ნაწილი I - თავი I აპრილის ცივი, ნათელი დღე იდგა. საათმა პირველი ჩამოჰკრა. გამძვინვარებული ქარისთვის სახე რომ მოერიდებინა, უინსტონ სმიტს ნიკაპი მკერდში ჩაერგო და საცხოვრებელი სახლისკენ, რომლისთვისაც, დიდი ამბით, „გამარჯვების სახლი“ დაერქმიათ, მიაბიჯებდა. სახლთან მივიდა თუ არა, შუშის კარი შეაღო, შენობაში შევარდა და თან ქვიშანარევი მტვერი შეიყოლა.
შესასვლელი მოხარშული კომბოსტოსა და დაძენძილი ფეხ-საწმენდის სუნით ყარდა. კედლის ცალ მხარეს შიდა სივრცისთვის შეუფერებლად დიდი პლაკატი გაეკრათ. პლაკატზე უზარმაზარი, დაახლოებით ერთი მეტრი სიგანის, სახე აღებეჭდათ. ორმოცდახუთიოდე წლის კაცს უხეშად მოყვანილ, მამაკაცურად მომხიბვლელ ნაკვთებს სქელი შავი ულვაში უმშვენებდა. უინსტონი კიბის საფეხურებს ისე შეუდგა, ლიფტში შესვლა არც კი უცდია. კარგი დრო რომ იყო, მაშინაც იშვიათად მუშაობდა და ახლა, როცა „სიძულვილის კვირეულის“ მოსამზადებლად ელექტროენერგიის დამზოგველი რეჟიმი მოქმედებდა, დღისით დენი საერთოდ არ მიეწოდებოდათ და ტყუილად მოსინჯვას აზრი არ ჰქონდა. მისი ბინა მეშვიდე სართულზე მდებარეობდა. ოცდაცხრამეტი წლის უინსტონი, მარჯვენა ფეხის კოჭის ზევით ვარიკოზული წყლულის წყალობით, კიბეზე ნელა, სვენებ-სვენებით ადიოდა. ყოველ ბაქანზე, ლიფტის შახტის მოპირდაპირე კედლიდან, პლაკატზე გამოსახული უზარმაზარი სახე უცქერდა. სურათი ისე იყო გამოსახული, საითაც არ უნდა გაგეხედათ, მის მზერას ვერ ასცდებოდით. „უფროსი ძმა თვალს არ გაშორებს“, ამბობდა მინაწერი.
ბინაში თუჯის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვიღაც დაშაქრული ხმით კითხულობდა. ხმა ლითონის მოგრძო ფირფიტიდან მოდიოდა, რომელიც დაბინდულ სარკეს წააგავდა და მარჯვენა კედლის ერთი ნაწილის ზედაპირს ქმნიდა. უინსტონმა გამომრთველს დააჭირა, ხმა მისუსტდა, თუმცა სიტყვები მაინც გარკვევით ისმოდა. ამ აპარატზე (ტელეკრანის) ხმის ჩაწევა შეიძლებოდა, თუმცა სრულად გათიშვის ხერხი არ არსებობდა. უინსტონი ფანჯარასთან მივიდა: დაბალი, გამხდარი კაცი პარტიის ცისფერ შარვალ-ხალათში სულ მთლად გალეული ჩანდა. ძალიან ქერა თმა და წითლად მოღაჟღაჟე სახე ჰქონდა; ახლახან დასრულებული ზამთრის სუსხს, დაბალი ხარისხის საპონსა და ბლაგვ სამართებელს მისთვის სახის კანი გაეუხეშებინა.
გარეთ, დახურულ ფანჯრებს მიღმა, სამყარო სიცივეს მოეცვა. ქუჩაში ქარი მტვერსა და ქაღალდის ნაგლეჯებს ზამბარასავით ახვევდა. კრიალა ლურჯ ცაზე მზე ანათებდა, თუმცა ქალაქში ყველაფერი გაუფერულებულიყო, მხოლოდ კედლებზე გაკრული პლაკატები ელავდა ნაირფრად. ყოველი კუთხიდან შავულვაშა კაცი იცქირებოდა. ერთი პლაკატი სახლის წინა კედელზეც გაეკრათ. „უფროსი ძმა თვალს არ გაშორებს“ – ულვაშა შიგ თვალებში ჩასცქეროდა უინსტონს. ქვევით, ტროტუარზე ერთი კუთხემოხეული პლაკატი დაფარფატებდა და იმის მიხედვით, ქარი საით დაუბერავდა, ხან თვალს მოეფარებოდა, ხან კი გამოჩნდებოდა ერთადერთი სიტყვა – „ინგსოცი“. შორს, სახურავებს შორის, ვერტმფრენი გამოკრთა; ერთხანს გვამის ბუზივით იტრიალა ჰაერში, შემდეგ დადგა და ბოლოს ადგილს დაგვერდებული მოსწყდა. საპატრულო პოლიცია ხალხის ფანჯრებში იჭყიტებოდა, მაგრამ პატრული რა სახსენებელია, მთავარი სულ სხვა, „ფიქრის პოლიცია“ გახლდათ. უინსტონის ზურგს უკან, ტელეკრანიდან ხმა ისევ დუდღუნით ჰყვებოდა თუჯის წარმოების მეცხრე სამწლიანი გეგმის გადაჭარბებით შესრულების შესახებ. ტელეკრანი ერთდროულად მიმღებიც იყო და გადამცემიც. იჭერდა ნებისმიერ ბგერას, თუ უინსტონი ძალიან ხმადაბლა არ ჩაიჩურჩულებდა. უფრო მეტიც, სანამ უინსტონი დაბინდული ფირფიტის მხედველობის არეში რჩებოდა, მას უსმენდნენ და ხედავდნენ კიდეც. რასაკვირველია, არავინ იცოდა, ვის როდის აკვირდებოდნენ. ის, თუ რამდენად ხშირად ან რომელი სისტემით ჩაერთვებოდა ფიქრის პოლიცია სადენს, გამოცანად რჩებოდა. არც იმის გამორიცხვა შეიძლებოდა, რომ დღე-ღამის განმავლობაში ყველას უთვალთვალებდნენ და როცა სურდათ, მაშინ ერთვებოდნენ. მეტი გზა არ იყო, ასეთ ცხოვრებას უნდა შეჰგუებოდნენ და ასეც ხდებოდა; ჩვევა თანდათან ინსტინქტად ყალიბდებოდა – იცოდნენ, რომ მათ მიერ წარმოთქმულ ყოველ ბგერას უსმენდნენ და სანამ შუქი ჩაქრებოდა, ყოველ მოძრაობას გულდასმით სწავლობდნენ.
უინსტონი ტელეკრანთან ზურგით იდგა. ასე უფრო უსაფრთხოდ გრძნობდა თავს, თუმცა ძალიან კარგად ესმოდა, რომ საკუთარ ზურგსაც კი შეეძლო მისი გაცემა. აქედან ერთ კილომეტრში აღმართული სიმართლის სამინისტროს თეთრი შენობა, მისი სამუშაო ადგილი, გოროზად დასცქეროდა გაჭვარტლულ ქუჩებს. – ესეც ლონდონი, – ფიქრობდა გულამღვრეული, – პირველი ასაფრენი ბილიკის მთავარი დასახლება, ოკეანიის პროვინციათა შორის მესამე ყველაზე ცნობილი ქალაქი. – ძალიან ეცადა, ბავშვობისდროინდელი მოგონებები გამოეწვია, იქნებ გახსენებოდა ყოველთვის ასეთი იყო თუ არა ლონდონი. მაშინაც ასე ჩამწკრივებული იდგა ეს სიდამპლეშეპარული მეცხრამეტე საუკუნის სახლები, რომლისთვისაც გვერდებში დიდი მორები ბიჯგებად შეედგათ, ფანჯრები მუყაოთი ამოეგმანათ და სახურავები ალაგ-ალაგ გოფრირებული რკინის ნაჭრებით დაეფარათ? ან ბაღები, ლამის აქეთ-იქით გადაქცეული გადაბრეცილი კედლებით, დაბომბილი ადგილები, სადაც ჰაერში ბათქაშნარევი მტვრის მორევი ტრიალებდა და ნანგრევებს სარეველა მოსდებოდა, მიწის ნაკვეთები, სადაც დაბომბვის შემდეგ ადგილი მოსუფთავდა და საქათმეების მსგავსი ტურტლიანი ხის ქოხების კოლონები გაჩნდა, მაგრამ აზრი არ ჰქონდა, ვერაფერს იხსენებდა. მისი ბავშვობიდან