ჩემი სოლილოკვიო
„კარგ სტილს ლიუციფერისა და ანგელოზის ურთიერთგადაძახილი წარმოშობს“ – წერს აკაკი გაწერელია.
მისი სტილიც ამ „გადაძახილითაა“ შობილი.
აკაკი გაწერელიას ნაწერში ერთნაირად გხიბლავს აზრის სიღრმე და მისი გადმოცემის დახვეწილობა. განსაცვიფრებელი ერუდიცია თავად სტილშია მოქცეული და, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ავტორს სულიერი განცდებისა და ფიქრების ვიბრაციის დროს ეხმარება.
აკაკი გაწერელიას პრინციპი, საერთოდ, ასეთი იყო: „ერუდიცია საკუთარი სიმღერის ჟამს უნდა გვეხმარებოდეს“.
ეს ჩანაწერებიც აკაკი გაწერელიას საკუთარი სიმღერაა (თვითონ „გედის სიმღერას“ უწოდებს). ის გვიჩვენებს, თუ რა რთული ცხოვრება გაიარა ჭეშმარიტად ევროპული რანგის მეცნიერმა, რომელსაც გამუდმებით ებრძოდნენ, ხელს უშლიდნენ, აბეზღებდნენ და მაინც ყველაფერს გაუძლო და აღასრულა ის, რასაც წერდა: „მამაკაცი უკომპრომისოდ უნდა ჩავიდეს სამარეში“.
***
ჩვენი „დაკვირვებანი და შთაბეჭდილებანი“ ერთ ლაიტმოტივს არ შეიცავს (ლაროშფუკო), იგი არც მარტოოდენ აზრის აპოლოგიაა (პასკალი), ჩანაწერებს არც ღრმა სუბიექტივიზმი განმსჭვალავს (ფლობერის „წერილები“...).
არავის ვბაძავთ. ყოველგვარი მიბაძვა, განსაკუთრებით გენიალური ქმნილებებისა, კატეგორიულად უკუსაგდებია. გენიალური ნიშნავს დამთავრებულს, ხოლო დამთავრებულის განმეორება არ შეიძლება.
გრანდიოზული ლიტურგიის ან სიმფონიის გვერდით არსებობს იადონის გალობაც. და ამ პატარა ფრინველის გალობაც შეიცავს „თავისებურ კონტრაპუნქტს“.
***
პირად ბარათებს შორის, რომლებიც ჩემთვის გამოუგზავნიათ, თვალისჩინივით ვუვლი ერთს (მაპატიოს მკითხველმა, ბარათები კი ბევრი ღირსეული პირისაგან მიმიღია, არ ვიცი, დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად).
1970 წლის 25 მაისს გაზ. „ლიტერატურული საქართველოს“ რედაქციამ მიიღო წერილი, რომელიც წასაკითხად გადმომცეს. იგი ჩემთვის დავიტოვე. მომაქვს სრულიად უცვლელად:
„ძვირფასო რედაქტორო!
ეს არ იყო სადისკუსიო წერილი და არც მკითხველთა აზრს მოითხოვდა რედაქცია, მაგრამ იმდენად ამაღელვა აკაკი გაწერელიას „დაკვირვებებმა და შთაბეჭდილებებმა“, რომ არ შემიძლია ჩემი აღტაცება არ გამოვთქვა ამ შესანიშნავი ქმნილების გამო და მადლობა არ მოგახსენოთ თქვენ მისი გამოქვეყნებისათვის.
არ ვიცი, რა ჟანრს მივაკუთვნო „დაკვირვებანი და შთაბეჭდილებანი“, მაგრამ აქ ჟანრი როდია მთავარი. მთავარია, რომ ეს არის რაღაც მუსიკალური, საოცარი პოეზიით აღსავსე ერთი მთლიანი ნაწარმოები, ხუთი-ათიოდე სტრიქონისაგან შემდგარ სხარტულებსაც უდიდესი სიამოვნების მინიჭება შეუძლიათ ადამიანისათვის. თითოეული მათგანი ისევე სასიამოვნოა წასაკითხად, როგორც კარგი არიის მოსმენა რომელიმე ოპერიდან და, ამასთან თითოეული მათგანი ისე ბუნებრივად ზის ნაწარმოების ერთიან ქსოვილში, როგორც მალხაზის არია „დაისში“.
რა ბედნიერია მწერალი, რომელიც დაწერს თუნდაც ერთ ისეთ ნაწარმოებს, რომელიც მკითხველს არასოდეს დაავიწყდება. პატივისცემით მურად ჭოლოკავა“.
ეს ბარათი ჩემი ლიტერატურული ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარია, უმაღლესი სანქცია ჩემი სულ მცირე დამსახურებისა მკითხველის წინაშე.
***
„დაკვირვებანი და შთაბეჭდილებანი“ გედის სიმღერაა, – აი მისი, როგორც ჟანრის, განსაზღვრა.
და ამ სიმღერას სიკვდილამდე განვაგრძობ. ხმის სიმები კი როცა დამიწყდება და ლოცვები შემეყინება ბაგეზე – მხოლოდ მაშინ იზეიმებს სიკვდილი ჩემს დუმილს.
***
რატომ არ შეიძლება, თავი მოვუყაროთ ფურცლებს, რომლებიც ერთი ან რამდენიმე საკითხის ვრცელ და თანამიმდევრულ მიმოხილვას კი არ შეიცავს, არამედ სხვადასხვა დროს ჩაწერილ შენიშვნებსა და შთაბეჭდილებებს?!
ფურცლები ისე უნდა დალაგდეს, რომ ისინი, როგორც მუსიკალურ კონტრაპუნქტში, ძირითადი ლაიტმოტივისა და ვარიაციების მსგავსად ჟღერდნენ.
„დაკვირვებანი და შთაბეჭდილებანი“ ასეთი ცდაა. ხოლო ყოველგვარი ცდა, როგორც იტყვიან, ბედის მონახევრეა.
„დაკვირვებანი და შთაბეჭდილებანის“ პირველი სამი თავი დაიბეჭდა გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოს 1969-70 წლის ნომრებში. თითოეული მათგანი სხვადასხვა დროსაა დაწერილი და არაა დათარიღებული, ამიტომ მათი აღდგენაც შეუძლებელია. ასევე დაუთარიღებელია მე-4 და მე-5 თავები.
ხოლო მე-6 თავიდან დიდი თუ მცირე ფრაგმენტები დათარიღებულია.
***
ხელოვნების დარგები ერთი რომელიმე უპირატესი ელემენტით „ეჯიბრებიან“ ერთმანეთს პირველობაში.
წინა პლანზე დგანან: პოეზია, მუსიკა და სკულპტურა.
უფრო ქვევით კი – ე. წ. „სინთეზური“ ხელოვნებანი.
***
ყოველგვარი იერარქია პირობითია. კულტურის სხვადასხვა სტადიაზე ხელოვნების ყველა დარგი ერთნაირად ძლიერი არაა.
მაინც უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის ყველა ხალხის კულტურაში პოეზიასა და პოეტს პირველი ადგილი უკავია.
ბერძნული კულტურის მწვერვალია – ჰომეროსი.
რომაულისა – ვერგილიუსი.
სპარსულისა – ფირდოუსი.
არაბულისა – აბულ ალა მაარი.
ქართულისა – რუსთაველი.
იტალიურისა – დანტე.
ინგლისურისა – შექსპირი.
გერმანულისა – გოეთე.
რუსულისა – პუშკინი.
პოლონურისა – მიცკევიჩი...
მაშასადამე, ესა თუ ის ერი, უწინარეს ყოვლისა, პოეტის ქნარით, როგორც სალუტით, აუწყებს თავის უკვდავებას მარადისობას.
დიდი პოეტი ერის ფაქტიური ლიდერია.
***
პოეტური ქმნილება პოტენციურად შეიცავს მხატვრობას (სიტყვიერ ფერადოვნებას), მუსიკას (ორივეგან ძირითადია რიტმი) და სკულპტურას (ხედვითი პლანის მომენტს).
ყოველივე ამასთან ერთად, იგი უფრო დინამიკურია, ვიდრე მხატვრობა ან ქანდაკება, ხოლო მუსიკა, გამონაკლისების გარდა (ბახი, ბეთჰოვენი), მხატვრული აზროვნების სფეროში ვერ აღწევს დანტეს ან