ილია ჭავჭავაძე - აჩრდილი - I (ვუძღვნი ივ. პოლტარაცკის და ილია წინამძღვრიშვილს)
"რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა,
იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა".
რუსთაველი.
აღმობრწყინდა მზე დიდებულადა
და განანათლა ქვეყანა ბნელი,
კავკასის მთების წვერთა მაღალთა
ზედ გადაჰფინა ოქროს ნათელი.
აღმოჩნდნენ მთების ზემოთ მყინვარი,
ცისა და ქვეყნის შუა დაკიდულ,
იგივ ზვიადი, იგივ მძვინვარი,
იგივ დიდებულ და დადუმებულ.
ქვესკნელთ ძალთაგან იგი მთა მედგრად
ცის გასარღვევად აღმოზიდულა,
მაგრამ მის სრბოლა ცაში უეცრად
თითქო განგებით შეყენებულა.
მისი ყინულით ნაკვეთი თავი
მოირთო მზისა ოქროს სხივებით,
ქვეყანას მშიშარს მის ფრთეთა ზვავი
დასცქერის რისხვით და მუქარებით,
თითქო ელისო განკითხვის დღესა,
რომ იგრიალოს, წამოიქუხოს,
ხმელეთს დაეცეს, მერმეთ ქვესკნელსა,
თვითც დაიღუპოს, ისიც დაღუპოს.