სამყარო ღრმა ძილში
დაბადების ადგილი შეიძლება სამშობლოდ არ იქცეს, მაგრამ გარემო, ლანდშაფტი, ირგვლივ მყოფი ადამიანები ხშირ შემთხვევაში განსაზღვრავენ პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესს. ყოველ შემთხვევაში, ჯორჯ ორუელთან ასე მგონია. ხასიათისა არ იყოს, დაბადების ადგილიც ბედისწერაა...
ინგლისელი მწერალი ორუელი ინდოეთში დაიბადა, მოტიხარაში, საშუალო შეძლების არისტოკრატიულ ოჯახში. სწავლა წმ. კვიპრიანეს სახელობის სკოლაში განაგრძო. ამ პერიოდში მან სახელობითი სტიპენდია მიიღო და იტონის სამეფო კოლეჯშიც ჩააბარა. ეს იყო ყველაზე პრესტიჟული კერძო სასწავლებელი ვაჟებისათვის. იტონის დამთავრების შემდეგ აღარც სტიპენდია ჰქონია და აღარც უნივერსიტეტში გაუგრძელებია სწავლა. და უცებ, სხვათათვის სრულიად მოულოდნელ ნაბიჯს დგამს. მუშაობას ბირმის პოლიციაში იწყებს. ორუელმა ბირმული ენა შეისწავლა და ინტენსიური, ყოველდღიური ურთიერთობა ჰქონდა უბრალო მოსახლეობასთან.
არაფერი ქრება უკვალოდ, მით უფრო - ბავშვობისა და ყრმობის წლები. ვინ იცის, რამდენჯერ შეძრულა მოზარდის მგრძნობიარე გული მზით დამწვარი და სიღარიბით განაწამები ადამიანების უსამართლოდ დასჯის გამო. კიპლინგისაგან განსხვავებით, ორუელი, როგორც თეთრი რასის წარმომადგენელი, თავს ყოველთვის დამნაშავედ გრძნობდა ინდოელების წინაშე. იგი ნამდვილ შემოქმედად იყო დაბადებული, თანასწორობისა და თავისუფლების საყოველთაო იდეა რელიგიის რანგში ჰქონდა აყვანილი და ისევე ეთაყვანებოდა, როგორც თაგორი და განდი.
პოლიციაში მუშაობის წლები დიდი ცხოვრებისეული სკოლა გამოდგა. მას ხომ იმ პერიოდში ორი ათასი ადამიანის უსაფრთხოება ებარა. არა მგონია, ორუელის სამართლიან ბუნებას სხვაგან მთელი სიმძაფრით ასე დაენახა, გაეანალიზებინა კანონისა და სასჯელის ერთგვარი პირობითობა; ეგრძნო, რას ნიშნავს, როცა უსამართლოდ გსჯიან და გამკითხავი არავინაა; ეგრძნო, რომ არა მხოლოდ ბელადს შეუძლია უკარნახოს ხალხის მასას თავისი ინტერესები, არამედ ბრბოსაც შესწევს ძალა, საკუთარი სურვილებისამებრ მეთაური მძევლად აქციოს და აქეთ-იქით ატრიალოს.
ხუთი წელი იმუშავა პოლიციაში და რომ არა ციების საშინელი შემოტევები, ალბათ, მისი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი კიდევ კარგა ხანს შერჩებოდა ამ ადგილს. დახმარებისა და სამართლიანობის გრძნობასთან ერთად იქნებ ორუელს თავისი ნამდვილი მოწოდებაც აიძულებდა, სხვა მხრივაც, უფრო მასშტაბურად ემოქმედა. ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა მისი მოგონებებიდან ერთი ამონარიდი: „მქონდა რაღაც ბუნდოვანი, წარმოდგენისმაგვარი ჩემს სამწერლო მოწოდებაზე, მაგრამ უფრო იმიტომ წამოვედი, რომ აღარ შემეძლო მემსახურა იმპერიისათვის, რომლის მძარცველი ხასიათი ბოლომდე შევიცანი“.
რა თქმა უნდა, შემთხვევითი არაა რამდენიმე წლის განმავლობაში ორეულის გატაცება ჯეკ ლონდონით. ორუელს განსაკუთრებით უყვარდა მისი წიგნი „ფსკერის ადამიანები“. იმდენად უყვარდა, რომ ბიოგრაფები ირწმუნებიან, სწორედ ამ წიგნის გავლენით გადაწყვიტა ფსკერის ცხოვრებით ეცხოვრაო. ამ ვარაუდს მწერლისავე სიტყვებით ამაგრებენ: „მე თავად მინდოდა ბოლომდე დაცემა და ფსკერის ადამიანად ქცევა, მსურდა, ვყოფილიყავი ერთ-ერთი მათგანი - განკიცხულთაგანი და მის გვერდით ვმდგარიყავი ტირანიასთან ბრძოლაში“.
ამაში არის სიმართლის მარცვალი, მაგრამ საყვარელი მწერლის გავლენის გარეშეც შესანიშნავად დასტურდება, რომ ორუელის მთელი ცხოვრება, სამართლიანობისათვის თვითშეწირვამდე ბრძოლა გოლგოთის გზაა და დარწმუნებული ვარ, სწორედ ეს არის მისი ბუნების უმთავრესი ნიშანი, ტვიფარი თუ დამღა. ამ ყოველივეს ისიც მოწმობს, რომ მტკიცე გადაწყვეტილებით მიემგზავრება პარიზში, სადაც შეეძლო მშვიდად დარჩენილიყო იქ მცხოვრები დეიდის მეურვეობის ქვეშ... ულამაზეს ქალაქში - ხელოვნების მექაში, სრული თავისუფლებით დამტკბარიყო და ამ ფონზე წარმართულიყო მისი შემოქმედებითი ძიებები, ინტერესები, ექსპერიმენტები... ნაცვლად ამისა, ვულფივით პარიზის მუშათა კვარტალში დასახლდა და ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში ჭურჭლის მრეცხავად მოეწყო. ამავე წლებში იწყებს ანრი ბარბიუსის ჟურნალთან თანამშრომლობას, ზედიზედ ბეჭდავს მოთხრობებს, რომელთა მთავარი თემა და მოტივები სწორედ ე.წ. ფსკერის ადამიანებს ეხება; წერს უმუშევრებზე, მაწანწალებზე, მეძავებზე, ლოთებზე, ღატაკებზე.
ლიტერატურათმცოდნეთათვის ეს გავლენები და თემებია, მაგრამ ნამდვილი შემოქმედისათვის ასეთი ტიპების გვერდით ცხოვრების სურვილი თანდაყოლილი მწერლური (იქნებ ადამიანური?!) პატიოსნება უფრო მგონია, ზედმიწევნითი სიზუსტით შეისწავლო და განიცადო ის ფიქრები, ემოციები, ნაბიჯები, ქმედებები, რითაც ეს ფენა არსებობს და სულდგმულობს; არც შენი თავი მოატყუო და მკითხველსაც ზუსტად გადასცე, გული რომ მოულბო და ცხოვრება სხვა კუთხითაც დაანახო.
რა არის ეს, რა ჰქვია მწერლის ამ გარჯას, თუ არა ადამიანის სიყვარული. ცნობილი ფაქტია, რომ ერთხელ ორუელმა ქუჩაში დებოშიც კი ატეხა, რათა შობას ციხეში შეხვედროდა: ციხის ცხოვრების გამოცდილების უკმარისობას მწვავედ განვიცდიდიო. რომ არა მოყვასის დიდი სიყვარული და მისი ბოლომდე გაგების მძაფრი სურვილი, ვინ იცის, რამდენი საბედისწერო ნაბიჯი აღარ გადაიდგმებოდა ორუელის ცხოვრებაში. ორუელს აღიზიანებდა მხოლოდ აბსტრაქტული, უპიროვნო ცნებები, თუ მას პრაქტიკული საქმეებიც არ უმაგრებდა ზურგს. ამის გარეშე ყოველგვარი დარიგება და მოწოდება ეგზალტირებულთა ლოზუნგებად რჩებოდა. ორუელი უკვე ხედავდა სიტყვისა და საქმის კატასტროფულ, ტოტალურ დაცილებას, რაც ბევრისთვის შეუმჩნევლად ფეხს იკიდებდა მთელ სამყაროში. ეს განსაკუთრებით კომუნისტების ნაბიჯებით ცხადდებოდა.