წიგნი I
1. შრი-ლანკაში ცუნამის შემდეგ ჩავედი. დედაქალაქ კოლომბოდან ვადუვაში ჩავედი. ვიდრე გადასაღებად დაზარალებულ ადგილებს მოვინახულებდი, სასტუმროში დავბინავდი.
სასტუმროში, ალბათ, ხუთნი თუ ვიყავით. ტურისტები შიშით იქაურობას გასცლოდნენ.
ინდოეთიდან იმ დღის ჩამოფრენილი ვიყავი და მალე დაძინებას ვაპირებდი. ის იყო, ლოგინში უნდა ჩავმძრალიყავი, რომ ნომერში დამლაგებელი შემოვიდა, ლოგინი მოამზადა, შოკოლადის კანფეტი ბალიშთან დამიდო და ტელეფონიან ტუმბოზე ქართული წიგნი რომ შეამჩნია, ვინაობა გამომკითხა.
საქართველოდან ხარ? მოიცა ერთი წუთით - ოთახიდან გავიდა და 2 წუთში უჯრიანი რვეულით დაბრუნდა. ძალიან გთხოვ, შენს ენაზე რამე დამიწერეო.
მეც ავდექი და დავუწერე - "მანიშა, კარგი გოგო ხარ".
როცა გადავუთარგმნე, ლოყაზე მკვირცხლად და კისკისით მაკოცა.
# წერექართულად
გაკოცებენ
2. როცა ინდოეთის დედაქალაქ დელიში ჩავედი, 2004 წლის 31 დეკემბერი იყო.
ახალი წელი დგებოდა. სასტუმროში დავბინავდი თუ არა, მაშინვე საახალწლო ღონისძიებების გარკვევა დავიწყე.
მისაღებში გოგონას ვკითხე, რამე საინტერესო თუ იგეგმებოდა და კი, ჩვენს ბარში წვეულება იმართებაო.
საზეიმო განწყობით ბარის დახლთან ჩამოვჯექი. ახალ წლამდე ნახევარი საათი რჩებოდა. ჩემს გვერდით გოგონებს გამოველაპარაკე. მუმბაელი (ბომბეი) ტყუპები აღმოჩნდნენ - ანილა და ანიმა.
მე საქართველოდან ვარ. - მივუგე დებს.
საქართველოდან ხარ? დახვეწილი ინგლისურით მეკითხება ანიმა. ღმერთო ჩემო - შეიცხადა მან - თქვენს ქვეყანას მამასგან ვიცნობ, სამედიცინოზე სწავლობდა, ვიდრე გარდაიცვლებოდა, თქვენზე ბევრს გვიყვებოდა. მისგან ვიცი, რომ გემრიელი ღვინო და წყალი გაქვთ, კერძებითაც მდიდარი ხართ და კარგად მღერით.
- დიახ, ასეა. - ღიმილით და გაბადრულმა ვუთხარი დებს.
- მე საქართველოში ჩამოსვლაზე ვოცნებობ. მინდა, ის ადგილები ვნახო, სადაც მამა სწავლობდა და ცხოვრობდა. მისამართი კი წერილებს აწერია. მეუბნება ანიმა.
მას ჩემი გამჭვირვალე სადარბაზო ბარათი მივეცი და დახმარება აღვუთქვი.
ბოლოს პატარა ხელჩანთიდან წიგნაკი ამოიღო, ბარმენს კალმისტარი გამოართვა და მომმართა: თქვენ ულამაზესი ანბანი გაქვთ, შეგიძლია, ჩემი და ჩემი დის სახელი ქართულად დამიწერო?
და დავუწერე.
# წერექართულად
ჩვენ დიდებული ანბანი გვაქვს
3. უბისაში ტაძრის ფრესკებს ვიღებდი, რომ 6 ადამიანი შემოვიდა. შვილო, ხელს ჰომ არ შეგიშლითო, მომმართა მათგან ყველაზე მცხოვანმა პაპა ნოშრევანმა.
ხელი კი შემეშლებოდა, მაგრამ "კის" თქმას როგორ ვიკადრებდი?
სანთლები დაანთეს. მერე მომიტრიალდა ეს თხელ-თხელი პირისახისა და ტანად მაღალი პაპა ნოშრევანი, და მკითხა, რას ვიღებდი.
სამხრეთის შემოსასვლელის თავზე წმინდანის ფრესკა დამანახა და მითხრა, გამიგია, რომ ეს მე9 საუკუნეში მოღვაწე ილარიონ ქართველიაო.
გამიკვირდა, რადგან არ ვიცოდი.
პაპა ნოშრევანმა კი განაგრძო: ჩემი ძმა გერმანიაში ტყვედ იყო ჩავარდნილი - მოსაუბრებ თვალები ფრესკას მიაპყრო - მასაც ილარიონი ერქვა, სიკვდილს ძლივს გადაურჩა. გერმანელების მხარეს ერთი 1 ქართველი იყო და თავის ენაზე ბარათი მისწერა - დამიხსენიო. უფროსს წერილი ხელში ჩავარდნია და ეს რა არისო, ქართველისთვის უკითხავს. მას კი უთქვამს, იწერება, სიმღერა შემიძლია და დახვრეტის წინ მამღერეთო.
გერმანელებს არაფერი უეჭვიათ, ქართველს კი ჩემი ძმა გაუპარებია და ასე გადარჩაო.
# წერექართულად
გადარჩები
4. კუნძულ ბალიდან უამრავი სასიამოვნო შთაბეჭდილება გამომყვა. 1ლი დღე კი არასოდეს დამავიწყდება.
შუა დღე გადასული იყო, ნუსადუას სანაპიროზე გასვლა რომ გადავწყვიტე. ყურადღება ფილაქანზე დახაზული ჭადრაკის დაფაზე დიდი ფიგურებით მოთამაშე ახალგაზრდებმა და მათმა მეგობრებმა მიიპყრეს. ბევრნი იყვნენ.
მათკენ იმ იმედით გავემართე, რომ მოგებულს შევხვდებოდი.
ცხვირწინ ჩამოვუდექი და ღიმილი და გამარჯობა გავცვალეთ.
როგორც იქნა, მოთამაშეებმა პარტია დაასრულეს და თამაში შემომთავაზეს. მათმა მეგობარმა, ტანად მაღალმა და ქერათმიანმა მარგარეტმა მეც მინდა თამაშიო და დაგვაწყვილეს.
მკითხა, რა ფერის ფიგურებით ვითამაშებდი. არჩევის საშუალება აქეთ შევთავაზე. ეგრე არ მინდაო და თითიდან სპილენძისფერი მსხვილი ბეჭედი წაიძრო. თუ გამოიცნობ, რომელ ხელშიც დავმალე, თეთრებით დაიწყეო. მარჯვენა ხელზე ჩავურტყი და ეტყობა, ისე მაგრად მომივიდა, რომ ბეჭედი გაუვარდა. ავიღე და ის იყო, უნდა მიმეცა, რომ რგოლის შიგნიდან ნაცნობი ასოები დავლანდე. მარგარეტს გაოცებულმა შევხედე და გამოვკითხე, საიდან ჰქონდა ეს ბეჭედი. ამერიკაში ემიგრირებული დიდი ბებიის მარიამ კელენიძის სახსოვარია და დედამ მე გადმომცაო.
ბეჭედი ახლოს ისევ მივიტანე და კიდევ ერთხელ ამოვიკითხე წვრილი წარწერა "გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ".
# წერექართულად
გახოვდეს, ვისი გორისა ხარ
5. მიდი, არტურ
რაიონში, ფარავნისა და საღამოს ტბებს შორის სოფელი განძა მდებარეობს. იქაურ სომხურ სკოლაში ქართული ენის მასწავლებლად მუშაობა დაიწყო გორიდან 2011 წელს