ვახტანგ V შაჰნავაზის დიპლომატია ელდარ მამისთვალიშვილი
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
1. მიუხედავად იმისა, რომ როსტომ მეფემ ვახტანგი (შემდეგში ვახტანგ V შაჰნავაზი (1658-1675) თავის მემკვიდრედ გამოაცხადა, მაინც მას სიცოცხლეშივე გამოუჩნდნენ ისეთი მოწინააღმდეგენი, რომლებიც თავიანთი პრივილეგიების და პრეტენზიების დასაკმაყოფილებლად მზად იყვნენ ქართლში მეფობის გაუქმებისთვისაც კი დაეჭირათ მხარი. განსაკუთრებით აქტიურობდნენ არაგვის ერისთავი ზაალი და ქსნის ერისთავი ელიზბარი. წარმოიდგინეთ, მეფეს, დასახელებულ ფეოდალებსა და მათ მომხრეებს შორის როგორი შეუთავსებლობა იქმნებოდა, მაშინ, როდესაც მეფის უმთავრესი მიზანი ქვეყნის გაერთიანება იყო.
ამ მიზნის განხორციელებას, თითქოს საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებაც, უწყობდათ ხელს, თუ მხედველობაში Mმივიღებთ, რომ შაჰნავაზს უკვე ემორჩილებოდა თითქმის მთელი კახეთი.
იმერეთში დაწყებულმა ფეოდალურმა აშლილობამ შაჰნავაზს იქაურ საქმეებში შეიარაღებული ჩარევის საშუალება მისცა და მან და ვამიყ დადიანმა იმერეთი შუაზე გაიყვეს (ვახუშტი ბატონიშვილი 1973: 408).
მეფესა და მთავარს შორის კავშირის განმტკიცების მიზნით დადიანმა თავისი ასული ვახტანგის უფროს ვაჟს, არჩილს ცოლად აღუთქვა, მაგრამ ქორწინება არ შედგა (ვახუშტი ბატონიშვილი 1973: 449).
შაჰნავაზმა ამის შემდეგ კავშირი დაამყარა დემეტრე გურიელთან და ზემო იმერეთის თავადებთან, რომლებმაც იგი ქუთაისში მიიწვიეს. მეფე დიდი ჯარით გადავიდა იმერეთში და მნიშვნელოვანი ციხეები დაიპყრო, ქუთაისი და ზუგდიდი დაიკავა და დადიანად დასვა ლევან II დადიანის ძმისწული შამადავლე, რომელიც ცნობილია ლევან III-ის სახელით (1661-1680). ვახტანგს მორჩილება გამოუცხადეს აფხაზეთის და გურიის მთავრებმა. 1661 წელს ვახტანგმა იმერეთის მეფედ გამოაცხადა 14 წლის არჩილი და, ამგვარად, მან თითქმის მთელი საქართველო გააერთიანა (ვახუშტი ბატონიშვილი 1973: 448).
შაჰნავაზის გაძლიერებამ შეაშფოთა როგორც ოსმალეთი, ისე ირანი. როგორც ცნობილია, ამ ორმა მუსლიმანურმა სახელმწიფომ 1555 და 1639 წლების საზავო ხელშეკრულებით საქართველო გაიყვეს გავლენის სფეროებად. აქედან გამომდინარე, ვახტანგის, შაჰის ვასალის ხელისუფლების დასავლეთ საქართველოზე გავრცელებით ფაქტობრივად ირღვეოდა მათ შორის მშვიდობა. ოსმალეთი ამას არ დაუშვებდა. არც შაჰის კარისთვის იყო მისაღები შაჰნავაზის გაძლიერება, მით უმეტეს თუ ამას ოსმალეთთან ურთიერთობის დაძაბვა მოჰყვებოდა. ოსმალეთმა კატეგორიულად მოსთხოვა ირანს, არჩილი იმერეთიდან წაეყვანა, რაც დაკმაყოფილებული იქნა. არჩილი ირანში წაიყვანეს, გაამაჰმადიანეს, შაჰნაზარი ( „ მეფის მოწყალება “ )(1) (Гафуров 1987: 211) დაარქვეს და კახეთის მეფობა უბოძეს (ვახუშტი ბატონიშვილი 1973: 451).
-------------------------------
1 შაჰნაზარის და გამუსლიმანებული ქართველი მეფეების ზოგიერთი სხვა სახელის განმარტება მომაწოდა და წყაროებზეც მიმითითა თურქოლოგმა პროფესორმა მარინე შონიამ, რისთვისაც მადლობას ვუხდი.
-------------------------------
ვახტანგსა და არჩილს რუსეთიდან მობრუნებული თეიმურაზ I-ის შვილიშვილის, დავითის ძის, ერეკლეს (შემდეგში ერეკლე I) მოგერიებაც მოუხდათ 1662-1664 და 1674 წლებში.
ვახუშტის მიხედვით, ახალციხის ფაშამ ვახტანგ V-ის ძე ლუარსაბი ახალციხეში წაიყვანა იმ პირობით, რომ იმერეთის ტახტს დააპყრობინებდა. ძმის კვალს დაადგა არჩილიც. მეფემ არჩილს კათალიკოსი დაადევნა, „ რათა მოიქცეს და აცადოს დღე სიკვდილისა მეფესა და შემდგომად რა იგი ენებოს ჰყოს. გარნა არჩილ არღარა ¡ ისმინა, არცა შეიგონა ვედრება მამისა თ ¢ სისა “ (ვახუშტი ბატონიშვილი 1973: 455).
ვახტანგ V-მ იცოდა რა შაჰის განწყობილება ქართლელების მიერ იმერეთის დაპყრობისადმი, და რომ არჩილისა და მისი ძმის მოქმედებას ჩაუთვლიდა ორ მუსლიმურ ქვეყანას შორის კონფლიქტის პროვოცირებად, თვითონვე აცნობა შაჰს თავისი შვილების დაუმორჩილებლობის შესახებ და თავისი უცოდველობის დასამტკიცებლად შესთავაზა, ყაზვნიში ხლებოდა მას. მართლაც, შაჰმა ვახტანგი თავისთან დაიბარა. მეფე გაემგზავრა, მაგრამ სატახტომდე ვერ ჩააღწია, გზაში დასნეულდა და გარდაიცვალა 1675 წელს. დაკრძალეს ყუმში მისი მამობილის, როსტომის გვერდით.
2. XVII ს-ის 60-იანი წლებიდან საქართველოში მოდიან კათოლიკური ორდენის – კაპუცინების პადრეები. რადგან ჩვენში, ზოგადად, კათოლიკური ორდენების წარმომადგენლების მოღვაწეობა, გარკვეული გაგებით, ევროპასთან ურთიერთობად აღიქმებოდა და ეს მართლაც ასე იყო, ამიტომ მოკლედ მაინც უნდა ითქვას კაპუცინების საქმიანობაზე.
მ. თამარაშვილის დახასიათებით: „ კაპუცინებისაგან დიდი არაფერი იყო მოსალოდნელი ისე, როგორათაც მოითხოვდა საქართველოს საჭიროება, რადგან განათლების მხრივ, კაპუცინების ორდენს სხვა ორდენთა შორის უკანასკნელი ადგილი უჭირავს. მიუხედავად ამისა, კაპუცინებს შეეძლოთ საკმაო ნაყოფი გამოეღოთ, უკეთუ საქართველოში მოსული ყველა მისიონერები შესაფერისად მომზადებულ ყოფილიყვნენ თავიანთი მისიონისათვის, სამწუხაროდ, რის ქმნაც კი შეეძლოთ კაპუცინებს, ისიც კი ვერ აღასრულეს სომხების გამო, რომელთაც იმდენჯერ სდევნეს და ყოველი ღონისძიება იხმარეს, მათი შრომა ყოველი მხრით უნაყოფო ექმნათ “ (თამარაშვილი 1902: 559). თუ მ. თამარაშვილი კაპუცინების საქართველში წარუმატებლობის მიზეზად – მართლმადიდებელმა ქართველებმა სარწმუნოება რომ არ შეიცვალეს – თვლის რომ ეს მხოლოდ სომხების მიერ ხელშეშლამ გამოიწვია, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ ასახავს. კაპუცინების