ალბერტო
მორავია იტალია
1907-1990
თვალხილული სახე და ბეჭდური სიტყვა
იდეა, რომელიც გვამცნობს წიგნისა და ბეჭდური სიტყვის უცილობელ და სწრაფ დაღმასვლას, აღმოჩნდა და გავრცელდა იმ უზარმაზარი როლის ზემოქმედებით, რომელიც ჩვენს დროში დაეკისრა გამომსახველობითი კომუნიკაციის საშუალებებს: კინოს, ტელევიზიას, რეკლამის სხვადასხვა სახეობას, საგზაო ნიშნებსა და ა. შ.
მაგრამ ვგონებ, ცოტა ვინმეს თუ ესმის, რომ ხილული სახის განსაკუთრებული როლი თავის მხრივ აიხსნება იმით, რომ ახლა ისტორიულ არენაზე გამოვიდა ხალხის დიდი მასები, რომელთაც ახლახან ისწავლეს წერა-კითხვა ან საერთოდ გაუნათლებლები არიან.
უსწავლელი ადამიანის ცხოვრებაში ხილულ სახეებს აქვს უდავოდ დიდი მნიშვნელობა. მისთვის მთელი სამყარო ეს არის სხვადასხვა გამომსახველობითი სიგნალის ფართო სისტემა, რომელიც საჭიროებს განმარტებასა და გაშიფვრას. თვით წერა-კითხვის გაჩენა, რომელიც ნელ-ნელა ვითარდებოდა კონკრეტული საგნების გამოსახულებიდან სხვადასხვა სიმბოლომდე, გვაჩვენებს, რომ პირველყოფილი ადამიანი სწორედ თვალების საშუალებით წყვეტდა იმ ამოცანებს, რომლებიც ცივილიზებულმა ადამიანმა შემდეგ თავის ყურს ანდო.
ამიტომ, ის რასაც ახლა ვხვდებით, პირველ ყოვლისა, არის არა წიგნის დაისი, რამდენადაც თვალხილული სახეების ზეიმი - ზეიმი, რომელიც განპირობებულია არა მკითხველთა მიერ, არამედ მათ მიერ, ვინც ჯერ კიდევ გუშინ არ იცოდა კითხვა.
და თუ ეს ასეა - მე კი უეჭველად მიმაჩნია ეს, მაშინ უფლება გვაქვს ველოდოთ ნებისმიერ დროს, რომ ხილული გამოსახულება თანდათან შემცირდება, წიგნი კი - ააღორძინებს თავის ძველ მნიშვნელობას. სხვაგვარად, იმის მიხედვით, რომ მილიონობით წერა-კითხვის უცოდინარი თანდათან დაეუფლება წერა-კითხვის ხელოვნებას, ისინი უფრო ხშირად იტყვიან უარს პრიმიტიული, „უშუალო“ ხილული გამოსახულებისგან და მიმართავენ ბეჭდური სიტყვის უფრო რთულ და უფრო დახვეწილ ენას.
მაგრამ საქმე მარტო ამაში როდია. თანამედროვე ადამიანი „სურათების ენით“ ისე არ სარგებლობს, როგორც პირველყოფილი ადამიანი. პირველყოფილ საზოგადოებაში ეს ენა იყო ადამიანთა შორის ურთიერთობის დაწყებითი ეტაპი. დღეს ეს მხოლოდ დროებითი დაბრუნებაა იმასთან, რამაც უკვე გაიარა. თანამედროვე სამყარო სულაც არ არის პრიმიტიული, მხოლოდ დროებით არის „პრიმიტივიზებული“ მასში იმ მასების შესვლის გამო, რომლებიც სუსტად ან საერთოდ არ იცნობენ წიგნის კულტურას. სხვა სიტყვებით, თვით „სურათების ენის“ ბეჭდური სიტყვისკენ მოძრაობისას ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ როგორც ონტოგენეზის (პიროვნების განვითარების), ასევე ფილოგენეზის (მთელი კაცობრიობის განვითარების) მოვლენას.
ასეთი ჰიპოთეზების არსებობა დასტურდება მასობრივი გამოცემების პოპულარობის ფაქტით, ე.წ. „ქაღალდისყდიანი წიგნებით“. განსხვავება ტრადიციულ წიგნსა და „ჯიბის“ წიგნს შორის არა მარტო ხარისხშია ან მხოლოდ ფასში. ფაქტობრივად ეს ორი სხვადასხვა ტიპის წიგნია, რომელიც დიდად განსხვავდება ერთმანეთისგან თავისი ხასიათით.
ტრადიციული წიგნი თავისი ფესვებით იყო დაკავშირებული - და ახლაც დაკავშირებულია - კულტურის ღრმა ფენებთან, იმ კულტურულ შრესთან, რომელიც ყალიბდებოდა საუკუნეების განმავლობაში. „ჯიბის“ წიგნებს კი გადააქვთ ყველა საუკუნისა და ყველა ხალხის კულტურის მარცვლები თითქმის მთლად ყამირ ნიადაგზე. ასე ხანმოკლე დროის განმავლობაში ჩვენი პლანეტის უმრავლესობას, რომელიც ეს-ეს არის თავს აღწევდა წერა-კითხვის უცოდინრობას, ყოველგვარი მომზადების გარეშე თავს დაატყდა კულტურის დიდი ტალღა - ყველაფერი, რაც გროვდებოდა მასში მთელი ოცდაათი საუკუნის განმავლობაში.
სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ეს კულტურა შეიძლება დარჩეს შეუცნობელი და აუთვისებელი, რაც თავისი ფართო და დამანგრეველი ხასიათის ოპერაციებით გამოიწვევს თავისებურ წნეხს, მზა ფორმულების ნაკრებს. ამის შემდეგ მასებს, როგორც ჩანს, აღარაფერი დარჩება, გარდა იმისა, რომ ისევ მიმართოს მხედველობით გამოსახულებას, რომელიც იქცევა მაშინ კომუნიკაციის ერთადერთ საშუალებად.
ფაქტობრივად ამ მიმართულებით ვითარდება, როგორც ჩანს, ჩინეთში „მარქსიზმი“, რომელიც უარყოფს წარსულის კულტურას, როგორც „ბურჟუაზიულს“. მაო ძედუნმა ერთხელ თქვა, რომ ჩინელი ხალხი არის ქაღალდის სუფთა ფურცელი, რომელზეც შეიძლება ნებისმიერი რამის დაწერა. რა დაიწერება ამ ფურცელზე, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით.
თუმცა ხილული გამოსახულების მნიშვნელობა ბოლო დროს, როგორც ჩანს, აღწევს თავის ზღვარს. ის ფაქტი, რომ მაყურებელი პასიურად აღიქვამს „სურათს“ და არ ცდილობს მის ინტერპრეტირებას, საბოლოოდ მასზევე აისახება - „სურათი“ კარგავს თავისი ზემოქმედების უნარს და თვითონ ხდება ასეთი პასიურობის მსხვერპლი. ადამიანები უყურებენ ტელევიზორს ან კინოს და უბრალოდ ვერც ხედავენ იმას, რაც ხდება ეკრანზე მათ თვალწინ, ან ხედავენ, მაგრამ სინამდვილეში ვერ აღიქვამენ. პასიურობა იმდენად თრგუნავს მათი ყურადღების კონცენტრაციის უნარს, რომ უყურადღებობა ფაქტობრივად სიბრმავედ იქცევა.
ისინი, რა თქმა უნდა, „ხედავენ“ საგზაო ნიშანს - „ფრთხილად ბავშვებია!“ ან ამხედრებულ კოვბოის, რომელიც რევოლვერიდან ისვრის, მაგრამ მათი აღქმა სინამდვილეში მხოლოდ პირობითი რეფლექსია, რომელიც მოკლებულია სულიერ საწყისს და, აქედან გამომდინარე, ყოველგვარ კომუნიკაბელურობას.
ამიტომ წიგნის დაკნინება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს უეჭველად დადგენილ ფაქტად, თუკი გვერდით გადავდებთ ყველაზე მთავარს - რომ თუ წიგნი თვითონ