ას წელს გილოცავ, ჩე!
1
პარიზში მე ხულიო კორტასარის საფლავის სანახავად ჩამოვედი. პარიზი დამხვდა ნაცრისფერი, წვიმიანი, ლამაზი ქუჩებით და ათასი ჯურის ადამიანით, რომლებიც შეხედვისთანავე გიღიმოდნენ და მე მივხვდი, რატომ მიაჩნდათ პარიზი ოცნებების და სიყვარულის ქალაქად. იმასაც მივხვდი, რისთვის აირჩია საცხოვრებლად კორტასარმა მაინცდამაინც ეს ადგილი. მუსიკალური მაღაზიებით გადავსებული პარიზი ნამდვილად თავისუფლების ქალაქი იყო. აქ მე ვნახე კაცი, რომელიც მეტროში საქსოფონზე ძალიან ნაღვლიან მელოდიებს უკრავდა და ისე მომხიბვლელად იღიმოდა, რომ თვალი ვერაფრით მოვაცილე. მასზე ფიქრი სასტუმრომდე გამყვა. სასტუმროში დაბრუნებული კი დიდხანს ვიდექი შესასვლელთან და ვფიქრობდი, რომ მხოლოდ პარიზელს შეეძლო სასტუმროსთვის ასეთი საოცარი სახელი დაერქმია: „ვილა მარგო ოპერა მონმარტრი“.
მონმარტრთან ვცხოვრობდით.
მონმარტრზე მე და ჩემს ქმარს გამოგვეკიდა კაცი, რომელიც დახატვას გვთავაზობდა და ათი უარის შემდეგ, გაბრაზებულმა გვკითხა, საიდან ხართო. – „
ფრომ გეორგია “ – ვუთხარი დარწმუნებულმა, რომ წარმოდგენა არ ექნებოდა საქართველოზე. მან კი გაოცებით დაიხია უკან და ღიმილით შესძახა: – „დინამო თბილისი!“. მერე გვითხრა, რომ ძველი ფეხბურთელი იყო, რომ ქინქლაძე იყო ძალიან მაგარი და ბედნიერი დაგვემშვიდობა.
მონმარტრზე, წიგნის მაღაზიაში კორტასარის „მიტაცებული სახლის“ ფრანგული გამოცემა ვიყიდე.
– დღეს ასი წელი შეუსრულდა, – ვუთხარი კონსულტანტს ინგლისურად და გავუღიმე. გოგონამაც გამიღიმა, მაგრამ ისე, რომ მივხვდი, – კორტასარი არ წაეკითხა.
2 6 აგვისტო იყო. პარიზში წვიმდა. ამ დღეს მე პირველად ვნახე კაცები, რომლებსაც ქოლგები ეჭირათ და ჩემი ერთადერთი ოცნება ავიხდინე.
ხულიო კორტასარი ჩვიდმეტი წლისამ გავიცანი. თავისუფლების მოედანზე, მიწისქვეშა გადასასვლელში ბიჭი დავინახე, რომელიც გიტარაზე უკრავდა და
თჰე ენდ -ს მღეროდა. საოცარი ის იყო, რომ ბიჭი ფიზიკურადაც ჰგავდა ჯიმ მორისონს, რომელზეც იმ პერიოდში ვაბოდებდი. ჩამოვუჯექი და მასთან ერთად დავიწყე სიმღერა. არ გაჰკვირვებია. გამიღიმა და ეგ იყო. რა ვიცოდი, რომ წლების შემდეგ იგი ერთ-ერთი მუსიკალური შოუს ვარსკვლავი გახდებოდა და ათასობით ადამიანი შეიყვარებდა...
ყველა სიმღერა ვიმღერეთ, რომლის ტექსტიც ვიცოდი და ბოლოს, როცა წამოვდექი, ბიჭმა მითხრა: „აუცილებლად წაიკითხე ხულიო კორტასარი“.
მაშინ პირველად გავიგონე ეს სახელი და სახლში დაბრუნებული თაროებს ვეცი. ასობით წიგნში მართლაც აღმოვაჩინე კორტასარის ძველი გამოცემა, გარდაცვალების წელს გამოსული, გაყვითლებული ფურცლებით და მაგიური სახელწოდებით „მდევარი“.
პირველი სწორედ ეს მოთხრობა წავიკითხე და კითხვის დასრულებისთანავე მივხვდი, რომ კაცი, რომელმაც ჩარლი პარკერის მდევარი გამოიგონა თავისი ნაგვის ურნებით და ლენის წითელი კაბით, ცხოვრების ბოლომდე მეყვარებოდა.
კორტასარმა სრულიად სხვა სამყაროში გადამისროლა; სამყაროში, სადაც იყო ბევრი ჯაზი, თავისუფლების რწმენა და ადამიანური მარტოობის აღიარება, სადაც გწამდა, რომ არსებული ყოფის მიღმა რაღაც სხვა და ჭეშმარიტი არსებობდა. შეგეძლო ის უცნაური ღმერთიც გაგელანძღა, რომელიც არ გაძლევდა ჩარჩოების რღვევის საშუალებას; დროის დაძლევის საშუალებას; სივრცის გადაკვეთის საშუალებას და მარტოობაში ამოლპობას გაიძულებდა.
„მე ამ კატასავით მარტო ვარ. არა, – უფრო მეტადაც. იმიტომ, რომ მე ეს ვიცი, ამან კი – არა. წყეული, ხელი დამაკაწრა“ . ეს სიტყვები არგენტინელმა კაცმა დაწერა, რომელიც პარიზში, სამშობლოსგან ათასობით კილომეტრის მოშორებით მოკვდა. ასე იმიტომ მოხდა, რომ კორტასარს უყვარდა თავისუფლება და იბრძოდა იმისთვის, რაც უყვარდა.
მე მიყვარდა თავისუფლება და ხულიო კორტასარი. ერთი პერიოდი შუაღამისას მეღვიძებოდა ხოლმე, ფანჯარაში გადავეყუდებოდი და ღამის ქალაქის ხმებს ვაყურადებდი. ვუსმენდი ნაგვიანები მანქანებისა და სადღაც ჩავლილი მატარებლის ბორბლების ხმაურს, სადარბაზოში შეყუჟული კატის კნავილს და ზოგჯერ მეზობელი ლოთის ყვირილსაც, რომელიც მოჩვენებებს ებრძოდა. დღემდე მჯერა, რომ ადამიანი ყველაზე კარგად დროის ამ მონაკვეთში ხედავს საკუთარ თავს. ეს არის საათი, როცა იჯერებ ღმერთის არსებობას. მთლიანად შეიგრძნობ მის ყოფნას და გიჩნდება ნოსტალგია ბედნიერი და სევდიანი დღეების, რომლებიც ჯერ არ გინახავს და არ გაგივლია.
ასეთ ღამეებში მე ყოველთვის მახსენდებოდა არგენტინელი მწერალი და მისი ნაგვის ურნები. მაჰალი ჯეკსონისთვის დათმობილი ღმერთი და ტალიტას დგომა კლასობანას უჯრედზე ფსიქიატრიულის ეზოში. ვფიქრობდი ხულიოს ბოჰემურ ღამეებზე, რომლებიც წლების წინ ნამდვილად არსებობდა და პარიზის ბინაში გარდაცვლილ ბავშვზე, რომელსაც ერქვა როკამადური.
ჩვიდმეტი წლისამ უკვე ვიცოდი, რომ შვიდი წლის შემდეგ პარიზში ჩამოვიდოდი, რათა სამშობლოდან გადახვეწილი არგენტინელისთვის დაბადების ერთი საუკუნე მიმელოცა.
საფრანგეთის დედაქალაქში აღმოვაჩინე, რომ არასწორად მჯეროდა, თითქოს დედამიწის ზურგზე არავის გაეგონა საქართველო. „ვილა მარგო ოპერა მონმარტრში“ ცხოვრობდა ავსტრალიელი ცოლ-ქმარი, რომლებიც აღფრთოვანდნენ, როდესაც გაიგეს სადაურები ვიყავით. გვითხრეს, რომ მაგარი ხალხი ვართ, პირველებმა დავტოვეთ საბჭოთა