1. დები
კენჭებით ვთამაშობთ. ისეთი თხელია დები, რომ ზოგჯერ მეშინია, ნაფოტებად არ დაიშალოს. ხმას არ ვიღებთ. კენჭებს ერთმანეთის „ტერიტორიაზე“ ვაწყობთ და ვითვლით, ვის უფრო მეტი აქვს. დედამ გამაფრთხილა, „დები ავადაა და ყველაფერი დაუთმეო“, ჩვენ სისხლი გავცვალეთ და საიდუმლოდ ვინახავთ, რომ ღმერთის არა გვწამს. დები ამბობს, „თუ ღმერთი არსებობს, მე უფრო მსუქანი ვიქნებოდიო“, ღამღამობით, როცა დების საწოლთან მდგარი დედა დაბალი ხმით კითხულობს ლოცვას, ჩვენ საბნებს ვიფარებთ თავზე და ვიცინით. მერე დედა იხრება და გვკოცნის. მე ორჯერ, დების - ოთხჯერ. შუქს აქრობს და ოთახიდან გადის. მალე შეხებას ვგრძნობ - დები ჩემს ლოგინში მოძვრება, მაგრად მიჭერს ხელზე და ჩურჩულით ამბობს: „ტურა მოფრინავს“. შეშინებულები ერთმანეთს ვეკვრით. ტუჩებს თვალებზე ვაწებებ ჩემს დას და მიკვირს, რატომაა ასე მლაშე მისი თვალები.
დებიმ აიჩემა, ქანდაკება ვარო. შუაგულ ოთახში გაუნძრევლად დგას და არ მიყურებს. ვხმაურობ. მინდა, ყურადღება მომაქციოს. მაგრამ არ მიყურებს და თანდათან უფრო თეთრდება. საჩვენებელი თითი მის თვალებთან მიმაქვს და ველოდები. რეაქცია არ აქვს. ვბრაზდები. „შემომხედე!“ - ვუყვირი, მაგრამ არ იმჩნევს. „შემომხედე!“ ხმას არ იღებს. მხრებში ვეჭიდები და ვანჯღრევ. ისეთი თეთრია, ეჭვი მეპარება, სისხლი არ აქვს-მეთქი... ყვირილზე დედა შემოდის. ფითრდება.
- შეეშვი! - მიახლოვდება.
- მაშინ შემომხედოს.
- მე რა გითხარი! - დედა სახეში მირტყამს.
ხელებს ვაშორებ ჩემი დის მხრებს და მთელი ძალით ვცდილობ ცრემლების შეკავებას. ვიცი, ახლა არ უნდა ვიტირო. ჩემსა და დედას შორის სიჩუმე იდება. დები ნელა წევს ხელებს მაღლა და ტაშს უკრავს.
- გეტკინა? - მეკითხება არაბუნებრივი ხმით.
ახლა მე აღარ ვიღებ ხმას.
- გეტკინა?! - ყვირის და სიცილი უტყდება.
- ხომ გეტკინა?!
- ქანდაკება აღარა ხარ? - სიბრაზეს ვერ ვფარავ.
- ახლა ხომ გაიგე?! აღარ მატკენ! - სიცილისგან ხმა უწყდება და ახველებს.
დედა ჩუმად მკოცნის თავზე. ისე, რომ დებიმ ვერ შენიშნოს და ვხედავ, როგორ ტირის დედაჩემი.
დები ზურგზე მაზის. მე დაოთხილი დავდივარ ოთახებში. უხარია. „ცხენი მყავსო“ - ამბობს. არ მომწონს ეს თამაში. ვჩერდები და ველოდები, როდის ჩამოვა ჩემი ზურგიდან. მუხლები და ხელისგულები დასვრილი მაქვს. დების დოქით წყალი შემოაქვს. ხელებზე მასხამს და მთელი ძალით მისრესს ხელისგულებს. საოცრად ბედნიერია.
- ახლა მე ვიქნები შენი ცხენი, - მთავაზობს სიცილით და არ იცის, რომ ასე არ შეიძლება.
- არ მინდა, - მოკლედ ვუჭრი.
- მე მინდა, - იღუშება.
- არ შეიძლება, დები.
- რახან გამხდარი ვარ, მაგიტომ?
- ხო.
- მაშინ მუცელი ამილოკე, - ისევ უბრწყინდება სახე.
- ესეც არ შეიძლება.
- რატომ? - ისევ ის სითეთრე აფარია.
- გვეჩხუბებიან.
- ვერ გაიგებენ… გთხოვ.
- არა, დები, - ვტრიალდები. არ შემიძლია მისი სითეთრის ცქერა და ამ უაზრო სურვილების ასრულებითაც დავიღალე. ჩემკენ გამორბის, წინ მეტუზება და შეშინებული სახით მეკითხება:
- აღარ გიყვარვარ?
- კი.
- მაშინ რატომ არ მეთამაშები?
- დავიღალე.
ცოტა ხანს ფიქრობს, მერე თითქოს რაღაცას მიხვდაო, ერთბაშად სწევს თავს და დამარცვლით ამბობს:
- არა, აღარ გიყვარვარ. ვიცი.
- სისულელეა.
- ეგრეა.
იატაკზე ჯდება. ხელებს კეფაზე იწყობს და ისე მომშტერებია, ცოტაც და ყვირილს დავიწყებ.
- ყველაზე მეტად მე უნდა გიყვარდე, გაიგე?! - საშინელი ხმა აქვს.
- მე მიყვარხარ, დები.
- არა! მე სხვა რაღაცას ვამბობ. მე უნდა გიყვარდე, სხვები - არა.
- სხვებიც რომ მიყვარდეს?
- არ შეიძლება. სხვებმა არ იციან ჩვენი საიდუმლოები... დამპირდი!
- დები, ნუ ჯიუტობ!
- არა! დამპირდი! - ძალიან თეთრია.
გვერდზე ვუჯდები და ვცდილობ, დავაწყნარო.
- აბა, დაფიქრდი...
- არ მინდა. მარტო მე უნდა გიყვარდე! დამპირდი!
იმ წუთას ძალიან მინდება, ღმერთის მწამდეს, მაგრამ აღარ მწამს. ღმერთი რომ არსებობდეს, დები უფრო მსუქანი იქნებოდა.
- დამპირდი!
დები სახეს სახეზე მაწებებს.
- ეს ჩემია. ორივე ჩემია. ჩემი კიდევ - შენია. ნუთუ ვერ ხვდები?!
მისი ტუჩები ტუჩებზე მედება და თითქოს ორივენი ვლაპარაკობთ.
ცოტაც და ისევ ვგრძნობ ნაცნობ სიმლაშეს, რომელიც დების თვალებიდან ჩემს თვალებშიც იღვრება. თევზის სუნი გვაქვს.
დები გაღიმებული დგას სარკის წინ. პერანგი ყელამდე აუწევია და ოდნავ ამოზრდილ კოკრებს ხელით ისინჯავს.
- ხედავ? - ჩემკენ