მიხეილ ჯავახიშვილი - მიწის ყივილი ექიმმა გამსინჯა და მითხრა:
- ძალიან დაღლილხართ. უნდა დაისვენოთ, გადით პარიზიდან - ან ზღვისკენ გაისეირნეთ, ან პალმებს შეეხიზნეთ. თითიც აღარ გაანძრიოთ: სჭამეთ, სვით, იხეტიალეთ, იბანავეთ და იგორავეთ. თქვენი წამალი მარტო ეს არის. ორევუარ!
პარიზს ვერ მოვწყდებოდი. ვიღაცამ მირჩია ნოჟანი.
საკვირველია: სადაც ზღვა სისხლი დაიღვრება, იმ ალაგს რაღაც იდუმალი ძალა მიეცემა: მისი სახელი მთელ ქვეყანას მოედება და ისტორიაშიც დარჩება. ყველას იზიდავს და იპყრობს იგი, თუნდაც უდაბური, მიუსაფარი და მიუვალი იყოს.
ალბათ ამიტომ ავირჩიე მდინარე მარნა და მის ნაპირზე გაშლილი ნოჟანი.
პატარა ქალაქია. პარიზის გარეუბნიდან ერთი საათის სავალი ძლივს იქნება. თუნდ შარანტონის ჭალებს აჰყევით, გინდ ვერსენის ტყე გადასჭერით - უმალ ამ ქალაქს წააწყდებით.
აღარ დავაყოვნე: ერთი ოთახი - "პტი შამბრ" დავიქირავე და ექიმის დარიგებას გავყევი: დილით-საღამომდე თითსაც აღარ ვანძრევ. ვჭამ, ვბორიალებ, მწვანეზე ვგორაობ და ნახევარ დროს მარნასა და მის ნაპირებზე ვატარებ.
არსად მინახავს ასეთი მდინარე - რონა თუ შეედრება.
ღრმა და განიერ არხს მომაგონებს: დინჯი, მშვიდი, ზანტი და ანკარა. მუდამ სთვლემს, იზმორება, ილოღნება. ზედაპირზე ჩალის ერთ ღერსაც იშვიათად მოსძებნით, ხოლო ფსკერი - მუქი და დახავსილი - ნათლად და მკაფიოდ მოსჩანს, როგორც კენჭი ჭიქის ძირში.
პატარა ქალაქს ბაღიც პატარა აქვს, სამაგიეროდ ჩრდილოვანი, სუფთა და მყუდრო.
ერთხელ, ნასადილევს, სანამ საბანაოდ ჩავიდოდი, ამ ბაღში შევიხედე. ვეება წაბლის ქვეშ გრილი ბინდი ჩაწოლილა. ხის ჩრდილში გრძელი სკამი მოსჩანს. მივედი და დავჯექი.
ქვიშნარ გზაზე ღრმა მოხუცი მოდის - ჩანჩალით და ცანცარით.
უფრო მოეთრევა, ვიდრე მოდის და ერთ ფეხსაც კონკილასავით მოათრევს.
ხელში კოჟრიანი ჯოხი უჭირავს. ძნელი სათქმელია: ჯოხი ჰშველის მომავალს, თუ მოხუცი ჯოხს. ორივენი ძლივს მოფარფატებენ.
პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა. ჩრდილში რომ შემოვიდა, უცბათ შესდგა - გამწყრალი თუ გაოცებული. მთრთოლვარე ხელით თვალები დაიჩრდილა და მომაშტერდა. მე ვზივარ და ვუმზერ.
დიდხანს სდგას და ცახცახებს, თანაც მიბღვერს და ხრინწით ახველებს.
მერე გაბრუნდა და წავიდა, თან განიერ და მოხრილ ბეჭებზე წყრომა მომაჩვენა.
"ალბათ შეჩვეული ალაგი წავართვი. - გავიფიქრე და თავი ვიმართლე: - სკამი გრძელია. მოვიდეს და დაბრძანდეს".
მეორე დღეს იმავ დროს იმავ სკამზე ვზივარ და წიგნს ვკითხულობ. ქვიშის ხრაშუნი მომესმა. ისევ ის მოფარფატებს. ჩრდილში შემოდის და გუშინდელივით მაშტერდება.
- ასსეიე ვუ, მესიე - დაბრძანდით, ბატონო. - მივიპატიჟე და ნაპირისკენ გავიწიე.
მოლასლასდა, კრუსუნით დაეშვა და გაშეშდა.
ჩვენი ყუჩილი ბინდსა და სიგრილეს ეზავება. ღრმა დუმილს იშვიათად არღვევს ჩემი წიგნის ფურცვლა და მოხუცის სუნთქვა. შემდეგ წიგნი გვერდით მოვიდე, პაპიროსი გავაბოლე და რინდში გავეხვიე. ცხელა. მოთენთილი ვარ. ძნელი გასარჩევია, ვზივარ თუ ვდევარ.
სივრცეს გავცქერი და მოჟუტული თვალით ვხედავ: მოხუცის ცანცარა თავი გაშლილი წიგნისაკენ იღუნება. მერე უცბათ დააფრინდა, თითქო მშიერი მოხრაკულს დასწვდაო: წიგნი გაწყალებულ თვალებზე მიიდო და ჩააცივდა. გადაშალა, გადმოფურცლა, სათაურს დააშტერდა და მომიბრუნდა:
- პარდონ, მესიე - ბოდიშს ვიხდი, რა ენაზეა დაბეჭდილი ეს წიგნი?
- ჟორჟიენ, - ვუპასუხე, - ქართულია. გაგიგონიათ ქართული, საქართველო?
შიშით შემომხედა, შეკრთა, თიოქოს ცეცხლს წააწყდაო. წიგნი სწრაფად დაჰკეცა, თითქმის მომიგდო, წამოდგა და ჯაგჯაგით წავიდა, თითქმის გაიქცა. უცბათ მოტრიალდა, თვალები ხელით დაიჩრდილა, შემომხედა და, თითქო უარესად დაშინდაო, ნაბიჯს მოუხშირა, თან ქვიშნარზე კოჟრიანი ჯოხით გრძელი და ტალღოვანი ლარი გაიყოლა.
გამეცინა.
"აზრი რამ თუ აქვს აკვიატებული" - გავიფიქრე და მარნასაკენ გავწიე.
მეორე დღეს ერთ პატარა სახლთან, ხლართიან რკინის კარებთან, ისევ იმ მოხუცს მოვკარი თვალი. მოდრეკილ ბოძივით იდგა და საკუთარ ფეხს დასცქეროდა. დამინახა, მოსხლტა, ეზოში შევარდა, მაღალ ბუჩქებს მიეფარა.
ისევ გამეცინა. ოციოდე წამის შემდეგ ანკარა მდინარეში ვჭყუმპალაობდი. ის მოხუცი და მისი ნაკვიატი კი, რა თქმა უნდა, თავიდან ამოვიგდე და გრილ მდინარეს გავატანე.
**
ერთი კვირა გავიდა. უცნაური მოხუცი ბაღში აღარ მოსჩანს. სამაგიეროდ ორჯერ წავაწყდი ქუჩაში. ერთხელ - თავის სახლის წინ იჯდა და სთვლემდა. რომ დამინახა, წამოდგა და ცალი ხელით რკინის კარებს მოეჭიდა, თითქო გასაქცევად მოემზადაო, თან მოხუჭულ თვალს მადევნებდა და თეთრი ნიჩბის წვერებში შიშნარევ ღიმილს მალავდა.
შორიდანვე გავუღიმე და სალამი მივეცი - უღრმესი და თავაზიანი.
აპენტილი წვერ-ულვაშიდან, თითქო მოთოვლილი ფანჯრიდან, ოქროს კბილებმა გამოიხედეს. დაშინებულმა ბებერმა პასუხი არ მომცა. სამაგიეროდ შეჭირხლული სარკმელი უფრო განივრად გააღო და ოქროს ბზინვა მზის სხივებივით გამომაყოლა.
რომ დავშორდი, შევდექი და მოვიხედე.