მ თ ა რ გ მ ნ ე ლ ი ს გ ა ნ
მსოფლიო ლიტერატურას ბევრი უკვდავი მოთხრობა ამშ ვენებს. მათ შორის უნდა ვიგულოთ წინამდებარე მოთხრობებიც. ისინი რაიმე ლიტერატურული პრინციპით არ შემირჩევია. პირიქით, ისინი სხვადასხვა გემოვნებისა და ტემპერამენტის მწერალთა მიერაა შეთხზული. ფიოდორ დოსტოევსკის მოთხრობა მწერლის მძლავრი ირონიითაა გაჟღენთილი. მწერალი სუსხიანად დასცინის ბურჟუაზიულ ანგარიშიანობას. ეს ანგარიშიანობა რუსეთში მაშინ იწყებდა შემოსვლასა და დამკვიდრებას. დოსტოევსკი წინასწარმეტყველის ალღოთი გრძნობს მის მომავალს და გენიალური ირონიით ანადგურებს. დაახლოებით იმავე ირონიითაა აღბეჭდილი ოსკარ უაილდის "კენტერვილური მოჩვენება". ოღონდ, განსხვავებით დოსტოევსკისგან, აქ ირონია და სერიოზულობა, როგორც ამ სკანდალურ მწერალს სჩვევია, ერთმანეთშია აღრეული და ძნელია მათი საზღვრების გამიჯვნა. მწერალი გულიანად დასცინის ბურჟუაზიულ "სარგებლიანობას" და მეტაფიზიკური საიდუმლოებისადმი უგრძნობლობას. მაგრამ არანაკლებ დასცინის იგი შუა საუკუნეების მისტიკასაც მისი არაადამიანური შინაარსის გამო. სიკვდილის გადალახვის ერთადერთ გზად მწერალს მიაჩნია არა სულელურად დაუსრულებელი სიცოცხლე, "მკვდარი უკვდავება", არამედ სიყვარული. ოღონდ სიყვარულის აუცილებელი პირობა პიროვნების შინაგანი თავისუფლებაა. სხვა შემთხვევაში სიყვარული არა თუ უშველის ადამიანს, არამედ, პირიქით, უბედურებად მოევლინება მას. ხოლო "ერთგულ მეგობარში" მწერალი არ შორდება თავის საყვარელ თემას - ერთმანეთის სრულიად საწინააღმდეგო საგნები უცნაურ კავშირშია ერთმანეთთან. სიკეთე ბოროტებას წარმოშობს და ძუძუს აწოვებს. ამ მხრივ ის, კაცმა რომ თქვას, ბოროტებაა თვითონაც. ბოროტი კი სიკეთეს ჰქადაგებს და ითხოვს, რადგან მისით საზრდოობს. ამიტომ ის სწორედაც სიკეთეა. ასე გადაეწნება ერთმანეთს სიკეთე და ბოროტება და ასე იკვრება ქვეყნიერების უცნაური კვანძი, რაიც მიუწვდომელია გონებისთვის. იმავე კვანძითაა შეკრული ანტონ ჩეხოვის მოთხრობები. ოღონდ ეს მწერალი მწარედ განიცდის ამ მეტაფიზიკურ ხლართსა და თავსატეხს. მოთხრობაში "ხტუნია" მტკივნეულად იკვეთება ხელოვნებისა და ზნეობის დაპირისპირება. ხელოვნება თავს არ უყადრებს ზნეობას და სწორედ მის დარღვევაში ხედავს თავის მოწოდებას. ზნეობა კი სიცოცხლის ინსტინქტების მოდუნებად გამოიყურება. ბუნებისმეტყველების პოზიტივისტურ ხანაში ზნეობა ეჭვს იწვევს. ეს ეჭვი ღრღნის კეთილ ადამიანს და ბუნების საზღვრებიდან შეუბრალებლად ერეკება, ვითარცა უცხო სხეულს და კეთროვანს. ეს უმძიმესი ამბებია მოთხრობილი "პალატა N-6"-ში. ზნეობა ზედ ეკვრის ავადმყოფობას. ამიტომ ეგრეთწოდებული ჯანსაღი სიცოცხლე უხეში, ტლანქი და აუტანელი ჩანს. მაქსიმ გორკი კი "რომანტიკოსია". ის რუსოსავით შენატრის "ცივილიზაციისგან შეურყვნელი" "ბუნებრივი ადამიანის" სი ჯანსაღეს, "თავისუფალ სიცოცხლეს". ეს სიცოცხლე იშრიტება მასზე ზრუნვის გამო. მისი თავისუფლების უპირველესი მტერი სიყვარულია, რაიც ნებაყოფლობითი მონობაა. ამ მეტაფიზიკურ უღელთან თავისუფლების ჭიდილის გენიალური და დაუვიწყარი სურათია "მაკარ ჩუდრა". შთამბეჭდავია მეოცე საუკუნის ერთერთი გენიოსის, ბერთრან რასელის პატარა მოთხრობა "ღვთისმეტყველის კოშმარული სიზმარი". ეს საოცრად ნათელი გონებისა და გულის ადამიანი დასცინის ადამიანის თანდაყოლილ ეგოისტურ ფიქციას - კეთილი და ბრძენი განგებისადმი რწმენას. რასელი ადამიანისგან მოითხოვდა საკუთარი ძალებისადმი რწმენას, რასაც ხელს უშლის ღვთის რწმენა. ზნეობა უნდა დაემყაროს არა ღვთის რწმენას, არამედ ადამიანის გონებასა და ნებისყოფას. სრულიად თავისებურ ჟანრს განეკუთვნება მეცხრამეტე საუკუნის დანიელი ფილოსოფოსისა და მწერლის სორენ კირკეგოს "დონ ჟუანის დღიურები". ეს იყო კაცი, ვინც მართლა არავის ჰგავდა; ვინც თავის თავზე დაკვირვება, ავტობიოგრაფიული ფიქრები დიდ ლიტერატურად და ფილოსოფიად აქცია. უცნაური და გადაუჭრელია მისი მთავარი პრობლემა - შეყვა რებულზე უარისთქმა ... მისდამი უსაზღვრო სიყვარულის გამო. სიყვარულის გადასარჩენად შეყვარებულები უნდა გაიწირონ. ასე ეკვანძება უდიდესი სიყვარული "ბრალის" ბიბლიურ განცდას და სიყვარული იქცევა ურთიერთსაწინააღმდეგო ბიძგებიდან აღმოცენებულ და მართულ, ამიტომაც სრულიად გაუგებარ მოძრაობად. ოღონდ ეს როდია მაქსიმ გორკის მიერ აღწერილი წინააღმდეგობა. რუსი მწერლის ბოშურ სიყვარულში ერთმანეთს ეხეთქება ორი კოსმიური ძალა - თავისუფლების გრიგალი და მონობის წადილი. ჰამლეტის თანამემამულის პირქუშ ქვეყანაში კი სიყვარული სხვა წინააღმდეგობითაა დატენილი. აქ ერთმანეთს სამუდამოდ უპირისპირდება ფლობის მიწიერი გენია და სიწმინდის კრიალა ცა. თითქმის ყველა ეს მოტივი თავმოყრილია გენიალური მწერლის, ლევ ტოლსტოის მოთხრობებში. ისინი ერთი წინააღმდეგობის გათამაშებაა: ადამიანი სიცოცხლის ბრმა წყურვილითაა ატეხილი. გმირი კი შეიმეცნებს ამ წყურვილის წინააღმდეგობას ზნეობასთან და ამ ნიადაგზე - ცხოვრების უაზრობას. ცხოვრება სიძულვილს იწვევს და უმწვავესად დგება ყოფნაარყოფნის პრობლემა. სიცოცხლის უძლეველი ნება ცდილობს თავი შეაფაროს "უმაღლეს შემეცნებას", "გონების მყისიერ განათებას". მაგრამ მოთხრობებიდან ჩანს, რომ ნამდვილად მხოლოდ ბოროტება არსებობს. სიკეთე კი იმდენად მარტივი და ნათელია, იმდენად "ღვთაებრივია", რომ სინამდვილეზე მაღლა დგას და მიუწვდომელია ადამიანისთვის. დიახ, სხვადასხვა გემოვნებისა და ტემპერამენტის მწერ ლებია თავმოყრილი ამ წიგნში. მათ მოთხრობებს აერთიანებს მხოლოდ ის, რომ ყველა ერთნაირად კარგია და ერთნაირად მოსწონს მათ მთარგმნელს.