შესავალი
ამ წიგნში ბოლო წლების მანძილზე დაწერილი კრიტიკული ესეები შევიტანე. თანამედროვე ქართული პროზა, პოეზია, თარგმანის საკითხები, ლიტერატურის პოლიტიკა, საგამომცემლო საქმე. პირობითად ასე შემიძლია განვსაზღვრო ამ წიგნის თემატური ველი და ის პრობლემები, რომლებიც ყველაზე მეტად მაღელვებდა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე ფიქრისას და წერისას. წიგნს “ტექსტი და სიმართლე” დავარქვი, რადგან ჩემი აზრით, ყველაზე მეტად სწორედ სიმართლე, პასუხისმგებლობა და კრიტიკული აღმოჩენები აცოცხლებს ლიტერატურას. დღეს ჩვენ ცოცხალი, აქტუალური ლიტერატურა გვჭირდება, ლიტერატურა, რომელიც თვითიდენტიფიკაციასა და რეფლექსიას აჩენს მკითხველში. წიგნში ამაზე არაერთგანაა საუბარი. გარდა ამისა, წიგნი გარკვეული დროითი სამანებითაც იკვრება, პირველ ნაწილშიც და წიგნის ბოლო სტატიაშიც პოსტრევოლუციურ პერიოდზეა საუბარი და პირველ შემთხვევაში სტარობინსკის, ბოლოში კი კანტის ცნობილი გამონათქვამით კიდევ ერთი ველი მოინიშნება, ველი, სადაც წარსულიდან მემკვიდრეობით მიღებული სააზროვნო ფორმები ბატონობენ და რომელიც, ახალი, ე.წ. რევოლუციური ძვრების მიუხედავად, მაინც არ იცვლება. როგორც კანტი იტყოდა, რევოლუცია ვერასდროს ახდენს აზროვნების წესის ნამდვილ რეფორმას.
წიგნში სულ ოთხი რუბრიკაა – კრიტიკა და ლიტერატურის პოლიტიკა და ასევე დაკვირვებები: თანამედროვე ქართულ პროზაზე, პოეზიაზე და თარგმანზე. აქ ათეულობით ავტორს შეხვდებით, რომლებიც დღეს ახალ ლიტერატურას ქმნიან და ცდილობენ გააქარწყლონ არასწორი და ზერელე წარმოდგენები, მკითხველთა აკვიატებები იმის შესახებ, რომ ქართულ ენაზე მხოლოდ ერთი ან ორი მწერლის წაკითხვა ღირს. ეს ზერელობა და საქმის გამარტივება თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესის მთავარი სენია, რადგან მკითხველთა უმრავლესობა (და გამომცემელთა უმრავლესობაც) მხოლოდ ე.წ. „მეინსტრიმს“ კითხულობს, მასში ტრიალებს და არაფერს ეძებს ახალს, ვერანაირად ვერ უწყობს ხელს ახალი ხედვების გაჩენას. სწორედ ამიტომ, შევეცადე თანამედროვე ქართულ მწერლობაში, თარგმანში და ლიტერატურის პოლიტიკის ასპარეზზე მიმდინარე ძალზე საინტერესო თუ სახიფათო მოვლენების რაც შეიძლება ფართო სურათი მეჩვენებინა. მინდა შეგახსენოთ, რომ 2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სპეციალური სტუმარია. 2018 წელი, იმედი მაქვს, უმნიშვნელოვანესი გზაგასაყარი იქნება თანამედროვე ქართული კულტურისთვის, თუმცა ეს მოვლენა უდიდეს იმედგაცრუებადაც შეიძლება იქცეს, თუკი ახალი ტექსტების და ახალი სიმართლის გარეშე შევხვდებით ამ ფორუმს.
P.S. წიგნში შეტანილი ტექსტების დიდი ნაწილი რადიო „თავისუფლებისთვის“ დაწერილი ბლოგებიდან და გადაცემებიდან მომზადდა, აქვეა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პერიოდული გამოცემისთვის და საიტისთვის დაწერილი სტატიებიც.
მალხაზ ხარბედია
2014 წლის დეკემბერი