნობაც უკარნახებდა: არ გაგიძნელდება დღიურის ფურცლების მოხდენილი შეკვრა და მინიატურებივით ჩამორიგებაო.
რომანტიკული სტილი რომ მსჭვალავს მთელს ციკლს, მისი საწყისი იმ განცდაშია, ლანდივით რომ სდევს თავისი ბავშვობა, როგორც არაქრონოლოგიური დრო და საიმედო თავშესაფარი.
– ეს ჩემი ვირტუალური დროა, ჩემი მარადთანამდევი კეთილი მუხტი, ჩემი მფარველი ანგელოზი.
ეს ჩანაწერი ( „ და უნაზესი, ვით მოგონება “ ) ბავშვობის ხანისადმი აღვლენილი დითირამბიცაა და მთელი კრებულის გასაღებიც.
და კიდევ თეატრისადმი განსაკუთრებული სიყვარული, გამჟღავნებული ზუგდიდის თეატრის მეტამორფოზებად ჩაფიქრებულ ჩანაწერში „ როცა წარსული ასე ახლოა “ :
– მართალია სხვა სფეროში მომიწია მუშაობამ, მაგრამ თეატრი დღემდე რჩება ჩემი ტრფობის მღელვარე ობიექტად, ჩემი სულის ტკივილისა და ლხენის მთავარ ბგერად.
ამას ხომ თქვენითაც მიხვდებით, თუკი ერთხელ მაინც შეესწარით მის ორატორულ გამოსვლას.
რაც უნდა დუმილით ეთქვა...
„ უწრფელესი პოეზიის ექო “ ალექსანდრე საჯაიას ხსოვნის საღამოს შთაბეჭდილებას რომ გვიზიარებს, ოდიშში გამართული პოეზიის დღესასწაულისა, ექსპრესიულად წარმოგვიდგენს ვახტანგ ჭელიძის სილუეტს, თვალებზე ცრემლმორეული როგორ ჩერდება ნაცნობ ხეებთან და კოცნის, მოწიწებით ეხება ოდა-სახლის ფერგახუნებულ ფიცრებს, დადუმებულ ჭას, აივნის რიკულებს, და ფიქრში ჩაძირული, დინჯი ნაბიჯებით როგორ მიმოდის ეზოში, თითქოს დაუვიწყარი ძმადნაფიცის ნატერფალებს ეძებსო.
ამ პასაჟში მხოლოდ ზუსტი დაკვირვების უნარი და სურათის შესაფერისი გაცოცხლების ნიჭი არ იგრძნობა. აშკარაა, რომ ზურაბ ცხონდიას ვახტანგ ჭელიძის განცდებისათვის თავისი განცდებიც შეუზავებია, თითქოს მასთან ერთად შეიგრძნობდეს ამ ყოველივეს.
ან რაღა თითქოს – მასთან ერთად მორევია ცრემლიც, ხეებს თვითონაც კოცნის და მოწიწებით განმსჭვალულა ყველაფრისადმი, რამაც შეიძლება ძვირფასი ნატერფალები შემოინახოს.
ასეთი ძვირფასი ნატერფალები არ დაილევა ზუგდიდსა თუ სამეგრელოს მხარეში. არ დაილევა მთელს საქართველოში. და ზურაბ ცხონდიაც, სადამდეც გაწვდება, გულმოდგინედ ლამობს არ მოაკლოს ამბორი, მოწიწება და ცრემლი იმ ყველაფერს, რაც არაფრისდიდებით არ უნდა გაიწიროს გასაქრობად, და თუ ბედისწერა ძველებური სახით არ დაგანებებს, ეგებ რაღაც მაინც გადარჩეს მისგან, რაღაც – უსაზომოდ დამაფიქვრელი.
სადამდეც გაწვდებაო...
არადა, ბევრგან წვდება და გულში იკრებს ყოველივეს, რათა გულის გამოვლის შემდეგ მიმოიფანტოს მის კვალზე ადევნებულ ახალგაზრდებში.
...სოფელი ვინა და, ერთი კაციო.
ქალაქიც ვინა?
და ქვეყანა, ქვეყანაც ვინა?
ზუგდიდი