ნიკო ლორთქიფანიძე - დადიანის ასული და მათხოვარი (ლეგენდა)
- მთაში მიდიხარ, ზურაბ?
მხედარი მარდათ გადმოხტა ცხენიდან.
- დიახ, ბატონიშვილო! მზისა და თქვენი სხივი კარგ ნადირობას მიქადის.
- რას ჩამომიტან?
- გარდა ჩემი გულისა, რომელიც მუდამ თქვენთან რჩება, რასაც მიბრძანებ... ირმის რქას, ვეფხის ტყავს, გარეული ტახის ეშვებს...
- ყვავილები კი დაგავიწყდა?.. ახლა ჩეგოლას ფერდობები თოვლს აიყრიდა და შემოსილი იქნება ფერადფერადი სურნელოვანი ყვავილებით.
- დაჭკნებიან, სანამ ჩამოვიტანდე... ყვავილების მეტი აქ რა არის?
ყმაწვილმა მიუთითა ბაღჩაზე, რომელსაც მაღალი სარკმლიდან დაყურებდა ქალი.
- ცდა ბედის მონახევრეა, ხერხი კი ღონეს სჯობია...
- მომეცი ბატონიშვილო, ერთი ყვავილი... ნიმუშათ.
- კარგი... ოღონდ ხელთ არ მაქვს... აი, წაიღე ბაშლაყი... ყვავილი ზოგი წითელი უნდა იქნეს, როგორც სარჩული; ზოგი - თეთრი, როგორც საპირე; ზოგი ამ ოქროს სირმასავით ყვითელი და ზოგიც ცისფერი, როგორც ზურმუხტი.
ყმაწვილმა გადმოგდებული ყაბალახი ჰაერში დაიჭირა.
- გმადლობ, რომ მიმიხვდი სურვილს. ყვავილებით დატვირთულს მთელს სოფელს მოვიყვან, მთელს ქედს წამოვიღებ!..
ყმაწვილმა მუხლი მოიდრიკა.
- მოწიწებით გეამბორები ხელზე, ბატონიშვილო!
თავი დაუკრა, ცხენს მოახტა. ქალი დიდხანს გაყურებდა ალაყაფის კარებში მიმალულ ზურაბ ჩიჩუას და მის მხლებლებს. შორს გზაზე ცხენოსნები ხან ჩნდებოდენ მიმქროლავ წერტილებათ, ხან ისევ იმალებოდენ.
***
მოახლის ხმაურობაზე ქალი შემობრუნდა:
- რას აკეთებ, თინა?
- ვარდის წყალი გამოვცვალე თასებში.
- ზანდუკიდან ვერცხლის ყუთი ამომიღე; დარაბები დახურე, მხოლოთ პატარა ჭვრიტიმანი დასტოვე.
მსახურმა ბრძანება აასრულა.
დადიანის ასული იღებდა პატარა კოლოფიდან პატიოსან თვლებს, ჭვრიტიმანში შემოსულ სხივზე დებდა და ფერადების თამაშით ტკბებოდა.
ფირუზის, იაგუნდის, მარგალიტის, ლალისა და ქარვის მარცვლებიდან ხან ჯვარს, ხან ფარდულს დააწყობდა, არ მოეწონებოდა - არევ-დარევდა და ისევ დააწყობდა.
ეს გართობაც ჩქარა მობეზრდა ქალს; გააღო დარაბები, მიწვა ნოხით დაფენილ ტახტზე და ფურცვლა დაუწყო პატარა წიგნაკათ აკინძულს "ვეფხისტყაოსანს".
***
მეკარემ ჭიშკრის საჭვრეტი გააღო და აგდებით მიაძახა გარეთ მდგომს:
- რა გინდა?
- გააღე კარი!
- ჩაიარე, გზა ნახე!
- გააღე! საქმე მაქვს...
- ბატონი ზუგდიდში არის, ქალბატონს ძინავს..
- მე ბატონიშვილი მინდა ვნახო...
- შენთვის ახლა არ მოიცლის...
- გააღე-მეთქი, გეუბნები... რის გეშინია? ხომ მიყურებ, სისუსტით ვთრთი... იარაღი არა მაქვს...
ბატონიშვილი ამ დროს ბაღჩაში იჯდა; მომუშავე ქალების სიმღერით ერთობოდა.
- გაუღე! - დაუძახა ქალმა მეკარეს.
- ნაბრძანები გვაქვს!..
- ჰო, ვიცი... გააღე!
ეზოში შემოვიდა წელში მოხრილი, კოჭლი, ძონძებში გახვეული მათხოვარი. ყავარჯენს ებჯინებოდა. ძლივს მოდიოდა. იგი პირდაპირ მიუახლოვდა ბატონიშვილს.
- მე მოწყალებას ჩემს დღეში არ ვიძლევი.
- არცა გთხოვ, ბატონიშვილო! მე მადლობის სათქმელად მოვედი და ძღვნის მოსართმევათ.
- როგორ, სტუმარი ხარ? - გაეცინა ქალს.
- არა, მე მათხოვარი ვარ. შენ ერთხელ სიკვდილს გადამარჩინე და ადამიანობა დამიბრუნე.
- არაფერი მესმის... შენ უსათუოთ სიცხე გაქვს და ბოდავ.
- გახსოვს, ტეხურის პირი, ბატონიშვილო?
- ?!
- მე კი მახსოვს. ხუთი წელია მას იქით. შენ ცამეტი წლის თუ იქნებოდი. თარეში დაერია მაშინ გაღმა მხარეს. ადიდებული მდინარის პირათ ვიდექი. არ ვიცი, დაფრინავენ ცაში ანგელოზები თუ არა, მაგრამ მე ვნახე, რომ მფარველი ანგელოზი გამოჩნდა უკიდურეს წამს. სიკვდილს მოველოდი. სიცოცხლე კი მინდოდა. გაწამებული იყო იგი ყოველთვის, მაგრამ თანაც ტკბილი... უეცრათ მოფრინდი ცხენით. ცოცხლათ მახსოვს ყოველი წვრილმანი, მიხრა-მოხრა, სიტყვა, მთელი სურათი... ტაიჭი იისფერი იყო; წვრილი ფეხებით ოდნავ ეხებოდა მიწას; სხეული უთრთოდა, - შიშით კი არა, სიფიცხით, ასალათ წითელი, ოქრომკედით ნაკერი ხავერდი ეფინა; თოქალთოთ - ვეფხის ტყავი, რომლის კბილებდაკრეჭილი თავი ქინჩში ედვა ცხენს; კუდი და კლანჭებიანი თათები მუხლებამდი სცემდა. პატარა შავი უნაგირი ედგა. ლაგამი, სამკერდე, საძუე შავი ჰქონდა. ზედ შენ... შენ კი არა, ანგელოზი... ანდა შენ, როგორც ანგელოზი, - ისე იჯექ. თეთრი ყაბალახი ძალზე უკან გადაწეულიყო... შუქს ფენდა. ტანჯვასავით შავი, ვარსკვლავივით მოელვარე თმა. თეთრ მოკლე ნაბადს ქვემოთ მოჩანდა თეთრი გულისპირი და ალვის ხის შტოებივით ნათალი თითები თეთრი ხელისა; მათ გველივით ეხვეოდა აღვირის შავი თასმები. მარჯვენა ხელზე საფუხარი გქონდა გაკეთებული;