ერთგული ლამაზები
გამომცემლობა „დიოგენეს“ მიერ დაარსებული ვახუშტი კოტეტიშვილის პრემია წელს მეორედ გაიცემა.
ახლახან გარდაცვლილი ჩვენი საუკეთესო მთარგმნელისათვის პატივის მიგების გარდა ეს პრემია ახალგაზრდა მთარგმნელების წახალისებას, მთარგმნელობითი პროცესების ხელშეწყობასა და, ზოგადად, ლიტერატურული ურთიერთობების გამრავალფეროვნებას ისახავს მიზნად.
თავიდანვე დათქმული იყო პირობა, რომ კონკურსი ახალგზარდა მთარგმნელებს შორის ჩატარებულიყო, რომელთა ასაკი 30-დან 35 წლამდე განისაზღვრა. ასაკობრივი შეზღუდვა განაპირობა რამდენიმე მოტივაციამ: ჯერ ერთი, გვინდოდა, თავისებურად გაგრძელებულიყო ბატონი ვახუშტის მოღვაწეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზი: ახალგაზრდა თაობის აღზრდა და მთარგმნელის პროფესიის ურთულეს ნიუანსებთან მათი ზიარება; და მეორეც, გვსურდა, გამოცდილ მთარგმნელებთან რთული კონკურენციის პირობებში მხარი ახალგაზრდა თაობისათვის დაგვეჭირა, იმ უბრალო მიზეზით, რომ გამოცდილ მთარგმნელს ახალგაზრდა კოლეგამ შეიძლება მეტოქეობა ვერ გაუწიოს და ამას სრულიად ობიექტური საფუძველი ექნება: ლიტერატურული საქმიანობის არათანაბარი სტაჟი, რასაც თარგმანის ხელოვნებაში შეიძლება გადამწყვეტი არა, მაგრამ დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
ამიტომაც ვარჩიეთ, „წონითი კატეგორია“ თავიდანვე განგვესაზღვრა. თუმცა, თუ ამან შარშან გაამართლა, წელს კონკურსს ლამის ჩაშლით დაემუქრა. საქმე ის არის, რომ შარშან გამოუქვეყნებელი, მაგრამ დაგროვებული მასალა, ემჩნევა, უხვად იყო და თავიდანვე უფრო მეტი საკონკურსო განაცხადი შემოვიდა, წელს კი ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე კონკურსში მონაწილეობის სურვილი სულ რამდენიმე ავტორმა გამოთქვა და მხოლოდ ბოლო დღეებში ავიდა მათი რიცხვი 23 მთარგმნელამდე, რაც უკვე საკმარისი იყო იმისათვის რომ წლევანდელი პრემიაც სრულფასოვნად, მკაცრი შერჩევის საფუძველზე ჩაგვეტარებინა.
თუმცა სამომავლოდ შეიძლება ვიფიქროთ ასაკობრივი შეზღუდვის მოხსნაზე, რაკიღა საქართველოში, სამწუხაროდ, იმდენი ახალგაზდა მთარგმნელი არ არის, რომ მათი შემოქმედება ყოველწლიურად მაღალი ხარისხის ლიტერატურული კონკურსის მასშტაბებს გადასწვდეს, ამოტომ მომავალ წელს შეიძლება ვახუშტი კოტეტიშვილის პრემია საერთოდ, ყველა ასაკის პოეზიის მთაგმნელებისათვის გამოცხადდეს.
უკვე წლევანდელ სიახლეებს რაც შეეხება, შარშანდელისაგან განსხვავებით, როცა სამი თანაბარი პრემია გაიცა, წელს პრემიათა რანგირება მოხდა და პირველი, მეორე და მესამე პრემია დავაწესეთ.
გარდა ამისა, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩომ, სპარსული კლასიკური პოეზიის თარგმანში, ბატონი ვახუშტის ღვაწლის გათვალისწინებით, ჩვენი პრემიის ფარგლებში დააარსა კიდევ ერთი ნომინაცია სპარსულიდან საუკეთესო ლექსითი თარგმანისათვის. წელს სპარსული პოეზიის მხოლოდ ერთი თარგმანი გვქონდა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ირანის საელჩოს კულტურის განყოფილების ინიციატივა სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ მთარგმნელს განაწყობს სამუშაოდ და კონკურენციაც ამ რვაასლარიანი ჯილდოს მისაღებად უფრო გაიზრდება.
ასევე ვიმედოვნებთ, რომ ირანელ კოლეგებს სხვა უცხოური საელჩოებიც მიბაძავენ და გაისად, ვთქვათ, გერმანული, ფრანგული ან იტალიური ნომინაციებიც გვექნება.
წელს ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: ხათუნა ცხადაძე, გიორგი ეკიზაშვილი, ზვიად რატიანი, ნიკა ჯორჯანელი, ანა ჭაბაშვილი და გიორგი ლობჟანიძე.
ამგვარი ჟიური საშუალებას იძლეოდა, რომ სხვადასხვა ენიდან შესრულებული პოეტური ნიმუშების თარგმანები დედნისათვის შეგვედარებინა და თარგმანზე მხოლოდ ქართული ტექსტის მიხედვით არ გვემსჯელა.
თუმცა წელს იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა თარგმანის სიზუსტის შესაფასებლად, სხვა სპეციალისტები ანდა შუალედურ ენაზე შესრულებული თარგმანები დავიხმარეთ.
პოეზიის თარგმნა ურთულესი საქმეა და კიდევ უფრო რთულია მისი შეფასება. არის ერთი გენდერული თვალსაზრისით საკმაოდ არაკორექტული, მაგრამ მხატვრულად ძალზე შთამბეჭდავი მოსაზრება. კერძოდ ის, რომ თარგმანი ჰგავს ქალს: თუ ლამაზია - მოღალატეა, ხოლო თუ ერთგულია, ლამაზი არ არის.
ჩვენ შევეცადეთ, წელს ამის საპირისპირდ დაგვემტკიცებინა, რომ ყველას და ყველაფერს ერთი მოჭრილი არშინით ვერ შეაფასებ, ყველა ლამაზი მოღალატე არ არის და პირიქით, არც ულამაზობა იძლევა სრული ერთ- გულების გარანტიას. წელს ჩვენ ერთგული ლამაზები ავარჩიეთ და, მე მგონი, ეს გამოგვივიდა...
გიორგი ლობჟანიძე