შესავალი "მითიური დროის" მობრუნება
მითი ყველაზე იდუმალი და ამავე დროს ყველაზე გამჭვირვალე მსოფლმხედველობრივი დეკლამაციაა, რის გამოთქმაც კაცობრიობამ შეძლო თავისი ტრანსცენდენტური წარსულის შესახებ. მაგრამ მითი არ არის მხოლოდ წარსული, მითი ჩვენი პოსტმოდერნისტული აწმყოც არის და ჯერაც უცნობი მომავალიც. ეს ცხადზე ცხადია - კაცობრიობას მთელი თავისი არსებობის მანძილზე არ უცხოვრია მითისაგან მოწყვეტით, მითისაგან განყენებულ პარადიგმაში. მითი ის მოჯადოებული ტრანსცენდენტური წრეა, რომლისგან განჯადოებაც კაცობრიობას არ უწერია, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ ხდომილებებს, მითიური თუ ისტორიული დროის მდინარებიდან ამოვარდნის შემთხვევებს, გასვლას "არადროში", სადაც არ ვრცელდება ყოფიერების არც ერთი ფორმის (მითიური, ისტორიული) კანონები, რადგან ეს "გასვლა" ზედროულია და მარადისობას იმეორებს. და თუ საბოლოოდ კაცობრიობა მაინც განჯადოვდება - თავს დააღწევს მითის "მარადიული ბრუნვის" მოჯადოებულ წრეს, ეს სწორედ ამგვარ ცალკეულ ხდომილებათა საერთო ძალის წყალობით მოხდება. იგი ახალი პარადიგმისკენ შემოატრიალებს ფანტაზმებისა და გაუჩინარებისკენ მიდრეკილ ჩვენს არსებობას. ჯერჯერობით კი ჩვენ ისევ ვრჩებით მითის ტყვეობაში - პოსტმოდერნიზმი ახალი, თანამედროვე სახელწოდებაა "მითიური დროის" - მითიური ეპოქის აღსანიშნად, რომელიც უშუალო მემკვიდრეა არქაულ კულტურებში დადასტურებული ტერმინებისა - ალთირა, ალჩერა, ჯუგური, ბუგარი, ლალაუ, უნგუდი, ვინგარა, მუნგამი, ბუნამი და ა. შ. ეს ტერმინები "მითიურ დროს" ახასიათებს, როგორც ხილვების, ფანტაზმების, როგორც "სიზმრის დროის" ეპოქას.
პოსტმოდერნისტული ეპოქა - ესაა ფანტაზმებისა და სიმულაციების ეპოქა. თუ ჩვენ ჯერ კიდევ ვიმყოფებით პოსტმოდერნიზმში და თუ ჩვენ ჯერ კიდევ არ გადაგვილახავს "ბოროტი სახის დემონი", ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ჰიპერრეალურ (ბოდრიარის ტერმინოლოგიით) სამყაროში, სადაც რეალობა არსებობს არა ობიექტურ რეალობაში (რაც ასევე პირობითია), არამედ იმ ფორმაშინაარსში, რომელსაც აკანონებს ისეთი ტოტალური ფენომენები, როგორებიცაა ტრანსპოლიტიკა, მასმედია, პიარტექნოლოგიები, მასკულტურა, სოციალური ვებქსელები, გასართობი სისტემები და ა. შ. ესაა დიადი ფანტაზმას ეპოქა, რომელიც იმ არქაულ მითიურ დროში გვაბრუნებს, როცა აზროვნებასა და მსოფლმხედველობას მითი და მისი ფანტასმაგორიული ჰიპერრეალური პარადიგმები განსაზღვრავდა. "მითიური დრო" - ესაა ჩვენს სინამდვილეშიც აქტუალიზებული "იგივე" და "განსხვავებული" ყოფიერება, რომელიც "მარადიული ბრუნვის" ძალით ისევ მობრუნდა და დღესაც აწესებს თავისი სუბიექტური მითიური რეალობის კანონებს, რომელთა ძალით ობიექტური სამყარო და სინამდვილე ხელახლა იქმნება, როგორც მეორე დამოუკიდებელი, ობიექტური ყოფიერება და რომელიც რეალური ცნობიერებისათვის შეუმჩნეველი სინამდვილის გვერდით იწყებს საწინააღმდეგო ცხოვრებას.
ჩვენი ეპოქა ღრმა შინაგან კავშირს ამჟღავნებს მითთან. იგი მითის მსგავსად იმყოფება სიმულაკრის ტყვეობაში, რომლის ფუნქციონირების შედეგია ყველა ის ფანტასმაგორიული გამოვლინება, რომელსაც ჩვენი დროის სოციალური მანქანა ამუშავებს. ჩვენი დროის სოციალური მანქანა "ძველ მითზე" აშენებს "ახალ მითს". ეს "ზედნაშენი" - მითი მითში არის სწორედ რეალობის ახალი მდგომარეობა და ახალი "ხარისხი", როგორც სიმულაკრის ფუნქციონირების შედეგი - სიმულაცია. ტერმინ "მითის" როლან ბარტისეული გაგება, როგორც კულტურაში ფუნქციონირებული ცრუ, არანამდვილი საზრისის მქონე ერთეულის აღმნიშვნელი, ჟან ბოდრიართან ჩანაცვლებულია ფილოსოფიურონტოლოგიურ ტრადიციაზე დაფუძნებული ტერმინით "სიმულაკრა" (ბოდრიარი 2000:8). სიმულაკრის ("მოჩვენებითობა", "მსგავსება") გაგება არსებობს უძველესი დროიდან, ანტიკურობიდან მოყოლებული. ამასთან, იგი ჩართული იყო პლატონის მიერ ფორმულირებული თეოლოგიური სქემის რეპრეზენტაციაში (ბოდრიარი 2000:9).
მითისა და სიმულაკრის გენეტიკური კავშირი თანაბრად ვლინდება მათი ფუნქციონირების, როგორც ღრმად ონტოლოგიურ, ისე, ემპირიულკულტურულ, სოციალურ და სხვა პროცესებში. თუმცა მათი ფუნქციონირება ისტორიის განვითარების თითოეულ გარდამტეხ ეტაპზე სხვადასხვა ფორმაშინაარსით რეალიზდება. ჩვენ ქვემოთ ვნახავთ, რომ, თუკი მითიური, არქაული ეპოქის ონტოლოგია უცილობლად გულისხმობს გარკვეული ტიპის "ორიგინალს", ნამდვილ პარადიგმებს, მოგვიანებით ასეთი "ორიგინალები" რეპრესირებულია სიმულაკრის ტოტალური გაბატონებით. საბოლოოდ სიმულაკრა მთლიანად ეუფლება მითს, იტაცებს მას და სრულად ჩაენაცვლება. ამიტომ "ახალი მითის" სიმულაკრით ჩანაცვლება (რაც ვერ გავრცელდება "ძველ მითზე") იმ რეალურ ვითარებას ასახავს, რაც დროსა და სივრცეში სიმულაკრის გაძლიერებასა და განახლებულ ფუნქციონირებას (ტოტალურ სიმულაციას) - ახალ მითოსურ პარადიგმას განაპირობებს.
"სიმულაცია" მომდინარეობს სიტყვიდან simulacrum (მრ. - სიმულაცრა). იგი simulacra ფუნქციონირების შედეგია და ასახავს იმ პროცესს, როცა ასლი შორდება თავის ორიგინალს. ბოდრიარის აზრით, სიმულაკრა, ანუ "ასლის ასლი" იმდენად დაშორდა ორიგინალს, რომ სრულებით გაწყვიტა რაიმენაირი კავშირი თავის პირველწყაროსთან. "თუკი "გადამუშავებისა" და "წარმოების" სტადიაზე საგნობრივი სიმულაკრები მიიღებოდა ზოგიერთი რეალურად არსებული სახის კოპირების გზით, უკვე "სიმულაციის" სტადიაში სახეები ფაქტობრივად არ არსებობს - ისინი გადასროლილია აბსოლუტურ წარსულში "გადაკარგულ და არასოდეს არსებულ ობიექტებში" (ბოდრიარი 2000:18). ამ აზრით, სიმულაკრა არის "ასლი", რომელსაც არ გააჩნია "ორიგინალი", "პირველწყარო". დელიოზიც უარყოფს სიმულაკრის კავშირს "ორიგინალთან", მაგრამ იმავდროულად, უარყოფს მის თუნდაც ძალიან შორეულ, უკვე გაუქმებულ კავშირს "ასლთან". დელიოზისთვის ასლი და სიმულაკრა სხვადასხვა